Archive

Archive for the ‘გართობა’ Category

აზარტი, ჟინი, განტვირთვა …

October 26, 2010 Leave a comment

თუკი სამომავლოდ ჩემში ბოულერისთვის დამახასიათებელმა აზარტმა გაიღვიძა, ეს იმ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებით, რაც ახლახან გადამხდა. საქმე ისაა, რომ სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” ნაწილობრივად ათვისებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე მომიწია მისვლა, თუმცა, ბოულინგის ცენტრს მოულოდნელად მივაკვლიე. ყოვლად ინფორმირებულ პროფესიონალ მოთამაშეებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემნაირი _ ზომიერად უჟმური, საქმისაგან სეზონურად გადაქანცული და, ერთი სიტყვით, უმრავლესობაში მყოფი ობივატელისთვის, აქაურობა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ოქტომბრიდან ბოულინგური ციებ-ცხელების სეზონი იწყება და თამაშის მოყვარულებს ჩემგან არ ესწავლებათ, რომ უმარტივესი წესების მქონე ეს თავშესაქცევი ერთნაირი დოზით იზიდავს და ახალისებს ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკისა და საზოგადოებრივი ინტერესებისა.

თბილისის მასშტაბით ბოულინგ ცენტრალი ერთ-ერთი მომხიბვლელი ადგილია პოზიტიური ემოციის მისაღებად. დახვეწილი დიზაინით გამორჩეულ  კეთილმოწყობილ სივრცეში ყველა პირობაა შექმნილი რელაქსაციისთვის. მოთამაშეები თავს ზედმიწევნით კომფორტულად გრძნობენ, შესაბამისად, არც თანხის დახარჯვა ენანებათ. სხვათა შორის, ტარიფები არც ისე დიდია _ დილის რვიდან საღამოს რვამდე 1 საათი თამაში 22 ლარი ღირს, ხოლო ღამის საათებში კი 44 ლარი.
ეს აზარტული გასართობი, რომელიც ამავდროულად სპორტულ ჟინს აღვივებს, გადაღლამდე ვარჯიშს სულაც არ მოითხოვს. პირიქით, განტვირთვის უებარი საშუალებაა. მისი ეფექტი ჯადოქრობის ტოლფასია, განსაკუთრებით XXI საუკენეში, როცა საქმიანი ცხოვრების წესმა ასე მიგვაჯაჭვა ოფისებსა თუ ავტომანქანებს. ექიმ-პრაქტიკოსთა მოსაზრებით, ბოულინგის კეგლებზე `ნადირობა~ არა მხოლოდ გვათავისუფლებს ნეგატიური ემოციისა და სტრესისგან, არამედ ებრძვის ჰიპოდინამიას, აუმჯობესებს მხედველობასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავ ზედმეტ კალორიასაც წვავს. რაც მთავარია, თამაშს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ადვილად ახერხებენ და ალბათ ამანაც განაპირობა ბოულინგით გართობისადმი საყოველთაო ლტოლვა.
როგორც მითხრეს, ბოულინგ ცენტრალში სპორტის ამ არაორდინალური სახეობის შემსწავლელი სკოლაც იქნება, პროფესიონალურ დონეზე თამაში ხომ ორმაგი ადრენალინია! თუმცა უყურადღებოდ არც მოყვარულები რჩებიან _ ინსტრუქტორის გარდა ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა გირჩიოთ როგორ გააგოროთ ბურთი უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე რომ, ჩემნაირ დამწყებ “ბოულერებს” ელემენტარულ ჩვევებში გარკვევის შემდგომ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობაც არ უნდა გაუძნელდეთ.
ბოულინგ ცენტრალში ჩინებულად ერთობიან როგორც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე მარტოც. სასიამოვნო დროსტარებისთვის ეს ადგილი მართლაც საუცხოოა. ბოულინგის გარდა, თავის შექცევა ბილიარდით, მათ შორის, უცხოეთში საკმაოდ პოპულარული სნუკერითაც შეიძლება. აქვეა ბარი კოქტეილების ფართო არჩევნითა და მსუბუქი მენიუთი. გასართობად კარაოკეც და მცირე კინოთეატრიცაა. ასეთი მრავალფეროვნება ბოულინგ ცენტრალის მთავარი ხიბლია. ერთგულ კლიენტებს უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელით. მიმდინარე სიახლეებს თვალი http://www.bowling.ge-ზე ადევნეთ. გახსოვდეთ, რომ ბოულინგისთვის აუცილებელია შესაბამისი ატრიბუტიკა. სათამაშო აქსესუარებს, ასევე, სამახსოვრო სუვენირებს ადგილზევე შეიძენთ. გართობის შემდეგ “თბილისი ცენტრალში” წარმატებულ შოპინგსაც გისურვებთ. მოხერხებული ავტოსადგომი და კომფორტი გარანტირებულია.
დანარჩენს შემდგომ ”თავისუფალ დროში” გიამბობთ _ ამ დროისთვის ბოულინგის ლიგის თუ არა, სულ ცოტა, მოყვარულ მედია-ლეგიონერთა წევრი მაინც ვიქნები 🙂


