Archive

Archive for the ‘ექსტრიმი’ Category

აზარტი, ჟინი, განტვირთვა …

October 26, 2010 Leave a comment

თუკი სამომავლოდ ჩემში ბოულერისთვის დამახასიათებელმა აზარტმა გაიღვიძა, ეს იმ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებით, რაც ახლახან გადამხდა. საქმე ისაა, რომ სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” ნაწილობრივად ათვისებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე მომიწია მისვლა, თუმცა, ბოულინგის ცენტრს მოულოდნელად მივაკვლიე. ყოვლად ინფორმირებულ პროფესიონალ მოთამაშეებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემნაირი _ ზომიერად უჟმური, საქმისაგან სეზონურად გადაქანცული და, ერთი სიტყვით, უმრავლესობაში მყოფი ობივატელისთვის, აქაურობა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ოქტომბრიდან ბოულინგური ციებ-ცხელების სეზონი იწყება და თამაშის მოყვარულებს ჩემგან არ ესწავლებათ, რომ უმარტივესი წესების მქონე ეს თავშესაქცევი ერთნაირი დოზით იზიდავს და ახალისებს ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკისა და საზოგადოებრივი ინტერესებისა.

თბილისის მასშტაბით ბოულინგ ცენტრალი ერთ-ერთი მომხიბვლელი ადგილია პოზიტიური ემოციის მისაღებად. დახვეწილი დიზაინით გამორჩეულ  კეთილმოწყობილ სივრცეში ყველა პირობაა შექმნილი რელაქსაციისთვის. მოთამაშეები თავს ზედმიწევნით კომფორტულად გრძნობენ, შესაბამისად, არც თანხის დახარჯვა ენანებათ. სხვათა შორის, ტარიფები არც ისე დიდია _ დილის რვიდან საღამოს რვამდე 1 საათი თამაში 22 ლარი ღირს, ხოლო ღამის საათებში კი 44 ლარი.
ეს აზარტული გასართობი, რომელიც ამავდროულად სპორტულ ჟინს აღვივებს, გადაღლამდე ვარჯიშს სულაც არ მოითხოვს. პირიქით, განტვირთვის უებარი საშუალებაა. მისი ეფექტი ჯადოქრობის ტოლფასია, განსაკუთრებით XXI საუკენეში, როცა საქმიანი ცხოვრების წესმა ასე მიგვაჯაჭვა ოფისებსა თუ ავტომანქანებს. ექიმ-პრაქტიკოსთა მოსაზრებით, ბოულინგის კეგლებზე `ნადირობა~ არა მხოლოდ გვათავისუფლებს ნეგატიური ემოციისა და სტრესისგან, არამედ ებრძვის ჰიპოდინამიას, აუმჯობესებს მხედველობასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავ ზედმეტ კალორიასაც წვავს. რაც მთავარია, თამაშს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ადვილად ახერხებენ და ალბათ ამანაც განაპირობა ბოულინგით გართობისადმი საყოველთაო ლტოლვა.
როგორც მითხრეს, ბოულინგ ცენტრალში სპორტის ამ არაორდინალური სახეობის შემსწავლელი სკოლაც იქნება, პროფესიონალურ დონეზე თამაში ხომ ორმაგი ადრენალინია! თუმცა უყურადღებოდ არც მოყვარულები რჩებიან _ ინსტრუქტორის გარდა ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა გირჩიოთ როგორ გააგოროთ ბურთი უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე რომ, ჩემნაირ დამწყებ “ბოულერებს” ელემენტარულ ჩვევებში გარკვევის შემდგომ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობაც არ უნდა გაუძნელდეთ.
ბოულინგ ცენტრალში ჩინებულად ერთობიან როგორც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე მარტოც. სასიამოვნო დროსტარებისთვის ეს ადგილი მართლაც საუცხოოა. ბოულინგის გარდა, თავის შექცევა ბილიარდით, მათ შორის, უცხოეთში საკმაოდ პოპულარული სნუკერითაც შეიძლება. აქვეა ბარი კოქტეილების ფართო არჩევნითა და მსუბუქი მენიუთი. გასართობად კარაოკეც და მცირე კინოთეატრიცაა. ასეთი მრავალფეროვნება ბოულინგ ცენტრალის მთავარი ხიბლია. ერთგულ კლიენტებს უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელით. მიმდინარე სიახლეებს თვალი http://www.bowling.ge-ზე ადევნეთ. გახსოვდეთ, რომ ბოულინგისთვის აუცილებელია შესაბამისი ატრიბუტიკა. სათამაშო აქსესუარებს, ასევე, სამახსოვრო სუვენირებს ადგილზევე შეიძენთ. გართობის შემდეგ “თბილისი ცენტრალში” წარმატებულ შოპინგსაც გისურვებთ. მოხერხებული ავტოსადგომი და კომფორტი გარანტირებულია.
დანარჩენს შემდგომ ”თავისუფალ დროში” გიამბობთ _ ამ დროისთვის ბოულინგის ლიგის თუ არა, სულ ცოტა, მოყვარულ მედია-ლეგიონერთა წევრი მაინც ვიქნები 🙂


