აზარტი, ჟინი, განტვირთვა …

October 26, 2010 Leave a comment

თუკი სამომავლოდ ჩემში ბოულერისთვის დამახასიათებელმა აზარტმა გაიღვიძა, ეს იმ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებით, რაც ახლახან გადამხდა. საქმე ისაა, რომ სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” ნაწილობრივად ათვისებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე მომიწია მისვლა, თუმცა, ბოულინგის ცენტრს მოულოდნელად მივაკვლიე. ყოვლად ინფორმირებულ პროფესიონალ მოთამაშეებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემნაირი _ ზომიერად უჟმური, საქმისაგან სეზონურად გადაქანცული და, ერთი სიტყვით, უმრავლესობაში მყოფი ობივატელისთვის, აქაურობა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ოქტომბრიდან ბოულინგური ციებ-ცხელების სეზონი იწყება და თამაშის მოყვარულებს ჩემგან არ ესწავლებათ, რომ უმარტივესი წესების მქონე ეს თავშესაქცევი ერთნაირი დოზით იზიდავს და ახალისებს ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკისა და საზოგადოებრივი ინტერესებისა.

თბილისის მასშტაბით ბოულინგ ცენტრალი ერთ-ერთი მომხიბვლელი ადგილია პოზიტიური ემოციის მისაღებად. დახვეწილი დიზაინით გამორჩეულ  კეთილმოწყობილ სივრცეში ყველა პირობაა შექმნილი რელაქსაციისთვის. მოთამაშეები თავს ზედმიწევნით კომფორტულად გრძნობენ, შესაბამისად, არც თანხის დახარჯვა ენანებათ. სხვათა შორის, ტარიფები არც ისე დიდია _ დილის რვიდან საღამოს რვამდე 1 საათი თამაში 22 ლარი ღირს, ხოლო ღამის საათებში კი 44 ლარი.
ეს აზარტული გასართობი, რომელიც ამავდროულად სპორტულ ჟინს აღვივებს, გადაღლამდე ვარჯიშს სულაც არ მოითხოვს. პირიქით, განტვირთვის უებარი საშუალებაა. მისი ეფექტი ჯადოქრობის ტოლფასია, განსაკუთრებით XXI საუკენეში, როცა საქმიანი ცხოვრების წესმა ასე მიგვაჯაჭვა ოფისებსა თუ ავტომანქანებს. ექიმ-პრაქტიკოსთა მოსაზრებით, ბოულინგის კეგლებზე `ნადირობა~ არა მხოლოდ გვათავისუფლებს ნეგატიური ემოციისა და სტრესისგან, არამედ ებრძვის ჰიპოდინამიას, აუმჯობესებს მხედველობასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავ ზედმეტ კალორიასაც წვავს. რაც მთავარია, თამაშს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ადვილად ახერხებენ და ალბათ ამანაც განაპირობა ბოულინგით გართობისადმი საყოველთაო ლტოლვა.
როგორც მითხრეს, ბოულინგ ცენტრალში სპორტის ამ არაორდინალური სახეობის შემსწავლელი სკოლაც იქნება, პროფესიონალურ დონეზე თამაში ხომ ორმაგი ადრენალინია! თუმცა უყურადღებოდ არც მოყვარულები რჩებიან _ ინსტრუქტორის გარდა ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა გირჩიოთ როგორ გააგოროთ ბურთი უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე რომ, ჩემნაირ დამწყებ “ბოულერებს” ელემენტარულ ჩვევებში გარკვევის შემდგომ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობაც არ უნდა გაუძნელდეთ.
ბოულინგ ცენტრალში ჩინებულად ერთობიან როგორც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე მარტოც. სასიამოვნო დროსტარებისთვის ეს ადგილი მართლაც საუცხოოა. ბოულინგის გარდა, თავის შექცევა ბილიარდით, მათ შორის, უცხოეთში საკმაოდ პოპულარული სნუკერითაც შეიძლება. აქვეა ბარი კოქტეილების ფართო არჩევნითა და მსუბუქი მენიუთი. გასართობად კარაოკეც და მცირე კინოთეატრიცაა. ასეთი მრავალფეროვნება ბოულინგ ცენტრალის მთავარი ხიბლია. ერთგულ კლიენტებს უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელით. მიმდინარე სიახლეებს თვალი http://www.bowling.ge-ზე ადევნეთ. გახსოვდეთ, რომ ბოულინგისთვის აუცილებელია შესაბამისი ატრიბუტიკა. სათამაშო აქსესუარებს, ასევე, სამახსოვრო სუვენირებს ადგილზევე შეიძენთ. გართობის შემდეგ “თბილისი ცენტრალში” წარმატებულ შოპინგსაც გისურვებთ. მოხერხებული ავტოსადგომი და კომფორტი გარანტირებულია.
დანარჩენს შემდგომ ”თავისუფალ დროში” გიამბობთ _ ამ დროისთვის ბოულინგის ლიგის თუ არა, სულ ცოტა, მოყვარულ მედია-ლეგიონერთა წევრი მაინც ვიქნები 🙂


Advertisements

ღამის ცხოვრების მბრძანებლები

October 22, 2010 Leave a comment

მიუხედავად იმისა, რომ მათი კულტურა სათავეებს წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს და უკვე დიდი ისტორია აქვს, დღეს ის ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

