Archive

Archive for the ‘კინო’ Category

უცნობი დუტა

October 19, 2010 Leave a comment

დუტა სხირტლაძეზე ვილაპარაკოთ…

ერთხელ მიყვებოდი – შენი წინაპრები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, სასულიერო პირები. მიამბე მათზე.

-ბებიის მხრიდან თითქმის ყველა ან მღვდელი იყო ან – დიაკვანი. მამამისი კი ომშიც იბრძოდა, თავი ისე გამოიჩინა გეორგიევსკის ორი ორდენი და წმიდა გიორგის ჯვარი მიიღო. ხმალს, რომელიც მას დარჩა, 14 ნაჭდევი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ომში ამ ხმლით თოთხმეტი ადამიანი განგმირა. ის ახლა ჩემს დეიდაშვილთან ინახება.

როგორ ფიქრობ, რა გამოგყვა მათგან გენეტიკურად?

-ხმალი ვიცი კარგად (იცინის). მის ტრიალს ქართულად ხმლის მღერება ჰქვია, კიდევ ის გამომყვა მათგან, რომ მომთმენი ვარ და გამძლე.

ვინ იქნებოდი, სხვა, სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში რომ გეცხოვრა?

-ისევ ის ვიქნებოდი რაც ახლა ვარ – მსახიობი და ტელეწამყვანი. _

გაინტერესებს მოგზაურობა, უცხო ქვეყნები?

-ძალიან. განსაკუთრებით – ინდოეთი, ტიბეტი… საინტერესოდ მეჩვენება მათი ფილოსოფია და გამძლეობის უნარი. ამაზე მეტს არ ვილაპარაკებ, თორემ დამთრგუნავს.

სხვა თემაზე გადავიდეთ – როგორი ხარ შინ – როცა დაღლილი ბრუნდები სახლში, შეგიძლია მთელი საღამო ჩუმად იყო?

-ძირითადად, ასეა. გარეთ ცოტა სხვაგვარადაა, ჩემი პროფესია, საზოგადოება, მოითხოვს კომუნიკაციას, თუმცა ეს მიყვარს. _ შენი ოჯახი მიჩვეულია ასეთ სიტუაციებს?მიჩვეულია. საერთოდ, მიყვარს ჩუმად ყოფნა, მით უმეტეს, თუ დაღლილი ვარ.

წიგნებს კითხულობ ხოლმე ამ დროს?

-შენ წარმოიდგინე, კი. განსაკუთრებით ეს წიგნი მიყვარს “ოცეოლა –სემინოლების ბელადი” (და მსახიობი გოიკო მიტიჩი). ძირითადად, პიესებს ვკითხულობ.

ამ დროს თუ წარმოიდგენ, როგორ ითამაშებდი ამა თუ იმ როლს?

-რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია.

მიამბე შენს მეუღლეზე – როგორც შენ გინდა ისე. ოღონდ მიამბე.

-არ გვინდა ამაზე საუბარი, მხოლოდ ჩემზე ვილაპარაკოთ, ეს ჩემია, პირადია.

მაშინ, მითხარი როგორი მამა ხარ , მკაცრი თუ ლოიალური? რა საკითხებში ხარ პრინციპული?

-გადასარევი მამა ვარ, თუმცა საკმაოდ მკაცრი იმაში, რაშიც შეცდომებს დავინახავ, უყურადღებობას ვებრძვი. ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყო იმის მიმართ სად ხარ, რა გარემოში, რა ხდება შენს გარშემო. რუუსლად კარგად ჟღერს – “ვსიო სხვაჩინა”. ეს საჭიროა ცხოვრებაში. ამისთვის სპეციალური მარტივი სავარჯიშოებიც არსებობს.

რას გეძახიან შვილები – დუტას თუ მამას?

-მამას

რას გიყვებიან, როგორია მათთვის პოპულარული მამის შვილობა, დაუმალავთ ოდესმე რომ დუტას შვილები არიან?