ღამის ცხოვრების მბრძანებლები

October 22, 2010 Leave a comment

მიუხედავად იმისა, რომ მათი კულტურა სათავეებს წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს და უკვე დიდი ისტორია აქვს, დღეს ის ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

თანამედროვე ადამიანის გართობა, მათ გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თავისუფლად შეიძლება, დიჯეი, დღევანდელობის ყველაზე საჭირო პროფესიების ჩამონათვალში წამყვან პოზიციას იკავებდეს და ალბათ, შემთხვევით არც ის მომხდარა, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე ქართული ტელეარხების საინფორმაციო გადაცემების თითქმის მთავარი თემა ის იყო, თუ ვინ რომელ კლუბში უკრავდა.
ამ პროექტის მიზანია მკითხველს კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართველი, პოპულარული დიჯეები. გავიგოთ მეტი მათი პროფესიის, პირადი ცხოვრებისა და გატაცებების შესახებ.
რადგან წარმოუდგენელია ისაუბრო ქართველ დიჯეებზე და არ ისაუბრო გიორგი ბაქანიძეზე, გადავწვიტეთ ეს პროექტი მის ხსოვნას მივუძღვნათ. პირველ სტუმრად კი მისი უახლოესი მეგობარი, თომა ჩალაძე წარმოგიდგინოთ.
თომას ბავშვობაში მუსიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს ჰქონია და მშობლების დაჟინებით, ძალით მოუწია ფორტეპიანოზე სიარული.
2003 წლიდან ის აქტიურად ეწევა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის პროპაგანდას.
კლუბებში დიჯეობა 2004 წლიდან დაიწყო, იმიტომ რომ მისი მეგობრები იყვნენამ საქმით დაკავებულები.  ის თვითნასწავლია.
თავიდან ხშირად უკრავდა კლუბ `ბერლინში” ‘ნიკა ჯაფარიძესთან, ჟორჟიკასთან და გიო ბაქანიძესთან ერთად. არც ელექტრონული მუსიკის ფესტივალები გამოუტოვებია.
დიჯეობის გარდა ეწევა საპროდუსერო და საორგანიზაციო საქმიანობას.
ის `ცუმბო ჯგუფის” (ხელოვნების კავშირი) ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრია.
ამ ზაფხულს “ლისი ლაუნჯში” აწყობდა ივენთებს.
დიჯეობის დროს არ არის ლიმიტირებული მინიმალ/ტექნო/ჰაუსში – უყვარს ჟანრების კომბინირება და ექსპერიმენტები.
თომა ჩალაძის სტატიები მუსიკალური სიახლეების შესახებ გამოქვეყნებულია  ჟურნალებში `ფოკუსი” და `ანაბეჭდი” .
თომას საყვარელი ტრეკები :

Aril Brikha – Berghain

იშვიათად უშვებს, მაგრამ როცა ეს ხდება, ყველას უხარია. დამაჯერებელი და ბუზისებრი ბეისლაინი… მშვიდი ქიქით. ყველაფერი ეს სანამ მთავარი შემოვა…

DJ Koze – Mrs Bojangels

ჯადოსნური ჰაუს ტრეკი, ჰალუცინაციის ეფექტით, რომელსაც ტექნოს მოყვარულები ითავისებენ ხოლმე, თომას აზრით, ყველაზე კარგად გარიჟრაჟს უხდება.

W.B.* – Hide You Im Schrankwand Gewand

ცოტა სევდიანი, ნაზი ვოკალითა და ფორტეპიანოს თანხლებით შექმნილი ჰაეროვანი ატმოსფერო. მისი მოსმენისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, იფიქრებ, რომ მსგავს უნიკალურს, ვეღარასდროს მოისმენ.