თანამედროვე ადამიანის გართობა, მათ გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თავისუფლად შეიძლება, დიჯეი, დღევანდელობის ყველაზე საჭირო პროფესიების ჩამონათვალში წამყვან პოზიციას იკავებდეს და ალბათ, შემთხვევით არც ის მომხდარა, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე ქართული ტელეარხების საინფორმაციო გადაცემების თითქმის მთავარი თემა ის იყო, თუ ვინ რომელ კლუბში უკრავდა.
ამ პროექტის მიზანია მკითხველს კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართველი, პოპულარული დიჯეები. გავიგოთ მეტი მათი პროფესიის, პირადი ცხოვრებისა და გატაცებების შესახებ.
რადგან წარმოუდგენელია ისაუბრო ქართველ დიჯეებზე და არ ისაუბრო გიორგი ბაქანიძეზე, გადავწვიტეთ ეს პროექტი მის ხსოვნას მივუძღვნათ. პირველ სტუმრად კი მისი უახლოესი მეგობარი, თომა ჩალაძე წარმოგიდგინოთ.
თომას ბავშვობაში მუსიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს ჰქონია და მშობლების დაჟინებით, ძალით მოუწია ფორტეპიანოზე სიარული.
2003 წლიდან ის აქტიურად ეწევა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის პროპაგანდას.
კლუბებში დიჯეობა 2004 წლიდან დაიწყო, იმიტომ რომ მისი მეგობრები იყვნენამ საქმით დაკავებულები.  ის თვითნასწავლია.
თავიდან ხშირად უკრავდა კლუბ `ბერლინში” ‘ნიკა ჯაფარიძესთან, ჟორჟიკასთან და გიო ბაქანიძესთან ერთად. არც ელექტრონული მუსიკის ფესტივალები გამოუტოვებია.
დიჯეობის გარდა ეწევა საპროდუსერო და საორგანიზაციო საქმიანობას.
ის `ცუმბო ჯგუფის” (ხელოვნების კავშირი) ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრია.
ამ ზაფხულს “ლისი ლაუნჯში” აწყობდა ივენთებს.
დიჯეობის დროს არ არის ლიმიტირებული მინიმალ/ტექნო/ჰაუსში – უყვარს ჟანრების კომბინირება და ექსპერიმენტები.
თომა ჩალაძის სტატიები მუსიკალური სიახლეების შესახებ გამოქვეყნებულია  ჟურნალებში `ფოკუსი” და `ანაბეჭდი” .
თომას საყვარელი ტრეკები :

Aril Brikha – Berghain

იშვიათად უშვებს, მაგრამ როცა ეს ხდება, ყველას უხარია. დამაჯერებელი და ბუზისებრი ბეისლაინი… მშვიდი ქიქით. ყველაფერი ეს სანამ მთავარი შემოვა…

DJ Koze – Mrs Bojangels

ჯადოსნური ჰაუს ტრეკი, ჰალუცინაციის ეფექტით, რომელსაც ტექნოს მოყვარულები ითავისებენ ხოლმე, თომას აზრით, ყველაზე კარგად გარიჟრაჟს უხდება.

W.B.* – Hide You Im Schrankwand Gewand

ცოტა სევდიანი, ნაზი ვოკალითა და ფორტეპიანოს თანხლებით შექმნილი ჰაეროვანი ატმოსფერო. მისი მოსმენისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, იფიქრებ, რომ მსგავს უნიკალურს, ვეღარასდროს მოისმენ.

Ricardo Villalobos – Waiworiano

No comment

Los Hermanos –  Birth of 3000

ეს ემოციურ მელოდია ჰიმნს ჰგავს. ტრეკი რაღაცით დასასრულს უფრო ჩამოგავს, ვიდრე დასაწყისს, არადა სათაური საპირისპიროს გვეუბნება. ერთი სიტყვით, დიახ – ის მშვენიერია.


Kiki – Trust Me

რთულია ის ემოცია გადმოცე, რისი განცდაც მის კარგ ხმაზე, სწორ დროს გაჟღერებისას შეიძლება დაგეუფლოს.

Carl Craig – Sandstorms

საუკეთესო საუნდტრეკი იქნებოდა. აქ არის მეორედ მოსვლა., ომი, კატასტროფები და ამ ყველაფრის შედეგები.

ბექა მოლაშვილი

პ.ს. სპეცპროექტი ეძღვნება გიორგი ბაქანიძის ხსოვნას

 

 

 

 

 

ახალი სეზონი, ახალი ტენდენციები

October 20, 2010 Leave a comment

ახალ სეზონზე ახალი თავსატეხი, თავისმოწონების ერთგვარი ჟესტი, თუ ქალური გამოწვევა, – რა ჩავიცვა, რა არის მოდაში? ტენდენციები სწრაფად იცვლება, ტერმინი ”მოდა” კი ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის მომხიბვლელობასა და თანამედროვე სტილთან ასოცირდება. როგორია 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია საქართველოში, ამის გასარკვევად ატელიე 10ა-ს მივმართეთ. დიზაინერებმა თეონა თავართქილაძემ და იკა ბობოხიძემ ახალი სეზონი  გასულ მოდის კვირეულზე წარადგინეს და ახლა უკვე ახალი fashion week-თვის ემზადებიან.

თეონა: fashion week-თვის მზადება უკვე დავიწყეთ, შევარჩიეთ ფერები, ქსოვილები და ფაქტურები, თუმცა ჯერ შეკერილი ნიმუშები არ გვაქვს. ამჟამად კონცეფციაზე ვმუშაობთ, საერთოდ მეტ დროს ფიქრს ვანდომებთ, საქმე კი ერთი ამოსუნთქვით კეთდება ხოლმე. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ კოლექცია იქნება ძალიან ჭრელი, თუმცა სიჭრელე თვალში საცემი არ არის, მკვეთრი ფერი, რომელიც მთელ ჩვენს ჩვენებას ხაზად გაჰყვება, იქნება ერთი.

გასულ ჩვენებაზე თქვენი მოდელები ავანგარდული ვარცხნილობით გამოირჩეოდნენ, (მაღლა აწეული და აჩეჩილი თმა) ახლა როგორ სტილს მიანიჭებთ უპირატესობას?

იკა: ამ შეკითხვას სულ ბოლო ეტაპზე ვუსვამთ ხოლმე საკუთარ თავს.. თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი აქსესუარები, – ეს ის დეტალებია, რითაც სეზონის ხაზს ვკრავთ ხოლმე. ყოველთვის სპონტანურად ვმუშაობთ, არასდროს ვიცით წინასწარ, თუ რა და როგორ გამოვა, ამიტომაც არის, რომ როგორც წესი კოლექციას სახელს არ ვარქმევთ. თბილისში ჩვენებას განსაკუთრებულად უდგებიან, თბილისელებს მხოლოდ დეფილეს ყურება არ აკმაყოფილებთ, აქ სანახაობითობასაც ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ის სათქმელი, რომელსაც ტანსაცმლით გადმოვცემთ, შოუს ელემენტებითაც გავაფორმოთ.

ვინ წარადგენს თქვენს სამოსს?

თეონა: აუცილებლად მოვაწყობთ “ქასთინგს”, სადაც შევარჩევთ გოგონებს. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი, ასევე დამწყები მოდელები. შერჩევა იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ კოსტიუმს როგორი ქალი მოუხდება.იკა: წინა ჩვენებაზე შევეცადეთ და მგონი, პირველად გამოგვივიდა, რომ დეფილე შედგა და მერე არავინ საუბრობდა გოგონებზე. ანუ, მოდელები, უხეშად რომ ვთქვათ, ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას იმდენად კარგად ასრულებდნენ, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება კოსტიუმებზე გადავიდა.