Advertisements

ღამის ცხოვრების მბრძანებლები

October 22, 2010 Leave a comment

მიუხედავად იმისა, რომ მათი კულტურა სათავეებს წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს და უკვე დიდი ისტორია აქვს, დღეს ის ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

თანამედროვე ადამიანის გართობა, მათ გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თავისუფლად შეიძლება, დიჯეი, დღევანდელობის ყველაზე საჭირო პროფესიების ჩამონათვალში წამყვან პოზიციას იკავებდეს და ალბათ, შემთხვევით არც ის მომხდარა, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე ქართული ტელეარხების საინფორმაციო გადაცემების თითქმის მთავარი თემა ის იყო, თუ ვინ რომელ კლუბში უკრავდა.
ამ პროექტის მიზანია მკითხველს კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართველი, პოპულარული დიჯეები. გავიგოთ მეტი მათი პროფესიის, პირადი ცხოვრებისა და გატაცებების შესახებ.
რადგან წარმოუდგენელია ისაუბრო ქართველ დიჯეებზე და არ ისაუბრო გიორგი ბაქანიძეზე, გადავწვიტეთ ეს პროექტი მის ხსოვნას მივუძღვნათ. პირველ სტუმრად კი მისი უახლოესი მეგობარი, თომა ჩალაძე წარმოგიდგინოთ.
თომას ბავშვობაში მუსიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს ჰქონია და მშობლების დაჟინებით, ძალით მოუწია ფორტეპიანოზე სიარული.
2003 წლიდან ის აქტიურად ეწევა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის პროპაგანდას.
კლუბებში დიჯეობა 2004 წლიდან დაიწყო, იმიტომ რომ მისი მეგობრები იყვნენამ საქმით დაკავებულები.  ის თვითნასწავლია.
თავიდან ხშირად უკრავდა კლუბ `ბერლინში” ‘ნიკა ჯაფარიძესთან, ჟორჟიკასთან და გიო ბაქანიძესთან ერთად. არც ელექტრონული მუსიკის ფესტივალები გამოუტოვებია.
დიჯეობის გარდა ეწევა საპროდუსერო და საორგანიზაციო საქმიანობას.
ის `ცუმბო ჯგუფის” (ხელოვნების კავშირი) ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრია.
ამ ზაფხულს “ლისი ლაუნჯში” აწყობდა ივენთებს.
დიჯეობის დროს არ არის ლიმიტირებული მინიმალ/ტექნო/ჰაუსში – უყვარს ჟანრების კომბინირება და ექსპერიმენტები.
თომა ჩალაძის სტატიები მუსიკალური სიახლეების შესახებ გამოქვეყნებულია  ჟურნალებში `ფოკუსი” და `ანაბეჭდი” .
თომას საყვარელი ტრეკები :

Aril Brikha – Berghain

იშვიათად უშვებს, მაგრამ როცა ეს ხდება, ყველას უხარია. დამაჯერებელი და ბუზისებრი ბეისლაინი… მშვიდი ქიქით. ყველაფერი ეს სანამ მთავარი შემოვა…

DJ Koze – Mrs Bojangels

ჯადოსნური ჰაუს ტრეკი, ჰალუცინაციის ეფექტით, რომელსაც ტექნოს მოყვარულები ითავისებენ ხოლმე, თომას აზრით, ყველაზე კარგად გარიჟრაჟს უხდება.

W.B.* – Hide You Im Schrankwand Gewand

ცოტა სევდიანი, ნაზი ვოკალითა და ფორტეპიანოს თანხლებით შექმნილი ჰაეროვანი ატმოსფერო. მისი მოსმენისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, იფიქრებ, რომ მსგავს უნიკალურს, ვეღარასდროს მოისმენ.