-არ ვიცი, არ გვილაპარაკია ამ თემაზე, თუმცა ამაყობენ ჩემით. ის მომენტი ჯერ არ დამდგარა, რომ დამალონ ვისი შვილები არიან.

შენი გოგონა აპირებს მსახიობი გახდეს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

-არა, არ მაქვს პრობლემა. კომუნისტების დრო ხომ არ არის – შვილო, მაინცდამაინც საინჟინროზე ჩააბარეო, ვუთხრა. მსახიობობა რთულია, მაგრამ ამიტომ არის კარგი, აბა იოლი გზა ხომ არ უნდა აირჩიონ ცხოვრებაში?

გაიხსენე ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელმაც გაგაოცა იმით, რომ ვიღაცებმა ვერ გიცნეს

-ვერ მცნობენ უცხოეთიდან ჩამოსულები, ტელევიზორს ვინც არ უყურებს. სხვები – კი, ჯერ არ მომხდარა ვინმეს არ ვეცნე. ამას მიჩვეული ვარ. მეუბნებიან – გამარჯობას ინსტინქტურად გეუბნებითო. მეც ვესალმები, თუმცა ადამიანი რამდენჯერმე თუ არ ვნახე – გასაკვირი არ უნდა იყოს, სახეზე ვერ ვიმახსოვრებ.

რაში დაგხმარებია პოპულარობა ყველაზე მეტად?

-საქართველოში პოპულარობა ყველაფერში გეხმარება. ვერ ვიხსენებ განსაკუთრებულ შემთხვევას. საინტერესო ამბები ყოველი ეფხის ნაბიჯზე ხდება, ეს თემა სულ მუშაობს.

ხშირად ყოფილა, რომ არ გქონია სცენაზე თუ ეკრანზე გამოსვლის სურვილი, გარეგნულად მაინც მიგიღია საჭირო განწყობა და ისე გამოსულხარ?

-უმეტესწილად ესეა, ეს პროფესიის ნაწილია და ახალს არაფერს ვამბობ. მსახიობისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც სხვები დადიან თავიანთ სამსახურებში – იქნებ ვიღაცას არ აქვს განწყობა მეტალურგიულ ქარხანაში წავიდეს და ფოლადი გამოადნოს, მაგრამ მიდის და აკეთებს. მსახიობობა მარტო ხელოვნება კი არა, ხელობაა.

რა საზღვარი გადის მათ შორის?

-პრემიერამდე _ შემოქმედებითი პროცესია, მერე – ხელობა. ყველაზე მეტად სამი ეტაპი მიყვარს – მუშაობის პროცესი, შედეგი და შეფასება – მაყურებლის ტაში.

ეკრანს მიღმა უფრო ადვილია ყოფნა თუ სცენაზე?

-ამაზე მოკლედ ვერ ვილაპარაკებ. თეატრში მეოთხე არსებობს – უხილავი კედელია აღმართული მაყურებელსა და მსახიობებს შორის, ტელევიზიაში კი, ყველა კამერა მაყურებელია, რადიკალურად განსხვავდება, სხვა ტექნოლოგიაა, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ორივე მიყვარს. დურგლობა უფრო საინტერესოა თუ ფერწერა?! ორივე მიყვარს და რა ვქნა._ ალბათ არის რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

ზოგადად, ცხოვრებაში. რა არის ეს?

-ასეთი არაფერი მახსენდება, უფრო გლობალური პრობლემები მაწუხებს, ის, რომ დედამიწა სხვადასხვა კატასტროფის წინაშე დგას, ხალხი მშიერია, სადღაც ომია… ჩემი პრობლემები ჩემი საქმეა და ვცდილობ მოვაგვარო ან საერთოდ არ შევქმნა. ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია მონდომება. ცხოვრების უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

ძალიან საინტერესო იყო შენი თამაში ”დაამარცხე ვარსკვლავში”. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყავი გამარჯვებაში. როგორი იყო შენი შეგრძნებები, ნერვიულობდი?