ქართული მოდის კვირეულის ირგვლივ გაჩენილი დადებითი ემოციები დღემდე მოგვყვება. მაინტერესებს, თქვენთვის რა შედეგი გამოიღო fashion week-მა?

თეონა: პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საზრუნავი მოგვაკლდა. როცა ჩვენით ვაკეთებდით ჩვენებას, გარდა ტანსაცმლისა, გვიწევდა ფიქრი, თუ სად ჩაგვეტარებინა, როგორ მოგვეწყო, ვზრუნავდით აპარატურაზე, განათებაზე. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. გარდა ამისა, თბილისი მსოფლიო მოდის რიტმს აყვა, თუდაც ის, რომ სექტემბერში მზად გვაქვს მთელი ზამთრის კოლექცია, ნოემბერში კი უკვე ზაფხულისას წარვადგენთ., ადრე არასდროს ხდებოდა.

საინტერესოა, მსოფლიო მოდის კონტექსტში როგორ გამოიყურება ქართული მოდა?

იკა: უნდა აღინოშნოს, რომ ქართულ მოდას ძალიან კრეატიულს უწოდებენ. იმის ილუზია, რომ ევროპელი აქედან ტანსაცმელს წაიღებს, არავის აქვს, თუმცა მათი შეფასება და კომენტარები აცულებლად მოახდენს გავლენას საქართველოში ამ სფეროს განვითარებაზე. ზოგადად, განვითარებადი ქვეყანა ვართ, ქართული მოდა კი ახლა იხვეწება. ჩვენთან ერთი სეზონით ადრე არავინ ყიდულობს ტანსაცმელს, ამიტომ კომერციულად არამომგებიანია, შემოდგომაზე ზაფხულის კოლექცია აჩვენო, გაზაფხულზე კი ზამთრის.. თუმცა მზად ვართ, გავყვეთ მსოფლიო მოდი პრინციპებს, რათა ჩავჯდეთ მათ სტანდარტებში. პროცესი დაწყებულია, რაც შემდგომში გაყიდვების სტიმულირებაზეც თავისთავად აისახება.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რას სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

თეონა: მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზეა საუბარი, უპირატესობას ღია ფერებს ვანიჭებთ, მინიმალური სიჭრელით გამოყენებული გვაქვს ცისფრისა და მწვანის გრადაცია, წარმოდგენილი გვაქვს კომბინირებული სამოსი. სიგრძე მუხლს ზემოთ არის, წელი თავის ადგილას. აქცენტს ტყავისა და ზამშისგან შეკერილ აქსესუარებზე ვაკეთებთ. ვერცხლის მეტალი გამოყენებულია ქამრებსა და ჩანთებზე, რომელზეც ჩვენი სახელოსნოს სახელი ამოვტვიფრეთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, გთავაზობთ მაღალქუსლიან შუზებს თასმებზე. ამ სეზონზე შემოგვაქვს ე.წ. “მეგობარი კაცის ტანსაცმელი”, მოიაზრება ქალის პალტოები, რომელიც ერთი შეხედვით მამაკაცისას ჰგავს. მეორენაირად ამას  ოთხკუთხედ სამოსს ვუწოდებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლექციას აკლია სინაზე, ან ქალურობა.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ეცვას ქართველ მანდილოსანს, გარშემომყოფების ყურადღება რომ მიიპყროს?

იკა: ინდივიდუალურად…… სირთულე და არაბუნებრიობა არ უნდა ეტყობოდეს, ტანისამოსი ტანთან ახლოს უნდა იყოს. ტენდენცია იმდენია სეზონზე, რომ ქალმა შეუძლებელია მასში თავისი ვერ იპოვოს. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ სტილს ძალიან არასდროს უნდა გადავუხვიოთ და იმაზე ფიქრს, რა ჩავიცვათ დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, ეს თავისთავად უნდა ხდებოდეს.

საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად გემოვნებიანი ხალხი ვართ ქართველები?

თეონა: გემოვნებიანები ვართ, ეს ქართველ ერს შთამომავლობით მოგვსდევს. იკა: მე ვფიქრობ, რომ თბილისში კრეატიულად აცვიათ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მასაზე და კონკრეტულად რომელიმე სოციალურ ფენაზე. იყო დრო, როცა უმრავლესობა შავბნელ ტანისამოსს ანიჭებდა უპირატესობას, დღეს ასე აღარ ხდება, ქუჩაშიც, ყოველდღიურ სამოსშიც კი თითქმის ყველა ფერადი და განსხვავებულია. თუმცა ხშირად ქართველებს გადამეტების მომენტიც გვაქვს ხოლმე, – ძალიან გრძელი აბრეშუმის კაბა და ა.შ.

ამბობენ,  ორი ქალი ერთ სამზარეულოში არ უნდა ტრიალებდესო,  ორი ქალი ერთ ატელიეში…?

თეონა: ბავშვობის მეგობრები ვართ. ალბათ იმის გამო რომ ერთად გავიზარდეთ, გემოვნებაც და შინაგანი კულტურაც ერთნაირი ჩამოგვიყალიბდა.  ამიტომ არის, რომ ერთად მუშაობა სიამოვნებას გვანიჭებს. რა თქმა უნდა, ხანდახან ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს სისწორის მიღწევაში გვეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, სახელოსნოს კი ორივე ვჭირდებით.

თინათინ სამყურაშვილი

უცნობი დუტა

October 19, 2010 Leave a comment

დუტა სხირტლაძეზე ვილაპარაკოთ…

ერთხელ მიყვებოდი – შენი წინაპრები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, სასულიერო პირები. მიამბე მათზე.

-ბებიის მხრიდან თითქმის ყველა ან მღვდელი იყო ან – დიაკვანი. მამამისი კი ომშიც იბრძოდა, თავი ისე გამოიჩინა გეორგიევსკის ორი ორდენი და წმიდა გიორგის ჯვარი მიიღო. ხმალს, რომელიც მას დარჩა, 14 ნაჭდევი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ომში ამ ხმლით თოთხმეტი ადამიანი განგმირა. ის ახლა ჩემს დეიდაშვილთან ინახება.