Ricardo Villalobos – Waiworiano

No comment

Los Hermanos –  Birth of 3000

ეს ემოციურ მელოდია ჰიმნს ჰგავს. ტრეკი რაღაცით დასასრულს უფრო ჩამოგავს, ვიდრე დასაწყისს, არადა სათაური საპირისპიროს გვეუბნება. ერთი სიტყვით, დიახ – ის მშვენიერია.


Kiki – Trust Me

რთულია ის ემოცია გადმოცე, რისი განცდაც მის კარგ ხმაზე, სწორ დროს გაჟღერებისას შეიძლება დაგეუფლოს.

Carl Craig – Sandstorms

საუკეთესო საუნდტრეკი იქნებოდა. აქ არის მეორედ მოსვლა., ომი, კატასტროფები და ამ ყველაფრის შედეგები.

ბექა მოლაშვილი

პ.ს. სპეცპროექტი ეძღვნება გიორგი ბაქანიძის ხსოვნას

 

 

 

 

 

კაიტსერფინგი – ზედმეტად აქტიური დასვენება

September 8, 2010 Leave a comment

ოცდამეერთე საუკუნის გართობა – ასე ახასიათებენ კაიტსერფინგს ისინი, ვისაც სპორტის ეს ექსტრემალური, დინამიური და ძალიან ლამაზი სახეობა ახლოდან უნახავთ. ხოლო ვინც გაბედა და კაიტის გემო პირადად გასინჯა, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩება. სერფინგის დაფისა და პარაშუტისმაგვარი აფრის – კაიტის კომბინაცია ზღვის ტალღებთან ბრძოლის და წყლის ზედაპირზე ფრენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თითოეულ მოძრაობას თუ რისკიან ილეთს ადამიანი ქარისა და კაიტის დახმარებით თავად აკონტროლებს და ენითაუწერელ აზარტში შედის. სისწრაფე 80 კილომეტრ/საათს აღწევს. ჰაერში აჭრილი სპორტსმენის წყლის ზედაპირზე დაშვებას კი ხანდახან 10 წამიც არ ყოფნის.

ეს ზედმეტად აქტიური დასვენების საშუალება საოცარი ტემპით იხვეჭს პოპულარობას. ევროპულ კურორტებზე წლიდან წლამდე იზრდება მოყვარულ კაიტინგ-რაიდერთა რაოდენობა. ხოლო პროფესიონალთა შორის უკვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ტარდება.


კაიტსერფინგი სპორტის ძალიან ახალგაზრდა სახეობაა და მისი შესასწავლი ლიტერატურაც საკმაოდ მწირია. თუმცა წიგნებით ხელმძღვანელობა სასურველ შედეგამდე ვერაფრით მიგიყვანთ. ეს დაახლოებით იგივეა, თვითმფრინავის მართვა თეორიულად რომ შეისწავლოთ და უმალ აფრენა მოინდომოთ. ერთი პატარა შეცდომა კაიტის დაზიანებად და ხელ-ფეხის მოტეხილობად შეიძლება დაგიჯდეთ.

ბოლო წლებში კაიტინგი კიდევ რამდენიმე ქვე-სახეობით გამრავალფეროვანდა. კაიტს, წყლის დაფის გარდა უკვე სნოუბორდსა და თხილამურებსაც უწყვილებენ და თოვლიან ზედაპირზე დაჰქრიან. არათოვლიან და უწყლო ადგილებში კი მაუტინბორდს (საბურავებიან დაფას) იყენებენ.

პროფესიონალები დამწყებ რაიდერებს კაიტის ხელში აღებამდე სრული ამუნიციის შეძენას ურჩევენ, რათა შესაძლო ტრავმებისგან მეტად დაცულები იყვნენ.

ოთო მაღლაკელიძე

ყველა დროის საუკეთესო დაისი

September 6, 2010 Leave a comment

არსებობს შედევრები, რომლებსაც ბუნება თავად ქმნის. არსებობს შედევრები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან. Café del Mar კი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც  ადამიანმა და ბუნებამ საერთო გამონახეს და ჰარმონიულად, ერთობლივი შედევრი შექმნეს.

ეს არც რომელიმე ცნობილი მწერლის ხატოვანი გამოთქმა და არც კაფეს კართან გაკრული მემორიალური დაფის ტექსტის ქართული თარგმანია. თუმცა ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იმ საოცრების ნაწილი, რასაც იბიცა და “კაფე დელ მარ” ქვია, იმედია დამეთანხმება.