-დარწმუნებული ვიყავი აბსოლუტურად. ვიცოდი, ეს თამაში ჩემთვის რთული არ იქნებოდა. შოუ გავაკეთეთ, სანახაობრივად მგონი კარგი გამოვიდა. არც ვნერვიულობდი, მხოლდო აზარტში შევედი.

მანქანა სადაა?

მანქანა დადის (იღიმება)

და ბოლოს, რიტორიკული შეკითხვაა და მაინც – რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

-არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი _ მოთმინება, მიზანდასახულობა, სწრაფვა, და კიდევ რაღაც _ ძნელია ამის მოკლედ ახსნა _ დაკვირვება და შრომისმოყვარეობა.

თამარ თუთისანი

აიღე კამერა და გადი გადასაღებად – ანუ ვარანის სახელოსნოს დოკუმენტური კინო-ექსპერიმენტები

კავკასიური ფილმები კულტურულ ფესვებზე

”ვარანის” კინო-სახელოსნომ კავკასიაში მუშაობის მეორე ეტაპი დაასრულა და შედეგად 3 რეჟისორის _ მარი გულბიანის, ალიკბერ ალიევის და სირაქ აბროიანის დოკუმენტური ფილმები დატოვა. პრემიერა სავარაუდოდ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ ”პრომეთეზე” შედგება.

რეჟისორებმა დამოუკიდებლად აირჩიეს თემები, მაგრამ სამივე ფილმში პრობლემად გამოჩნდა ძველიდან ახალში გადასვლის მომენტი, რასაც კონკრეტულ მაგალითებზე გვიყვებიან. სამივე რეჟისორმა გადაიღო ფილმი ერთგვარ კულტურულ ფესვებზე, ადგილზე, რომელთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან არის დაკავშირებული ადამიანი. როცა ერთის მხრივ სურვილი გაქვს დატოვო, და მიდიხარ კიდეც, მაგრამ მაინც მიბმული რჩები მასზე.

ალიკბერ ალიევის ფილმი მოგვითხრობს ტრადიციულ აზერბაიჯანულ ოჯახზე, რომელიც ბაქოსთან ახლოს, ნავთობის ჭაბურღილებთან ცხოვრობს. ოჯახის ერთი წევრი წასულია მოსკოვში და მიუხედავად ნათესავების ხვეწნისა, აღარ ბრუნდება. ფილმმა უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გაიქცა სამშობლოდან და რატომ არ სურს დაბრუნდება.
სირაქ აბროიანმა კი გადაიღო ფილმი თავის თანასოფლელებზე, რომლებსაც ზაფხულში საქონელი აჰყავთ მთის მიტოვებულ სოფლებში. ისინი იქ ოჯახებით მიდიან და როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის ეს წასვლა სამოთხეში დაბრუნებას ჰგავს ხოლმე.
მარი გულბიანიც მუდამ ”ადგილის” თემის ირგვლივ ტრიალებს. ასე იყო ვარანის სახელოსნოში გადაღებულ პირველ ფილმში, ამ თემაზეა მისი მხატვრული ფილმის სცენარიც, რომელიც კანის ფესტივალის ფარგლებში მომზადდა და ასეა ახლაც. ფილმი ”ადამიანად ყოფნის სევდა” სვანეთის ერთი სოფლის მცხოვრებლებზე მოგვითხრობს, კერძოდ კი ქალებზე, რომლებიც სვანეთში პატარძლის სტატუსით მოხვდნენ. ხოლო თუ როგორ გაითავისეს სვანების რძლობა უკრაინელმა და ყაბარდოელმა ქალებმა, ამაზე უკვე ფილმში ვნახავთ.