როგორ ფიქრობ, რა გამოგყვა მათგან გენეტიკურად?

-ხმალი ვიცი კარგად (იცინის). მის ტრიალს ქართულად ხმლის მღერება ჰქვია, კიდევ ის გამომყვა მათგან, რომ მომთმენი ვარ და გამძლე.

ვინ იქნებოდი, სხვა, სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში რომ გეცხოვრა?

-ისევ ის ვიქნებოდი რაც ახლა ვარ – მსახიობი და ტელეწამყვანი. _

გაინტერესებს მოგზაურობა, უცხო ქვეყნები?

-ძალიან. განსაკუთრებით – ინდოეთი, ტიბეტი… საინტერესოდ მეჩვენება მათი ფილოსოფია და გამძლეობის უნარი. ამაზე მეტს არ ვილაპარაკებ, თორემ დამთრგუნავს.

სხვა თემაზე გადავიდეთ – როგორი ხარ შინ – როცა დაღლილი ბრუნდები სახლში, შეგიძლია მთელი საღამო ჩუმად იყო?

-ძირითადად, ასეა. გარეთ ცოტა სხვაგვარადაა, ჩემი პროფესია, საზოგადოება, მოითხოვს კომუნიკაციას, თუმცა ეს მიყვარს. _ შენი ოჯახი მიჩვეულია ასეთ სიტუაციებს?მიჩვეულია. საერთოდ, მიყვარს ჩუმად ყოფნა, მით უმეტეს, თუ დაღლილი ვარ.

წიგნებს კითხულობ ხოლმე ამ დროს?

-შენ წარმოიდგინე, კი. განსაკუთრებით ეს წიგნი მიყვარს “ოცეოლა –სემინოლების ბელადი” (და მსახიობი გოიკო მიტიჩი). ძირითადად, პიესებს ვკითხულობ.

ამ დროს თუ წარმოიდგენ, როგორ ითამაშებდი ამა თუ იმ როლს?

-რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია.

მიამბე შენს მეუღლეზე – როგორც შენ გინდა ისე. ოღონდ მიამბე.

-არ გვინდა ამაზე საუბარი, მხოლოდ ჩემზე ვილაპარაკოთ, ეს ჩემია, პირადია.

მაშინ, მითხარი როგორი მამა ხარ , მკაცრი თუ ლოიალური? რა საკითხებში ხარ პრინციპული?

-გადასარევი მამა ვარ, თუმცა საკმაოდ მკაცრი იმაში, რაშიც შეცდომებს დავინახავ, უყურადღებობას ვებრძვი. ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყო იმის მიმართ სად ხარ, რა გარემოში, რა ხდება შენს გარშემო. რუუსლად კარგად ჟღერს – “ვსიო სხვაჩინა”. ეს საჭიროა ცხოვრებაში. ამისთვის სპეციალური მარტივი სავარჯიშოებიც არსებობს.

რას გეძახიან შვილები – დუტას თუ მამას?

-მამას

რას გიყვებიან, როგორია მათთვის პოპულარული მამის შვილობა, დაუმალავთ ოდესმე რომ დუტას შვილები არიან?

-არ ვიცი, არ გვილაპარაკია ამ თემაზე, თუმცა ამაყობენ ჩემით. ის მომენტი ჯერ არ დამდგარა, რომ დამალონ ვისი შვილები არიან.

შენი გოგონა აპირებს მსახიობი გახდეს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

-არა, არ მაქვს პრობლემა. კომუნისტების დრო ხომ არ არის – შვილო, მაინცდამაინც საინჟინროზე ჩააბარეო, ვუთხრა. მსახიობობა რთულია, მაგრამ ამიტომ არის კარგი, აბა იოლი გზა ხომ არ უნდა აირჩიონ ცხოვრებაში?

გაიხსენე ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელმაც გაგაოცა იმით, რომ ვიღაცებმა ვერ გიცნეს

-ვერ მცნობენ უცხოეთიდან ჩამოსულები, ტელევიზორს ვინც არ უყურებს. სხვები – კი, ჯერ არ მომხდარა ვინმეს არ ვეცნე. ამას მიჩვეული ვარ. მეუბნებიან – გამარჯობას ინსტინქტურად გეუბნებითო. მეც ვესალმები, თუმცა ადამიანი რამდენჯერმე თუ არ ვნახე – გასაკვირი არ უნდა იყოს, სახეზე ვერ ვიმახსოვრებ.

რაში დაგხმარებია პოპულარობა ყველაზე მეტად?

-საქართველოში პოპულარობა ყველაფერში გეხმარება. ვერ ვიხსენებ განსაკუთრებულ შემთხვევას. საინტერესო ამბები ყოველი ეფხის ნაბიჯზე ხდება, ეს თემა სულ მუშაობს.

ხშირად ყოფილა, რომ არ გქონია სცენაზე თუ ეკრანზე გამოსვლის სურვილი, გარეგნულად მაინც მიგიღია საჭირო განწყობა და ისე გამოსულხარ?

-უმეტესწილად ესეა, ეს პროფესიის ნაწილია და ახალს არაფერს ვამბობ. მსახიობისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც სხვები დადიან თავიანთ სამსახურებში – იქნებ ვიღაცას არ აქვს განწყობა მეტალურგიულ ქარხანაში წავიდეს და ფოლადი გამოადნოს, მაგრამ მიდის და აკეთებს. მსახიობობა მარტო ხელოვნება კი არა, ხელობაა.

რა საზღვარი გადის მათ შორის?

-პრემიერამდე _ შემოქმედებითი პროცესია, მერე – ხელობა. ყველაზე მეტად სამი ეტაპი მიყვარს – მუშაობის პროცესი, შედეგი და შეფასება – მაყურებლის ტაში.

ეკრანს მიღმა უფრო ადვილია ყოფნა თუ სცენაზე?

-ამაზე მოკლედ ვერ ვილაპარაკებ. თეატრში მეოთხე არსებობს – უხილავი კედელია აღმართული მაყურებელსა და მსახიობებს შორის, ტელევიზიაში კი, ყველა კამერა მაყურებელია, რადიკალურად განსხვავდება, სხვა ტექნოლოგიაა, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ორივე მიყვარს. დურგლობა უფრო საინტერესოა თუ ფერწერა?! ორივე მიყვარს და რა ვქნა._ ალბათ არის რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

ზოგადად, ცხოვრებაში. რა არის ეს?