კუნძულ იბიცაზე, 30 წლის წინ, დღევანდელი “კაფე დელ მარ”-ის ადგილას მყოფმა, მზის ჩასვლით შთაგონებულმა სამმა  ახალგაზრდამ, რამონ გუილარმა, კარლოს ანდრეამ და ხოსე ლესმა, საკმაოდ ამბიციური გეგმის განხორციელება დაისახა მიზნად.

მათ გადაწყვიტეს მსოფლიოში საუკეთესო დაისი შეექმნათ და ვინაიდან ქვიშა, ზღვა და მასში ჩამავალი ნარინჯისფერი მზე უკვე ჰქონდათ, მიზნის მისაღწევად საჭირო სხვა ინგრედიენტების ძიება დაიწყეს.

მათ, პირველ რიგში, კატალონიელ არქიტექტორ ლუი გუელს, სანაპიროზე მარტივი და უპრეტენზიო ნაგებობა ააშენებინეს. სახელის მოფიქრებაზე ტვინი არ უჭყლეტიათ და შენობას პირდაპირ “კაფე ზღვასთან” დაარქვეს. პრიმიტიულობის მიუხედავად სახელი ყველას ძალიან მოეწონა. ალბათ იმიტომ, რომ ძნელია სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც ასე ამართლებდეს საკუთარ სახელწოდებას.

შემდეგ შენობის სახელის და გარემოს მსგავსი სასიამოვნო, იოლად მოსასმენი მუსიკა ჩართეს, რომელსაც მოგვიანებით მელომანებმა Chillout, Lounge ან უბრალოდ Sunset Music უწოდეს, და იმის შემდეგ აღარც გამოურთავთ.
აღარ გამოურთავთ, იმიტომ, რომ, როდესაც მიმოიხედეს და დარწმუნდნენ, რომ საუკეთესო დაისის შექმნა შეძლეს, შეამჩნიეს რომ მარტონი აღარ იყვნენ.
Café del Mar მალევე მოექცა ხარისხიანი დასვენების მოყვარულთა ყურადღების ცენტრში.

მოგვიანებით Café del Mar ხარისხიანი შოუბიზნესის მესვეურთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა და შედეგად 1994 წლიდან მუსიკალურმა სამყარომ  უკვე Café del Mar-ის მუსიკალური კომპილაციები მიიღო, რომელთაც კაფეს რეზიდენტი დიჯეი ხოსე პადილა ადგენდა.
ამ ზაფხულს კაფეს 30 წელი შეუსრულდა და იბიცაზე განსაკუთრებული ჟრიამულია. იუბილესთან  დაკავშირებით მალე ახალი 3 დისკიანი კომპილაციაც გამოვა და შესაბამისი პრეზენტაციაც გაიმართება. ასე, რომ ვისაც ზაფხული ჯერ კიდევ არ დაუგეგმავს და თავისუფალი დროც აქვს, შეუძლია მსოფლიოს ნომერ პირველი დაისის ცქერით, განსაკუთრებულ ვითარებაში დატკბეს.

P.ს.

ზოგადად თურქეთის და იქ დასვენების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა თუ ქართული ტურისტული სააგენტოები ფართო აუდიტორიას ქემერის, კუშადასის და ბოდრუმის გარდა სხვა კურორტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას, სადაც შეიძლება ადამიანურ და არა ასტრონომიულ ფასად დაისვენო, მემგონი ყველა კმაყოფილი დარჩება.

ბექა მოლაშვილი

 

ადაპტაცია

August 28, 2010 2 comments

დილით ლოლას სასტუმროში მივაკითხე. არ დამხვდა. ბოტანიკურ ბაღში სავარჯიშოდ  წასულიყო. თუმცა მალე მოვიდა. 5 წუთი მინდაო ხელით მანიშნა და ნომერში ავიდა. 40 წუთში მზად იყო. იმის ნიშნად რომ დაგვიანებით არაფერი დაშავებულა, ტელევიზორში ბათუმში ახალგახსნილ კლუბზე სიუჟეტს ბოლომდე ვუყურე და შემდეგ შევიმჩნიე. წინასწარ დაყენებული ხელოვნურად-სერიოზული სახე მივიღე, როგორც ვენესუელური სერიალების გმირები ეკეთებენ ხოლმე მნიშვნელოვანი დიალოგების წინ და დავიწყე :

– ლოლა ძვირფასო, იმ დღიდან, როცა გავიგე, რომ ნამდვილად ჩამოდიოდი, იმაზე ფიქრი არ შემიწყვეტია თუ როგორ უნდა მეთქვა ის, რასაც ახლა გეტყვი. არა, ტექსტი არ დამიწერია და არც სარკის წინ გამითამაშებია ეს სცენა, მაგრამ ძალიან ბევრს ვფქრობდი, როდის უნდა მეთქვა ეს…

ვერ ვიტყვი რომ ლოლა დაიძაბა, თუმცა ნამდვილად ინტერესით ელოდა გაგრძელებას.