მარი გულბიანი: ”ბაბუაჩემი სვანეთიდან იყო და მისი გამონათქვამები სიკვდილ-სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, დამოკიდებულებებზე, სულ თან დამყვება. როცა ფილმის გადასაღებად გავემგზავრე სვანეთში, თვითონაც არ ვიცოდი, რას ვეძებდი. მუზეუმში შევხვდი ახალგაზრდა ქალს, რომელიც იყო გიდი და ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა თავისი ჩაცმულობით სვანეთის ფონზე. აღმოჩნდა, რომ უკრაინიდან იყო სვანეთში გათხოვილი. მერე მიაბიჯებდა სოფლის ორღობეში თეთრი ”ბასანოჟკებით” და მიყვებოდა, რომ სურს გახსნას სილამაზის სალონი, რადგან მის სოფელში არ არის. მის მეზობლად შევხვდი საინტერესო მოხუც ქალბატონს, ყაბარდოული თავსაბურავითა და აქსესუარებით, რომელიც ყაბარდოდან არის გამოთხოვილი და სურვილი აქვს დატოვოს სვანეთი თავის ქმართან ერთად. ამ ორი ოჯახის მეშვეობით გადავწყვიტე, მეპოვა პასუხი ჩემს კითხვებზეც და მეჩვენებინა, როგორ გადაიქცა დრამა, რომელიც გათამაშდა გადაღებების დროს, სასიამოვნო დასასრულად. ამ ფინალმა შეცვალა არა მხოლოდ ფილმი, ჩემი ცხოვრებისეული ხედვაც”.

ვარანის სახელოსნო საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. პირველ ეტაპზე მასში 12 მონაწილე იყო, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნიდან. გადაღებული ფილმები ნაჩვენები იყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ”პრომეთე”, ხოლო სახელოსნოს კურსდამთავრებულები, რომელთაგან კინემატოგრაფიული განათლება მხოლოდ მარი გულბიანს ჰქონდა, დღეს აუდიო-ვიზუალზე მუშაობენ. როგორც სახელოსნოს რეჟისორი ჟან ნოელ კრისტიანი ამბობს, მსგავსი შედეგი მხოლოდ იუგოსლავიაში ჰქონდათ. როგორც წესი, სახელოსნოს 12 მონაწილედან საშუალოდ 7 რჩება კინოსფეროში. მაგრამ გარდა სწავლებისა, ვარანის სახელოსნოს მიზანი ისიცაა, შეცვალოს ადამიანების ცხოვრება, სამყაროს მიმართ მათი ხედვა. ”ვარანში” ისინი უჩვეულო გამოცდილებას ღებულობენ. რაც შეეხება პროფესიონალებს, ვარანის სახელოსნოებიდან გამოვიდნენ რეჟისორები, რომლებიც დღეს ცნობილნი არიან საფრანგეთში.

”ვარანის” სახელოსნოს სწავლების პრინციპი სრულიად განსხვავდება სხვა კინოსკოლების სწავლების მეთოდებისგან და გულისმხობს ყოველგვარი თეორიისა და წინასწარი მომზადების გარეშე, კამერით ხელში გადაღებაზე წასვლას. მისმა ფუძემდებელმა, რეჟისორმა ჟან როშმა დოკუნეტური კინოს გადაღების ამგვარი სწავლება 1978 წელს შეიმუშავა მოზამბიკისათვის, როცა მოზამბიკის მთავრობამ სთხოვა ფრანგ რეჟისორებს, ჩასუულიყვნენ და გადაეღოთ ფილმები ამ ქვეყანაზე. მაშინ ჟან როშმა გადაწყვიტა, ჩასულიყო იქ და მსურველთათვის ფილმების გადაღება ესწავლებინა. ასე შეიქმნა პირველი სახელოსნო, სადაც მონაწილეობდნენ ექთნები, ინჟინრები, მასწავლებლები. ეს იყო 3 თვიანი სწავლების კურსი ძალიან მარტივი მეთოდით: დილით მიმდნარეობს გადაღებები, დღის მეორე ნახევარში ხდება მასალის ნახვა და საღამოს მისი დამონტაჟება.