-ასეთი არაფერი მახსენდება, უფრო გლობალური პრობლემები მაწუხებს, ის, რომ დედამიწა სხვადასხვა კატასტროფის წინაშე დგას, ხალხი მშიერია, სადღაც ომია… ჩემი პრობლემები ჩემი საქმეა და ვცდილობ მოვაგვარო ან საერთოდ არ შევქმნა. ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია მონდომება. ცხოვრების უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

ძალიან საინტერესო იყო შენი თამაში ”დაამარცხე ვარსკვლავში”. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყავი გამარჯვებაში. როგორი იყო შენი შეგრძნებები, ნერვიულობდი?

-დარწმუნებული ვიყავი აბსოლუტურად. ვიცოდი, ეს თამაში ჩემთვის რთული არ იქნებოდა. შოუ გავაკეთეთ, სანახაობრივად მგონი კარგი გამოვიდა. არც ვნერვიულობდი, მხოლდო აზარტში შევედი.

მანქანა სადაა?

მანქანა დადის (იღიმება)

და ბოლოს, რიტორიკული შეკითხვაა და მაინც – რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

-არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი _ მოთმინება, მიზანდასახულობა, სწრაფვა, და კიდევ რაღაც _ ძნელია ამის მოკლედ ახსნა _ დაკვირვება და შრომისმოყვარეობა.

თამარ თუთისანი

ჯაზი თავისუფლებაა

September 15, 2010 Leave a comment

გიორგი მიქაძეს დღეს ყველა იცნობს… ახალგაზრდა მუსიკოსი მეორე ქართველია, რომელიც ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ისწავლის. სასურველი სასწავლებელი ახდენილ ოცნებად ნახევარ საათიანმა გამოცდამ აქცია. 15 წუთი საკუთარი თავის წარსადგენად, 15-იც გასაუბრებისთვის, – ნოდარ გაბუნიას ”იმპროვიზაცია და ტოკატას” გიორგისეულმა შესრულებამ გამომცდელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა…

გიორგი: ერთხელ მითხრეს, ბერკლი არის ის კოლეჯი, სადაც ყველაზე მაგრები სწავლობენო, ამიტომ იქ შეღწევა ძალიან რთულად მეჩვენებოდა. გამოცდაზე არ მინერვიულია. ვიცოდი ერთი, – მე, როგორც ქართველს კარგად უნდა წარმედგინა თავი და ქვეყანა. შევედი და ვთქვი, მე ნოდარ გაბუნიას კომპოზიციას შევასრულებ-მეთქი, ვისაუბრე მასზე. როცა დაკვრა დავამთავრე,  დარბაზი გაჩუმდა. ძალიან კარგი ქულები გიწერიაო, მითხრეს.. ორ კვირაში  პასუხი მოვიდა. ბერკლში 4წლიანი სასწავლო პროგრამა 100%-იან დაფინანსებით მივიღე.

შენი პირველი ნაბიჯები მუსიკაში….

წლინახევრის ვიყავი, როცა ჩემები მიხვდნენ, რომ მუსიკისადმი მქონდა ლტოლვა, ამიტომ როგორც კი ცოტა  წამოვიზარდე მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს. დედაჩემი მომღერალია.  ღმერთი გაძლევს კარგ ქვას და შენზეა დამოკიდებული ალმასად აქცევ თუ არა. მე ვგრძნობ, რომ ძალიან დიდი ქვა მადევს ზურგზე, მისი ტარება არც ისე ადვილია.  საერთოდ ყველაფერი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ნიჭი და სიზარმაცე ერთად უნიჭობას ქმნის… მე ვთვლი, ნიჭიერია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ნიჭის რეალიზების უნარი აქვს.

ათწლედის შემდეგ იყო კონსერვატორია, სადაც ჯაზ ტრიო შექმენი…

კონსერვატორიაში ჩაბარების პერიოდში უკვე შემოქმედებით წვას განვიცდიდი, სიახლე მჭირდებოდა და მაწუხებდა, რომ ჯაზის ფაკულტეტი აქ არ არსებობდა. მე კი ამ მიმართულებით განვითარება მჭირდებოდა. განსხვავებულის კეთების სურვილმა  ჯაზ ტრიოს შექმნისკენ მიბიძგა.

როდის და რატომ დაინტერესდი ჯაზით?

კლასიკის გარდა კომპოზიციაზე ნუნუ დუღაშვილთან დავდიოდი. პირველად სწორედ მან მომასმენინა ოსკარ პიტერსონის კასეტა. სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში ვიქნებოდი… ამ პერიოდისთვის უკვე ყველაფერს ვუკრავდი, ვუსმენდი და შემდეგ ჩემეულ ინტერპრეტაციას ვუკეთებდი, იმპროვიზაციის უნარი მქონდა… სულ რაღაცის შეცვლას ვცდილობდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო. პიტერსონს რომ მოვუსმინე, მივხვდი, – ეს გამოწვევა იყო სწრაფი თითებითა და სწრაფი პეიზაჟებით. გამიჩნდა სურვილი, გამემეორებინა ის, რასაც ჯერ მხოლოდ ვუსმენდი, ვერ ვიტყვი რომ ადვილი იყო, ჯაზი სისწრაფეა, რომელსაც ყურის მიჩვევა სჭირდება…ის ნელ-ნელა შემოვიდა ჩემში და ბოლოს ჩემი მუსიკა გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯაზში თვითნასწავლი ვარ.

რა არის შენთვის ჯაზი?

ერთხელ  ლუი ამსტრონგს ჰკითხეს, თუ რა არის ჯაზი და ვერ ახსნა… ვერავინ გეტყვით, იმიტომ რომ არავინ იცის…  ერთადერთი ამის თქმა შემიძლია, – ისეთი მგრძნობელობა აქვს, რომ კარ ხასიათზე გაყენებს, უსმენ და გულს უხარია. ჯაზი თავისუფლების გამოხატულებაა, ჩემი აზრებისა და ემოციების ბგერებით გამოხატვის საშუალება. ეს კლასიკურ მუსიკას ნაკლებად ახასიათებს. კომპოზიციის შესრულებისას ჩარჩოებში ხარ მოქცეული, გიწერია ნოტები… მართალია შეგიძლია, ესა თუ ის ნაწარმოები შენეული ინტერპრეტაციით შეასრულო, მაგრამ იდეა არ იცვლება.. ცოტა გრჩება გასაკეთებელი…

როცა კონცერტზე გამოდიხარ, ვისთვის უკრავ?