– მოკლედ ადრე თუ გვიან მაინც შევეხებოდით ამ თემას და მგონია რომ გასაწელი და შესამზადებელი აღარაფერია. მინდა ახლავე გითრხა ყველაფერი და დავისვენო. მესმის რომ დელიკატური საკითხია და შეიძლება ეგრევე პასუხის გაცემა გაგიჭირდეს, მაგრამ დროს ვერ მოგცემ. როგორც კი გკითხავ ეგრევე უნდა მიპასუხო.

ლოლას პასუხი არ გაუცია, უბრალოდ გაიღიმა, ოღონდ უცნაურად, პრინციპში უფრო დამეჯღანა, აი ფილმებშია ხოლმე ეგრე. გგონია რომ პერსონაჟი იცინის, შემდეგ “ატიეზდი” იწყება და ხედავ, რომ კი არ იცინის არამედ იღრიჯება, რადგან მეორე პერსონაჟმა, რომელიც მანამდე მკვდარი გეგონა შუბით ან რამით განგმირა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლოლასგან საუბრის გაგრძელებაზე თანხმობას ან ნებართვას არ ველოდი, უბრალოდ სახის გასწორებას დაველოდე ვკითხე :

– ლოლა… ხინკალი გინდა ?

წამიერად დუმილი |ჩამოვარდა, თითქოს ჰაერი გაბლანტდა და დამძიმდა.
თუმცა წამიერად, რადგან ლოლას მალევე გაეცინა, რა დეგენერატი ხარო მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა. როგორც ჩანდა იმის აღიარებას, რომ ცოტა ინერვიულა, არ აპირებდა, ამიტომ გავყევი და თემა, უკვე ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელე. გავარკვიეთ, რომ ასე ვთქვათ ცივილიზებულ ადგილას ხინკლის ჭამას ფასანაურში წასვლა და სადმე ფაცხაში მოჯდომა გვერჩივნა და დავიძარით.

თავიდან მეგონა მომესმა, მაგრამ კიდევ რამდენჯერმე რომ გავიგე ლოლას ხმით მონოტონურად ნათქვამი – ღვედი, ღვედი, ღვედი, მივხვდი რაშიც იყო საქმე და გადავიჭირე. იქვე განვუმარტე, რომ ოფიციალურად ქალაქში, სანამ ტრასაზე გავიდოდით ამის აუცილებლობა არ იყო, რაზეც თხუთმეტწუთიანი ლექცია მოვისმინე სახელწოდებით “ღვედის როლი თანამედეროვე განვითარებული ადამიანის ცხოვრებაში”.

ამასობაში თბილისსაც გავცდით და მალე სასურველ ფაცხასაც მივაგენით. იქ ძალიან საყვარელი ცოლ-ქმარი დაგვხვდა. სუფრის გაშლის პარალელურად შვილების ამბებს გვიყვებოდნენ, რომლებიც საბერძნეთში სამუშაოდ წასულიყვნენ, რაზეც ლოლას გული აუჩუყდა და თავისი ამბავიც უთხრა. ავტომატურად მათ შორის ურთიერთობა უფრო მეტად დათბა და მივხვდი, რომ ხინკლის მოსვლამდე, დრო სასიამოვნო საუბარში გავიდოდა. არადა თავიდან თავში გამიელვა ახლა ამან, ამათ, აქ WIFI  არ მოსთხოვოს-მეთქი.
ხინკალი აღმოჩნდა ფანტასტიური. შემდეგ კი დადგა ის მისტიური მომენტი, როდესაც ხინკლის მაგიური ძალის ზემოქმედების შედეგად ყველაფერი დროებით აზრს კარგავს ხოლმე. ლოლას გავეხუმრე – რა კარგია, რომ ეს პოსტ ხინკლური გაყუჩების პერიოდი მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, თორემ ქართველები დედამიწაზე ალბათ ყველაზე ზარმაცი ხალხი ვიქნებოდით მეთქი, რაზეც პასუხად თვალების ნელ-ნელა დახამხამება მივიღე, თითქოს მთხოვდა ამაზე ვრცელი პასუხის გაცემა ახლა არ მომთხოვოო.