ჟან ნოელ ქრისტიანი: ”ყოველგვარი თეორიული მომზადების გარეშე, პირდაპირ ვიღებთ კამერას და გავდივართ გადასაღებად. ფიქრითაც გადაღების პროცესში ვფიქრობთ. იმ პრობლემებზე კი, გადაღებისას რომ წარმოიშვება, მერე ვსაუბრობთ და ვარჩევთ. ჩვენ გაგვაჩნია ტექნიკა, განსხავევბით ბევრი კინოსკოლისგან, სადაც დიდხანს ასწვლიან თეორიას და პრაქტიკაზე ძალიან გვიან გადადიან, ანდა, საერთოდ არ გადადიან. ჩვენთან თეორია მიბმულია პრაქტიკასთან და გზადაგზა ვასწავლით. ჩვენ ვხსნით ხედვას, რომ დაიწყოს ადამიანმა აზროვნება. მონაწილეები სწავლობენ იმას, რომ მუდმივად გაიაზრონ, რას აკეთებენ. საფრანგეთის ორი ყველაზე დიდი კინოთეორეტიკოსი ვარანის სახელოსნოში მუშაობს”.

რეჟისორ ჟან როში მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ”ვარანის” სახელოსნო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შევიდა: მექსიკა, ბოლივია, ნორვეგია, კენია, კამბოჯა, ვიეტნამი, უიგოსლავია, ავღანეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და რასაკვირველია, მუშაობს საფრანგეთშიც, სადაც ეს პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება. ყოველ სახელოსნოში 12 მონაწილეა.

”ვარანი” აღებს კარს კინოსკენ დოკუმენტური კინოს მეშვეობით. არ ვამბობ, რომ დოკუმენტური კინო მარტივი გადასაღებია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პირდაპირ შეგიძლია დაიწყო გადაღება. და მეორე, დოკუმენტურ კინოს დიდი ხანია გააჩნია თავისუფლება. შეგიძლია ბევრ თემას შეეხო, ფართო არჩევანია და რეალობასთან ამგვარი შეხვედრა, რასაც დოკუმენტური კინო ჰქვია, გისხნის კარს მხატვრული ფილმისკენაც.

სწავლების პროცესში მე ვარ მაყურებელი, რომელიც იძლევა რჩევას, მაგრამ მიყვარს როცა ახალგაზრდა კოლეგები ჭკვიანურად არ მიჯერებენ ხოლმე. ჩვენი ურთიერთობა კოლეგებს შორის დისკუსიაა. მე უფრო გამოცდილი ვარ, რასაც ახლავს პლიუსებიც და მინუსებიც, – ამბობს ჟან ნოელ კრისტიანი.

როდესაც 2006 წელს საფრანგეთის რეგიონალური კულტურის ატაშემ გიიომ პიერმა გადაწყვიტა, ვარანის სახელოსნო კავკასიაში მოეწვია, მისი მიზანი იყო ამ კონფლიქტურ რეგიონში დოკუმენტური კინოხედვის განვითარება. ვინაიდან კინოაზროვნებას უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, ვიდრე პოლიტიკაა, თუნდაც ეს დოკუმენტური კინო იყოს. მაშინ 12 ფილმი გაკეთდა. ამ სახელოსნოს პრივილეგია ისიცაა, რომ სწავლების გარდა იქმნება ფილმები, რომელიც ამ რეჟისორთა სავიზიტო ბარათი ხდება, თუკი ისინი კინოში მუშაობას აგრძელებენ.
`ვარანის~ სახელოსნოს 2 ეტაპიანი ციკლი კავკასიაში დასრულდა. ჟან ნოელ კრისტიანის თქმით, ისინი დიდი სიამოვნებით გააგრძელებენ მუშაობას ამ რეგიონში, თუკი ფინანსები მოიძებნება და კიდევ მრავალ კინომოყვარულს გაუღებენ კარს დოკუმენტური კინოსკენ. მანამდე კი მადლობას ვუხდით დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრს საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტს, შვეიცარიის განვითარების ფონდს, გულბეკიანის ფონდს, ”ჯიპას”, ფონდ ”ტასოს”, კომპანია ”ჯორჯიან გლასს”, თუნდაც იმისათვის, რომ დღეს კავკასიის ცხოვრებაზე 12+3 დოკუმენტური ფილმი არსებობს.