კარგ შეკითხვას მისვამ და იცი რატომ, – მე ამაზე სხვადასხვაგვარი პასუხის გაცემა შემიძლია. ადამიანი ყოველთვის ერთ ხასიათზე ვერ იქნება, შესაბამისად ერთნაირად დაკვრაც შეუძლებელია… მუსიკოსს სცენაზე მედიატორის როლი აკისრია… მე  შუაში ვარ, ერთ მხარეს  მუსიკაა, მეორე მხარეს – აუდიტორია. შენ ერთი ანთებ ცეცხლს და ამ ცეცხლით მთელი პუბლიკისთვის სიამოვნების მინიჭებას ცდილობ… როცა ჭეშმარიტად გრძობ და ამის გადმოცემა გსურს, არ არსებობს, ეს მსმენელმა ვერ იგრძნოს. მე ვუკრავ ხალხისთვის, მუსიკისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის, რადგან ეს ის კაიფია, რომელსაც ვერცერთი ნარკოტიკი ვერ მოგცემს.

გარდა შემოქმედებითი ნიჭისა, რა თვისება უნდა ჰქონდეს მუსიკოსს?

რასაც მუსიკოსში ვაფასებ, ეს თავმდაბლობაა… ნამდვილი შემოქმედი არ ჰგავს სიმინდს, რომელიც მაღალია, მაგრამ ტარო არ აქვს. ჰერბინ ჰენკოკი წერს, სცენაზე მე პირველ რიგში ვარ ადამიანი და მერე მუსიკოსი… თუ კარგი ადამიანი არ ხარ, მსმენელს ვერ მონუსხავ. ჯაზ ფესტივალზე მაიკლ სტერნი გავიცანი, ეს გენიოსი იმდენად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომ გავოცდი… საერთოდ ჯაზფესტივალზე დაკვრაჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავიცანი მსოფლიო დონის მუსიკოსები, მათთან ერთად დავუკარი, ვისაც მთელიცხოვრება ვუსმენდი…საერთოდ რომ შევხვდი და ვესაუბრე, ესეც დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის.

მუსიკა გაპიროვნებულია შენთვის?

ადამიანებს როცა ვხედავ და ვესაუბრები, მე ვგრძნობ მათ. ჩემები მეუბნებიან აუტანელი და გიჟი ხარო, – დავუჯერო? 🙂 ერთი ვიცი, ხელოვანს გვერდით ისეთი მეორე ნახევარი სჭირდება, ვინც გაუგებს, მის სიგიჟეებს გაიზიარებს, იდეების განხორციელებაში დაეხმარება.

გია ყანჩელის აღმოჩენა ხარ… როგორ მოხვდი რუსთაველის თეატრში?

სავაჭრო ცენტ ჯი-თი-სი-ში მე და ჩემს ჯაზ ტრიოს კონცერტი გვქონდა. გია ყანჩელს ჩვენი აფიშა უნახავს და მოვიდა.კონცერტის დასრულების შემდეგ მოვიდა და მითხრა, რომ რობიკო სტურუასთან ერთად ახალ სპეკტაკლზე მუშაობდა.”ბიდერმანი და ცეცლხის წამკიდებელი” იმით იქნებოდა განსაკუთრებული, რომ სცენაზე ჯაზ ტრიო დაუკრავდა. მოვხვდი თეატრში, სადაც ფაქტობრივად, ”მასწავლებლის” ამპლუაში აღმოვჩნდი. გიას დაწერილ მუსიკას ვმეცადინეოდი და მერე მსახიობებს ვასწავლიდი, შემდეგ მოდიოდა თავად და ჩვენს ნამუშევრებს ვაბარებდით. სამწუხაროდ, ამ პერიოდს  ჩემი ამერიკაში მიწვევა დაემთხვა.  ტეხასში კლასიკური მუსიკის საზაფხულო ინსტიტუტში მსოფლიოდან 4 კაცში მოვხვდი,ეს იყო შანსი, რომელსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი…  მართალია, სპეკტაკლის პრემიერაზე ცოცხალი შესრულება არ გამოვიდა, მაგრამ ჩემი მეგობრობა რუსთაველის თეატრთან ამით არ დასრულებულა… დაბრუნებულმა რობერტ სტურუას მოსწავლისგან ლევან ხვიჩიასგან მივიღე შემოთავაზება, სპეკტაკლისთვის ”აფსენტი” მუსიკა უნდა დამეწერა… სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას.

რობიკო სტურუა შენზე წერს: ”თეატრს ძალიან შეუყვარდა ეს ნიჭიერი და ახალგაზრდა კაცი”… შენ რისი თქმა შეგიძლია?

ბატონმა რობიკომ როცა მითხრა, რომ მე რუსთაველის თეატრის ოჯახის წევრი ვარ, ძალიან ბედნიერი ვიყავი… თეატრი ჩემი მეორე სახლი გახდა.. ხშირად მარტოც კი მივსულვარ, ჩამქრალ სცენაზე სიძველისთვის დამიგდია ყური.

სჭირდება თუ არა განწყობა მუსიკის შექმნას?

როცა ადამიანი შემოქმედებითს ქმნის, აუცილებლად რაღაც აწუხებს, ან ვიღაც უყვარს, ან ვინმეზე გაბრაზებულია. მუზა ჩემთვის ყველაფერია. როდესაც თეატრისთვის თემა შევქმენი, მაშინ ერთი ადამიანით ვიყავი დაინტერესებული.. შეკვეთით შეიძლება გავაკეთო, მაგრამ შეკვეთილი მუსიკა გულიდან არ მოდის ხოლმე… და როცა ნაწარმოებს გულწრფელობა აკლია, ძნელიაა მისი ემოციებით გადმოცემა. რეაქციების გარეშე წერა კომპოზიტორებს გამომუშავებული აქვთ,  მე  კი ჯერჯერობით კომპოზიტორი არ ვარ.

ვინ არის შენი მუზა?