რაღაც ხანში ძალ-ღონე მოვიკრიბე და ლოლასთვის საღამოს გეგმების გაცნობას შევუდექი. აქვე ვუთხარი გარკვეულწილად სიურპრიზს გიმზადებ და ბოლომდე გეგმებს ვერ გაგაცნობ მეთქი, მაგრამ მანამდე მოდუნებისთვის და “ჩილინგისთვის” ბეთანიაში sky lounge-ში ასვლა შევთავაზე.

აქვე დავამშვიდე, ვიცი, გამოცვლა და გაპრანჭვა გენდომება, სასტუმრო გზაზეა და მაგაზე არ ინერვიულო მეთქი. ლოლას გეგმა მოეწონა, უბრალოდ დაინტერესდა სულ ასეთი აწყობილი მქონდა ცხოვრებაში ყველაფერი, თუ მის გამო ხდებოდა ასე, რაზეც ჩემგან თვალების ხამხამი და პასუხი – ამაზე ვრცელ პასუხს ახლა ნუ მომთხოვ მეთქი, მიიღო.

ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა, გარკვეულ ხანში sky lounge-ში აღმოვჩნდით. პუფში ჩავეშვით. კარგად მოვკალათდით, მენეჯერს სიტუაცია და მუსიკა მოვუწონეთ, ბევრი ხილი და ცივი წყვენი შევუკვეთეთ. შევთანხმდით, რომ საქმიანები არ ვიქნებოდით, მეილებს არ შევამოწმებდით და მხოლოდ გარემოს შესაფერის მარტივ თემებზე ვილაპარაკებდით.

რამდენიმე უდარდელი საათის გასვლის შემდეგ წასვლის დრო დადგა. ბეთანიაში, ფატუნას აგარაკზე, სადაც ქართველ დიზაინერს მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაეკეთებიდა, ხალხი ალბათ უკვე იკრiბებოდა. ლოლას სიურპრიზი შევახსენე და დავიძარით. გზაში არაფრით არ დამიჯერა, რომ იმ მნიშვნელოვანი განცხადების შინაარსი მეც არ ვიცოდი და ეცადა გაბუტულიყო, თუმცა მალე მივედით და დრო არ ეყო.

ეზოში ბევრი ხალხი ტრიალებდა. საწვეულებო განწყობა იყო. ლოლა ფატუნას და მეგობრებს წარვუდგინე. ზოგ-ზოგიერთებს შევატყე ცოტა ეჭვის თვალით შეხედეს. ამიტომ, ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ მეთქი ვიხუმრე და ინტრიგაც უფრო გავაძლიერე.
ცოტა ხანში ფატუნამ სიჩუმისკენ მოგვიწოდა. გავინაბეთ. ის მოემზადა და თავისი ჩვეული ხალასი ხმით გამოგვიცხადა, რომ ყველა იქ მყოფს 22 ოქტომბერს, მაიმამიში თავის ჩვენებაზე გვეპატიჟებოდა, სადაც ქალის და მამაკაცის 25 ახალ კოსტიუმს წარმოადგენდა. ფატუნას სიტყვას ოვაცია, მილოცვები, შამპანური და ფეერვერკი მოყვა. დიჯეიმაც არ დააყოვნა და ეს სასიამოვნოდ გაოგნებული ხალხი გართობის ახალ ფაზაში გადაგვიყვანა.

წვეულება გვიანობამდე გაგრძელდა, ლოლა ერთობოდა. კომუნიკაბელური იყო და ხალხთან ურთიერთობა არ უჭირდა. ის კი არა იქით მაქცევდა ყურადღებას, რამდენჯერმე მოვიდა და ვიღაცეები გამაცნო, თან ჩემი ჭიქიდან, ისე, ვითომ სასხვათაშორისოდ სასმელიც კი მოსვა და როდესაც იქ სუფთა, ნატურალური წვენი დახვდა, ალკოჰოლური დანამატების გარეშე, შემაქო, თავზე ხელი გადამისვა და ისევ ახალ ნაცნობებს შეუერთდა.
მანქანასთან თავისი ფეხით, დახმარების გარეშე კი მოვიდა, მაგრამ  სავარძელში ისე მოკალათდა, მივხვდი გზაში მოსაუბრე არ მეყოლებოდა. ბოლო რაც გავიგე სიტყვები – ღვედი, ღვედი, ღვედი – იყო, რომელიც ჩემს მიერ მანამდე ჩართულ Thievery Corporation-ს საეჭვოდ კარგად ემიქსებოდა…