ბელა ჩეკურიშვილი

კინო – უსაზღვრო ტერიტორია

ლოს-ანჯელესიდან დაბრუნებულმა მსახიობმა ნუცა კუხიანიძემ საქართველოში გუკა რჩეულიშვილი გაიცნო და აქ დარჩა. ახლა მათ სამი წლის კატო ჰყავთ და კიდევ _ “სანგუკო” _ ნუცას, გუკას, სანდროს და კოტეს ერთობლივი კინოსტუდია, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფს უკვე ბევრი საინტერესო ფილმი შემატა.

“სანგუკოს” პროექტი _ “5”, საქართველოს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე ორას ორმოცდაათი ათასი ლარით დაფინანსდა. პროექტის მიხედვით ხუთ ფილმს ხუთი რეჟისორი გადაიღებს და მათი მთლიანი ბიუჯეტი თითქმის ორნახევარი მილიონი ლარი იქნება.

ნუცა:
_ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი კინო-წარსული აქვს, არ შეიძლება კინო რაღაც მიზეზების გამო აღარ არსებობდეს. კინო – ეს უსაზღვრებო ტერიტორიაა, რომელიც ყველა ადამიანს ემოციურ დონეზე ეხება, ყველასთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი ენაა. ჩვენ საკმაოდ მოწყვეტილები ვართ მსოფლიოსგან, ის კი თავის გზაზე მიდის და ჩვენ ვცდილობთ ავყვეთ ამ ტემპს. კინო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რომ მოხდეს ეს შერწყმა. კარგი იქნება, თუ ქართველები ხელოვნების პირით მოვყვებით ჩვენს რეალობას, სიზმრებს თუ ოცნებებს და რისი თქმაც უნდა ამ სფეროში მოღვაწე ხალხს, დანარჩენ სამყაროს მივაწვდით. ამ სფეროს მოვლა სჭირდება, გაფრთხილება და შენარჩუნება. თუ სათქმელი აღარ გვაქვს, მაშინ, სჯობს, ამბიციებიც არ გვქონდეს. მაგრამ, ვხედავ, რომ ეს ამბიცია და მოთხოვნილება, რომ კინო წინ წავიდეს, არსებობს. არის ხალხი, ვისაც უნდა ეს აკეთოს.

_ რა არის ძირითადი განსხვავება ქართულ და უცხოურ კინემატოგრაფს შორის?

_ ამ ეტაპზე ორი მთავარი განსხვავებაა _ ფინანსები და პროფესიონალიზმი. მათ ძალიან დიდი პრაქტიკა აქვთ. საბჭოთა კავშირის დროს ეს გამოცდილება ჩვენც გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა აპარატურით ვიღებდით და, ხანდახან, _ წლობითაც. მერე ქვეყანასთან ერთად კინოსფეროც გაიყინა და ამ მცოდნე ადამიანების ძველი თაობა აღარ დარჩა ჩვენში. დღევანდელ თაობას, კი, გასაქანი თითქმის არ აქვს _ არ არის აპარატურა, კინოთეატრები ცოტაა, ტელევიზიაში საშინელ ფილმებს უშვებენ, კინოლიტერატურა არ არსებობს… ლექტორები ახალს ვერაფერს ასწავლიან, არავინ ჩამოდის ლექციების წასაკითხად, არ ხდება ინფორმაციის გაცვლა, ჯერ კიდევ დახურული სივრცეა… ახალი თაობა ვერ ვითარდება, მხოლოდ თვითონ შეუძლიათ თავიანთ თავზე იმუშაონ, ინტერნეტში ეძებონ… იღებენ და აკოწიწებენ კინოს, ახლა იწყებენ…
არადა, თვითგანათლება, მიუხედავად მონდომებისა, ყველას ხომ არ შეუძლია, მაგალითად, მე, უცხო ენას ლექსიკონებით ვერ ვისწავლი, მასწავლებელი მჭირდება.