ჩემს ირგვლის უამრავი ადამიანი ტრიალებს… სხვადასხვა მუსიკა შეიძლება სხვადასხვა პიროვნებისთვის იყოს განკუთვნილი… არ ვიცი, რა დროს რა მოხდება… მე ისიც კი არ მინდა ვიცოდე, ვინ ვიქნები მომავალში. ერთმა ამერიკელმა მითხრა, შენ ამერიკამ გიყიდაო, აღარ გაგიშვებენ ხელიდანო…. მე არ მინდა, რომ ვინმემ მიყიდოს, უბრალოდ მინდა, რომ ჩემს საქმეს ვემსახურო…

თინათინ სამყურაშვილი

ვისკი – ირლანდიური VS შოტლანდიური

September 10, 2010 Leave a comment
მისი წარმოშობის ისტორიის დაწყებას სულ მცირე ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეს მიაწერენ.  ამბობენ,  რომ  “მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით მისიონერმა ბერებმა  ჩამოიტანეს იორდანიიდან, სადაც ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ. თუ გავიხსენებთ იმასაც რომ St.Patrick-ი კონკრეტულად ირლანდიის მფარველია, ამ ვერსიას უპირობოდ და გაცხარებით არ ეთანხმებიან შოტლანდიელები და მუდამ აპროტესტებენ.  მაგრამ შოტლანდიელების გულისგასახეთქად ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ლეგენდის გარდა ბოლო-ბოლო არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი ლიცენზია რომელიც დისტილაციის უფლებას აძლევდა ღვინის საამქრო  Old Bushmills-ს, ხოლო ეს საამქრო  ირლანდიაში მდებარეობს.  მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1608 წლით, ვისკის შესახებ სკოტურ-კელტური მძაფრი კამათი დღემდე არ წყდება. საინტერესოა ამ პროდუქტის სახელწოდების წარმოშობაც, რომელსაც შოტლანდიელები ეძახიან whisky (უფრო ხშირად კი –“სკოჩს”), ხოლო ირლანდიელები ოდნავ განსხვავებით – whiskey-ს. ეს ყველაფერი  კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ჩვენს წინაშეა პირველი, ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისა,  რომ შემდგომში უკვე ჭკვიანური გამომეტყველებით სახალხოდ მოვახდინოთ შოტლანდიური ვისკის გარჩევა ირლანდიურისგან, ან პირიქით.
სხვათა შორის,  მოგვიანებით უკვე კანადაში და იაპონიაში გამოსული ნაწარმის whisky-ად მოხსენიება დაიწყეს, ხოლო ვისკი რომელიც იწარმოება ამერიკაში ირლანდიულ სტილში,  whiskey-ს უწოდებენ.
თავად ტერმინს რაც შეეხება, აქაც როგორც ყოველთვის მონასტრის კედლებს ვერ ავცდებით. ზუსტად მონასტრები აღმოჩნდნენ ვისკის პირველი მწარმოებლები, რომელსაც ლათინურად “Aque vitae“-ს (სიცოცხლის წყალი) უწოდებდნენ და ძირითადად სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ რომ ძველ შოტლანდიურ ენაზე “სიცოცხლის წყალი” ჟღერს როგორც “uisque baugh” და რომელმაც რამოდენიმე სახეცვლილების შემდეგ დაიმკვიდრა საბოლოო სახელი და უკვე  ასე ნაცნობად ჟღერს – ვისკი.
აი ამას კი უკვე ირლანდიელები აპროტესტებენ, რომლებიც სიცხარით არაფრით არ ჩამოუვარდებიან შოტლანდილებს და ისევ და ისევ წმინდა პატრიკის ლეგენდასთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ ხოლმე თავიანთ თანამემამულე იენეს კოფის, რომელმაც 1830 წელს საბოლოოდ დახვეწა და დანერგა  ვისკის ახალი ტიპის სახდელი, რომელიც მომავალში გახდება ყველა თანამედროვე სახდელების ანალოგი და რომელიც თავის მხრივ პირდაპირ სამრეწველო დონეზე დააყენებს ვისკის წარმოებას. ამაზე შოტლანდიელები პირქუშად უპასუხებენ, რომ კოფიმ მხოლოდ და მხოლოდ შოტლანდიელი რობერტ სტეინის გამოგონებული სახდელი აპარატი გააუმჯობესა. ამაზე კი ირლანდიელები დღემდე შემორჩენილ 1556 წლის საპარლამენტო აქტს აუფრიალებენ ცხირწინ, სადაც ვისკი ქრონოლოგიურად პირველად კონკრეტულად ირლანდიის კონტექსტშია მოხსენიებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შოტლანდიელებსაც აქვთ დოკუმენტი რომელიც კიდევ უფრო ადრე 1505 წლით არის დათარიღებული და სადაც ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს ამოვიკითხავთ – თურმე ასე ვთქვათ ვისკის წარმოების მონოპოლიური უფლება ქალაქ ედინბურგის მაშინდელ საბჭოს ქირურგების და დალაქების გილდიისთვის მიუცია.  ეს ჯერ კიდევ ის ეპოქაა როდესაც მთელი შოტლანდია და არა მარტოდ დარწმუნებული იყო ვისკის სამედიცონო პოზიტიურ თვისებებში.
სამაგიეროდ და ამის საპასიუხოდ  ერთ ერთ ძველ ირლანდიურ ხელნაწერში საერთოდ შემდეგ წინადადებას ამოვიკითხავთ, რომელიც შეიძლება საკმაოდ არქაულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მედიცინაში ოდნავ გარკვეული ადამიანი ეგრევე მიხვდება თუ რაზეა საუბარი:  “მისი ზომიერად გამოყენება ანელებს სხეულის დაბერებას, სხეულში ამაგრებს ახალგაზრდობას, შველის მელანქოლიას, ახარებს გულს, ამახვილებს გონებას, აბრუნებს ხალისს. ის ებრძვის თავბრუსხვევებს, შველის მხედველობას, მისი მადლიერი შედეგებია რომ გული არ ჩქარობს, თვალებს ჩინი არ აკლდებათ, კბილები არ კრაჭუნობენ, ენა არ იბმევა, სუნთქვა არ იკვრება, მუცელი არ ბუყბუყებს, ხელი არ კანკალებს, მცირდება კრუნჩხვები, ვენები არ შრება და ძვლები კი ახალგაზრულად უფრო მოქნილი ხდება” .თუ არ ვცდები აქ ჰიპორტონიულ და სხვადასხვა საკმაოდ ნაცნობ დაავადებებთან ერთად აქ პირდაპირ ნევროზის სამკურნალო საშუალებაზეც არის საუბარი.
ირლანდიური უძველესი სამედიცინო ტრაქტატის საპასუხოდ კი შოტლანდიელებს შეუძლიათ კიდევ ააფრიალონ ერთი ძველი დოკუმენტი სადაც . . .
მოდით აქ შევჩერდეთ რა. . .
თორემ ეს მრავალსაუკუნოვანი კამათი არასოდეს არ დასრულდება და იქნება სანამ მანამ იარსებებს ეს ორი ქვეყანა.  და იქნება ყოველთვის მუდმივი საკაცობრიო შეკითხვა – და ბოლოს და ბოლოს ვინ გამოიგონა ვისკი, რომელსაც პრინციპში ამ წუთას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარც აქვს.
აი ჩვენ კი თუ ყველა ზემოთჩამოთვლილ ცნობებს და თარიღებს ასე თუ ისე დავიმახსოვრებთ და სათანადო ადგილას (ირლანდიაში ან შოტლანდიაში) ავტორიტეტული სახით განვაცხადებთ, ჩათვალეთ რომ ირლანდიელის ან შოტლანდიელის სახლში ერთ ერთი უძვრიფასესი სტუმარი გახდებით. მთავარია ვიყოთ ფრთხილნი და ფაქტები არ ავურიოთ ერთმანეთში. კელტების და სკოტების შთამომავლები როგორც უკვე მივხდით ვისკის მოყვარულები არიან და აქედან  გამომდინარე სიფიცხეც არ აკლიათ.
მაგრამ მაინც დგება ერთი დილემა – და როგორ დავლიო ვისკი?
დამშვიდდით, მკაცრად განსაზღვრული წესები ვისკის სმას პირნციპში არც აქვს, მაგრამ იგივე ფილმებიდან გვახსოვს ვისკის დალევის ერთი სტილი – whisky on the rocks. “ვისკი ყინულით”, რომელსაც იგივე შოტლანდიაში არავინ იყენებს. შოტლანდიურ პაბში რომ შეუკვეთოთ ყინულიანი ვისკი, ბარმენ საკმაოდ ცივად გიპასუხებთ – “აქ არც ისე ცხელა მეგობარო”. მართალია, შოტლანდიაშია არ ცხელა და ვისკის ყინულით სმა ამერიკიდან არის შემოსული. თან აქ არამარტო ამერიკული თბილი კლიმატია დამნაშავე. ოკეანისგადაღმა ვისკები არც ისე სასიამოვნო დასალევია თუ რამეში არ გააზავე. რაც არანაირად არ ჭირდება ირლანდიულ (რომელსაც თავის “სინაზის” გამო საერთოდ გაზავებას არ საჭიროებს) და შოტლანდიურ ვისკებს.
თუმცა შოტლანდიაში მაინმც არსებობს ეგრეთ წოდებული ვისკის სმის “ხუთი S”-ის წესი, რომელიც ძალიან მოკლედ ასე ჟღერს : Sight (აღტაცებით ყურება), Smell (არომატის ჩასუნთქვა), Swish (გემოს გასინჯვა), Swallow (პატარა ყლუპით დალევა) და ხანდახა Splash(წყლით გაზავება)
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ “ხუთი S”-ის წესს არასოდეს არ გამოვიყენებთ და ამ წუთში არც კი ვიცით როგორ და რისგან მზადდება ჩვენი დღევანდელი გმირი,  წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც შეიძლება ჩვენ თავს უკვე ვისკის მინი-ექსპერტიც ვუწოდოთ და თავისუფალ დროს გარშემო მყოფი ადამიანები პერიოდულად გავაოცოთ ჩვენი იმ სისხარტით რითაც მარკეტებში  ერთმანეთისგან გავარჩევთ ირლანდიულ და შოტლანდიურ ვისკებს.
გაგა გობრონიძე