ბექა მოლაშვილი

პოკერი – თამაში, რომლის სწავლას შეიძლება ცხოვრება არ ეყოს

ვითამაშოთ ცრურწმნების გარეშე

შეიძლება ითქვას, რომ სპორტული თუ ინტელექტუალური თამაშები სამყაროსთან ურთიერთობის ის ფორმაა, რომელიც ადამიანს თავის დასამკვიდრებლად სჭირდება. ნერისმიერი თამაში საკუთარი თავის გამოცდა და შესაძლებლობების დამტკიცებაა და მაშინ გვანიჭებს სიამოვნებას, როცა კარგად გამოგვდის. თამაშში მუდამ არიან მოგებულები და წაგებულები. მაგრამ არსებობს თამაშები, სადაც მოგება ცხოვრების წესის განმსაზღვრელია. ასეთი თამაშია პოკერი. ამბობენ, რომ ის ვინც პოკერს იგებს, მას ცხოვრებაში ყველაფრის მოგება შეუძლია.
თუმცა კი, პოკერი ის თამაშია, რომლის წესების შესასწავლად ხუთი წუთიც საკმარისია, მაგრამ თვიოთონ თამაშის სწავლას შეიძლება ცხოვრებაც არ ეყოს. ისევ როგორც ნებისმიერი თამაში, პოკერიც შეიძლება იყოს მხოლოდ ჰობი, რომელსაც თავისუფალ დროს, მეგობებთან ერთად ჩავუსხდებით, მაგრამ ნებიმიერ ეტაპზე ის ჩვენგან პროფესიონალურ მიდგობას ითხოვს. და პოკერიც, ისევე როგორც ნებიემიერი სპორტი, მუდმივად საჭიროებს სწავლას, ვარჯიშს მონაცემთა გაუმჯობესებას.

პოკერის თეორეტიკოსებს თუ მივყვებით, იმისათვის, რომ წარმატება გვქონდეს, პირველ რიგში უნდა დაივიწყოთ ერთი ცრურწმენა, რასაც მოთამაშეები Downswing–ს, ანუ უიღბლობის ფაზას ეძახიან.

თამაშის დაწყებამდე ყველა დამწყებმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ არ არსებობს არანაირი უიღბლობის პერიოდი, ზოლი, ფაზა, არსებობს მხოლოდ ცუდად ნათამაშები პარტია

ადამინს ერთი ცუდი თვისება აქვს: მას უყვარს მიზეზების გამოგონება, რათა თავისი წარუმატებლობა თუ დაშვებული შეცდომები გაამართლოს. და ამას აკეთებს ყოველდღიურად, სამხასურში, პირად ცხოვრებაში, თამაშშიც კი. ეს ჩვენი თავდაცვითი მექანიზმია, მაგრამ სამწუხაროდ, ამგვარ `თვალის დახუჭვას~ სულაც არ მოაქვს თავდაჯერება და არც მომავალი შეცდომებისგან გვიცავს.
არსებობს უამრავი სტატია პოკერის მოთამაშეთა უიღბლო პერიოდზე თუ ბედ ბითებზე, მაგრამ ფსიქოლოგები გვირჩევენ: თავს ნუ მოვიტყუებთ და სწავლა განვარგძოთ. პოკერი ხომ მუდმივი დაკვირვება და ანალიზია.
ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქრით, ჩვენი წაგება უიღბლობის ზოლის ბრალია, რომ ეს ზოლი გადაივლის და მოგებას ისევ დავიწყებთ, სჯობს ჩავიწეროთ ნათამაშები პარტიები და გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ვიმსჯელოთ, სად შეგვეშალა. მხოლოდ ასე შეიძლება თამშის სწავლა და მოგება.

დამწყებთა შორის ხშირად შეხვდებით ასეთ გამოთქმას: `მე რა თქმა უნდა ვიცი, რომ აქა-იქ პატარ-პატარა ჩავარდნები მაქვს~… და ეს “პატარ-პატარა” რეალურად მათი თამაშის 70%-ს შეადგენს. თავის წიგნში „Ace on the river” ბარი გრინსტაინი წერს, რომ ყოველ თამშში ის დაახლოებით 10% ცუდ რეიზს თუ ფოლდს აკეთებს. დამწყები მოთამაშეები, რომელებიც ბარი გრინსტაინის დომენდე 10-20 პროცენტი აქვთ მიღწეული, ასეთი თავდაჯერებით შორს ვერ წავლენ. რასაკვირველია, მათ ნიჭიერებაში არავინ დაეჭვებულა, მაგრამ თუ მოულოდნელად პოკერის სამყარომ დარტყმა მიაყენათ, უიღბლობის ფაზას ნუ დააბრალებენ. რადგან, როცა წაგება იწყება, სჯობს შეცდომების გაანალიზებას მიჰყოთ ხელი, ვიდრე იმაზე მოთქმას, რომ უიღბლობის ფაზაში შეხვედით.