Ricardo Villalobos – Waiworiano

No comment

Los Hermanos –  Birth of 3000

ეს ემოციურ მელოდია ჰიმნს ჰგავს. ტრეკი რაღაცით დასასრულს უფრო ჩამოგავს, ვიდრე დასაწყისს, არადა სათაური საპირისპიროს გვეუბნება. ერთი სიტყვით, დიახ – ის მშვენიერია.


Kiki – Trust Me

რთულია ის ემოცია გადმოცე, რისი განცდაც მის კარგ ხმაზე, სწორ დროს გაჟღერებისას შეიძლება დაგეუფლოს.

Carl Craig – Sandstorms

საუკეთესო საუნდტრეკი იქნებოდა. აქ არის მეორედ მოსვლა., ომი, კატასტროფები და ამ ყველაფრის შედეგები.

ბექა მოლაშვილი

პ.ს. სპეცპროექტი ეძღვნება გიორგი ბაქანიძის ხსოვნას

 

 

 

 

 

ქართველ ოფროუდერთა ზაფხული

რას ვაკეთებთ, როცა გვყავს მანქაანა 4X4

როცა გვყავს მანქანა 4X4 და გვაინტერესებს ბოლო ზღვარი, სადაც იგი გაივლის, ანუ, რას შევძლებთ ჩვენ, ჩვენს მანქანასთან ერთად, ოფროუდერი ვხდებით. ოფროუდერები ის ადამიანები არიან, ვისაც დაბრკოლების გამო გზიდან დაბრუნება არ უყვართ.

მიცუბიში, ტოიოტა, სუძუკი, ფორდ-ბრონკო, ლენდროვერი, ნისან პატრული, მერსედეს-ჯი, ჯიპი, ნივა – ის მანქანებია, რომელთა მფლობელები თავისუფალ დროის გატარების ექტრემალურ ფორმებს ირჩევენ.
როგორც თბილისის ოფროუდერთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა ვარძელაშვილი ამბობს, საქართველო ოფროუდ-მარშრუტებისთვის ერთ-ერთი შესაფერისი ქვეყანაა, გვაქვს მთებიც, ჭაობებიც, უდაბნოც და მიტოვებული გზებიც ე.წ. “გრინლაინის” განსახორციელებლად. ანუ, ჩვენთან შესაძლებელია ოფროუდის ყველა მიმართულება განვითარდეს.

თბილისის ოფროუდერთა კლუბი წლის განმავლობაში რამდენიმე შიდა და საერთაშორისო ტურნირს აწყობს. წლევანდელ ზაფხულსაც ქართველი ოფრუდერები საკმაოდ აქტიურად ატარებენ. ივნისში მათ სომხეთში გამართულ ტურნირში იასპარეზეს. ქართული დელეგაცია იქ 10 მანქანით ჩავიდა. შეჯიბრი ჩატარდა თრაიელში, რაც გულისხმობს 700-დან 1 კმ-მდე სიგრძის ტრასაზე დაბრკოლებების გადალახვას უმოკლეს დროში. ტურნირში ოთხმა ქართულმა მანქანამ მიიღო მონაწილეობა. როგორც ნიკა ვარძელაშვილი ამბობს, იმდენად რთული ტრასა იყო, რომ 14-დან მხოლოდ 2-მა მანქანამ მიაღწია ფინიშამდე, მათ შორის, დათო ბარძიმაშვილის “ლენდ კრუიზერ პრადომ”.

ოფროუდ-ტურნირები რამდენიმე სახეობაში იმართება. მათ შორის ჯი-პი-ეს ორიენტირებაში, რაც რთულად მისადგომ ადგილებში წინასწარ მონიშნულ წერტილებამდე მისვლას გულისხმობს და თრაიელში.

ერთი თვის წინ ექტრემალური სპორტის კვირეულის ფარგლებში, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, ქართველმა ოფროუდერებმა ტურნირი თრაიელში მოაწყეს. ტურნირი 3 კატეგორიაში ჩატარდა: სტანდარტული, ანუ 2 კარიანი მანქანების, 4 კარიანი, ანუ მონსტრების და ექსტრემ-კატეგორიის. მანქანების წინასწარ მოზადებაზე არავითარი შეზღუდვა არ არსებობს ხოლმე, შეიჯიბრი დიდ დიღომში ჩატარდა. ტრასა წინასწარ იყო მომზადებული ხელოვნური დაბრკოლებებით, წყლიანი თუ მშრალი ორმოებით და ერთგვარი კარებებით, სადაც თანმიმდევრობით უნდა გაევლოთ და რაც შეიძლება სწრაფად.
სტანდარტულ კატეგორიაში 1 ადგილზე სომხური “ნივა”  გავიდა, მონსტრებში დავით საძაგლიშვილის ლედნროვერ დისკავერმა გაიმარჯვა, ექსტრემ კატეგორიაში კი გამარჯვებული დავით ლობჟანიძის სუძუკი-ჯიმანი გახდა.