კაიტსერფინგი – ზედმეტად აქტიური დასვენება

September 8, 2010 Leave a comment

ოცდამეერთე საუკუნის გართობა – ასე ახასიათებენ კაიტსერფინგს ისინი, ვისაც სპორტის ეს ექსტრემალური, დინამიური და ძალიან ლამაზი სახეობა ახლოდან უნახავთ. ხოლო ვინც გაბედა და კაიტის გემო პირადად გასინჯა, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩება. სერფინგის დაფისა და პარაშუტისმაგვარი აფრის – კაიტის კომბინაცია ზღვის ტალღებთან ბრძოლის და წყლის ზედაპირზე ფრენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თითოეულ მოძრაობას თუ რისკიან ილეთს ადამიანი ქარისა და კაიტის დახმარებით თავად აკონტროლებს და ენითაუწერელ აზარტში შედის. სისწრაფე 80 კილომეტრ/საათს აღწევს. ჰაერში აჭრილი სპორტსმენის წყლის ზედაპირზე დაშვებას კი ხანდახან 10 წამიც არ ყოფნის.

ეს ზედმეტად აქტიური დასვენების საშუალება საოცარი ტემპით იხვეჭს პოპულარობას. ევროპულ კურორტებზე წლიდან წლამდე იზრდება მოყვარულ კაიტინგ-რაიდერთა რაოდენობა. ხოლო პროფესიონალთა შორის უკვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ტარდება.


კაიტსერფინგი სპორტის ძალიან ახალგაზრდა სახეობაა და მისი შესასწავლი ლიტერატურაც საკმაოდ მწირია. თუმცა წიგნებით ხელმძღვანელობა სასურველ შედეგამდე ვერაფრით მიგიყვანთ. ეს დაახლოებით იგივეა, თვითმფრინავის მართვა თეორიულად რომ შეისწავლოთ და უმალ აფრენა მოინდომოთ. ერთი პატარა შეცდომა კაიტის დაზიანებად და ხელ-ფეხის მოტეხილობად შეიძლება დაგიჯდეთ.

ბოლო წლებში კაიტინგი კიდევ რამდენიმე ქვე-სახეობით გამრავალფეროვანდა. კაიტს, წყლის დაფის გარდა უკვე სნოუბორდსა და თხილამურებსაც უწყვილებენ და თოვლიან ზედაპირზე დაჰქრიან. არათოვლიან და უწყლო ადგილებში კი მაუტინბორდს (საბურავებიან დაფას) იყენებენ.

პროფესიონალები დამწყებ რაიდერებს კაიტის ხელში აღებამდე სრული ამუნიციის შეძენას ურჩევენ, რათა შესაძლო ტრავმებისგან მეტად დაცულები იყვნენ.

ოთო მაღლაკელიძე