-თომას ჯეფერსონი: “მე მჯერა ბედნიერი შემთხვევის ძალის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტს ვმუშაობ, მეტად მიმართლებს”.

მაშ ასე, პოკერში არ არსებობს დაუნსვინგი – უიღბლობის ფაზა

სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ პოკერში არსებობს 2 შესაძლებლობა, შეაფასოთ თქვენი წარმატება: ეს არის ნათამაშები პარტიების ჩანაწერები, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შედეგების გაუმჯობესებას და მოგებული თანხა. ამასთან, დასაწყისში, მოგებული თანხის რაოდენობა არაფერს ნიშნავს.
წარმატებული მოთამაშე რომ გახდეთ, როგორც ყველა საქმეში, პირველ რიგში საჭიროა სერიოზული შრომისათვის მოემზადოთ. რასაკვირველია, კარგია, მათემატის ცოდნა. მეორეს მხრივ, თითქმის ყველა სიტუაციისათვის არსებობს შესაბამისი ტაბულა და საკმარისია მცირედი მზაობა, იმისათვის რომ გაერკვეთ, რა იმალება ამ სისტემის უკან. ამ ყველაფრისთვის აინშტაინობა სულაც არაა საჭირო. კარგია ასევე, თუკი შეგიძლიათ, მძაფრი ემოციების გარეშე მიიღოთ თავსდამტყდარი ბედ ბითი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა საკმარისი წარმატებული თამაშისათვის. თუკი გაქვთ იმის ნიჭი, რომ შესაფერისი ფორმით გააანალიზოთ მაგიდის სტრუქტურა, ამან შესაძლოა დადებითად იმოქმედოს თქვენს თამაშზე. ამის სწავლა კი მონდომებისა და გამოცდილების შედეგად არის შესაძლებელი.

-კიდევ რა არის საჭირო წარმატებულ მოთამაშედ რომ ჩამოყალიბდეთ?

პირველი, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ, ეს არის ნათამაშები პარტიების მიმოხილვა: გააკეთეთ ჩანაწერები, კვლავ და კვლავ, განუწყვეტლივ! ჩაიწერეთ ყოველი ნათამაშები ხელი, რომელშიც დარწმუნებული არ იქნებით. საშუალო და მაღალ ლიმიტებზე წარმატებულ მოთამაშეებსაც კი აქვთ არაერთი ასეთი ხელი. ყოველ ფორუმზე არის პროფესიონალი მოდერატორი, მოუსმინეთ მის მოსაზრებებს. იკითხეთ ბევრი მაგალითები ნათამაშებ ხელებზე. იკითხეთ სტატიები. ”წაიკითხეთ” არ ნიშნავს, რომ ერთხელ გადაიკითხოთ. დაამუშავეთ სტატიები, გაცანით ფორუმებზე შესაბამისი თამაშის მაგალითებს.

პოკერში მთავარია კონცენტრაცია


თამაშის დროს მხოლოდ ითამაშეთ და დაივიწყეთ გარემომცველი სამყარო. როგორც ნებისმიერ სპორტში, თუ გინდათ, რომ კარგად ითამაშოთ, ბევრი უნდა ივარჯიშოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ თამაშები, ასევე გამოცდილ მოთამაშეებთან შეხვედრები, რომლებიც საჭირო რჩევებს მოგცემენ, შეგიძლიათ მწვრთნელიც დაიქირავოთ.
მხლოდ ისინი, ვინც მზად არიან გაიარონ ეს გზა, შეძლებენ სიამოვნება მიიღონ ამ ჰობისგან, რასაც პოკერის თამაში გქვია, და შესაძლოა, ეს ჰობი უფრო მეტიც გახდეს მათთვის. ხოლო ისინი კი, ვინც მზად არიან უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ პოკერის მოთამაშისათვის საჭირო თვისებებს, შეძლებენ მოიგონ და მოიგონ არა მხოლოდ პოკერში…

ბელა ჩეკურიშვილი

სიახლე: თუ გსურთ მოიგოთ პოკერის კომპლექტი, შებრძანდით პოკერის ოფიციალურ ”ფან გვერდზე” ფეისბუქში. http://facebook.com/poker.ge