ნიკა ვარძელაშვილი:
“მსგავს ტურნირს უკვე სამი წლია ვატარებთ და ამისთვის  დიდ დიღომს ვიყენებთ. გარდა ამისა, გვაქვს 3 ტიპის გასვლები, რისთვისაც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ვიყენებთ. ერთ-ერთია მომზადებული მანქანებით მიუვალ ადგილებში სიარული, რომელიც ორდღიანია, ბოლოს 3-4 ივლისს ვიყავით – სოფელ გომბორიდან ავედით გომბორის ქედზე და იქიდან ახმეტა-თელავის გზაზე ჩავედით. ამ მონაკვეთის დიდი ნაწილი ადრეც გვქონდა გავლილი, მაგრამ ახლა გაუვალი ჯუნგლები დაგვხვდა, 2 დღე მოვანდომეთ მის გავლას”.

რამდენიმე დღის წინ ოფროუდ კლუბის წევრებმა ე.წ. სასეირნო გასვლა მოაწყეს უშგულიდან უღელტეხილით ქვემოსვანეთში გადავიდნენ და რაჭის გამოვლით დაბრუნდნენ. მსგავსი გასვლა იგეგმება თუშეთშიც. იოლი გასვლა ერქვა 25 ივლისს მუხათგვერდი-ჭილის ტბით დიდგორის ქედზე გადასვლასაც, სადაც მსურველებს რთულ გზებზე გადახვევაც შეეძლოთ. ამ მარშრუტის გავლა ტრადიციად იქცა უკვე, მასში ყველა მსურველს შეუძლია წავიდეს, რავ-4, პაჯერო-იო და ნივებიც მონაწილეობენ. მსგავსი გასვლების მერე მოყვარულები თუ მათი მგზავრები ხშირად სერიოზული ოფროუდერები ხდებიან ხოლმე.

რთული გასვლებისთვის კი ჯერ სეზონი არ დამდგარა, ოფროუდერები შემოდგომის წვიმებს ელოდებიან. ტურნირსაც ოქტომბერში გეგმავენ, რაც ორიენტირებასა და ტროფი რეიდში ჩატარდება.

თბილისის ოფროუდერთა კლუბში 30 წევრია. ტურნირებზე 50-მდე მანქანა გამოდის. ბოლო დროს სულ უფრო იზრდება ინტერესი ექსტრემსპორტის ამ სახეობის მიმართ და ვიქენდებზე გაუვალ ადგილებში სიარული სულ უფრო მეტს იზიდავს. ოფოუდერთა კლუბში ცალკე მიმართულებაც ჩამოყალიბდა მათთვის, ვისაც არ უნდა მანქანა ძალიან დაზიანდეს, მაგრამ გაუვალ გზებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. მათთვის შედარებით იოლი მარშრუტები იგეგმება, როგორიცაა, მაგალითად არაგვის ხეობის გავლა ბოდორნა-თიანეთისკენ, სადაც ფუძნარის ეკლესიის და დავათის ნახვა იგულისხმება. ამ ექტრემ-გართობით ქალებიც ინტერესდებიან და ხშირად ტურნირებშიც მონაწილეობენ. ოფროუდერთა კლუბის წევრები მაია გოშაძე, მარიამ ნანობაშვილი, თამარ ალფაიძე შტურმანებადაც ხშირად გამოდიან.
ქართველი ოფროუდერები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან _ ფინანსიტები, ბიზნესმენები, მხატვრები, ფოტოგრაფები თუ ბანკის თანამშრომლები.  როგორც ამბობენ, ავტოსპორტის ეს მიმართულება რაღაცით ალპინიზმსაც ჰგავს: მთავარია გზის გავლა და არა ის, ვინ ვის გააწრებს. როგორც ნიკა ვარძელაშვილი ამბობს, ოფროუდერისთვის მთავარი ექსტრიმის სიყვარული და ბუნებაში ხეტიალია, თანაც ისე, რომ მოახერხო და შენი მანქანით იქ გაიარო, სადაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.

ბელა ჩეკურიშვილი