_ რის მიხედვით აარჩიეთ სცენარები?

_ ამ ხუთ პროექტს რომ ვიწყებდით, სცენარების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო _ არ უნდა ყოფილიყო სპეცეფექტები და სხვა სირთულეები, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდება. უნდა ყოფილიყო უბრალოდ, კარგი ისტორიები. ფილმი დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება გააკეთო. კინოკლასიკის არც ისე მცირე ნაწილი საკმაოდ დაბალბიუჯეტიანია და იქ არის მხოლოდ კინოს სიყვარული. დიდი თანხების დახარჯვას ცოდნაც უნდა, იმდენი პროფესიონალიზმი უნდა გქონდეს, რომ სწორად დახარჯო და დახარჯული თანხით სწორი შედეგი მიიღო. თავიდან პირიქით დავიწყეთ _ ჯერ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვიღებდით… მერე გადავიღეთ `მედიატორი~ _ ყველაზე ძვირადღირებული კინოპროექტი ამ ბოლო წლების განმავლობაში რაც გაკეთებულა. ორი მილიონი ევრო ძალიან, ძალიან დიდი თანხაა საქართველოსთვის და აღმოვაჩინეთ, რომ ეს გათვლა არასწორი იყო. მივხვდით, რომ მთავარია, გქონდეს კარგი სცენარი, ყველაფერი ამით იწყება.
ახლა რაც გვაქვს, ყველა ძალიან მომწონს და ეს მახარებს. დიდ დროს, დიდ გულს და დიდ ფინანსებს ვდებთ ამაში. პრემიერები ოქტომბრიდან დაიწყება. ერთი წლის განმავლობაში იგეგმება ყველა პრემიერის ჩატარება.

_ ”სანგუკომ” უკვე საკმაოდ ბევრი ფილმი გადაიღო.

_ მინდა ჩემი სტუდიის საშუალებით ხალხს, ვისაც უყვარს კინო და მისი გადაღება უნდა, მივცე ამის საშუალება, მინდა, ეს არ იყოს ვიღაცის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და აბსოლუტურად თავისუფალი ზონა შევქმნა.
_ ორი ფილმისთვის უკვე ჩაატარეთ შერჩევა. რას იტყოდით მათზე, ვისთანაც ახლა მუშაობთ?
_ საოცრად მონდომებულები არიან, ცდილობენ, მაქსიმალურად დაკავებული იყვნენ კინოთი. ეს პროექტები რომ დავიწყეთ, უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა, გვთხოვდნენ, ანაზღაურების გარეშე, ინტერნებად მაინც მოსულიყვნენ ჩვენთან. ხუთი წლის წინ, როცა მსგავსი რამ გამოვაცხადეთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა. მოთხოვნილება გაჩნდა და ახალი თაობის ბევრი ნიჭიერი ახალი სახე მუშაობს ამ პროექტებზე.

_ ვინ არიან რეჟისორები?

_ მთლიანი ბიუჯეტი ხუთ ფილმზე გადანაწილდა. მათ გადაიღებენ რეჟისორები თაკო შავგულიძე, ნიკა მაჩაიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, დავით უჯმაჯურიძე და გიორგი ლიფონავა.

_ რა არის ამ ხუთი ფილმის შინაარსი?

_ ყველა სხვადასხვა თემაზეა. ერთ ფილმი _ “დაბადებულები საქართველოში” _ არის ოთხი მეგობრის ისტორია 2008 წლის ომის შემდეგ, რომელიც დღევანდელ საქართველოში ვითარდება. ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც ახალგაზრდებზეა და შეულამაზებლად გადმოსცემს ყველაფერს.
მეორე _ რეჟისორ დათო უჯმაჯურიძის “ველური დღეების ქრონიკა” _ “ცისფერი მთების” რი-მეიკია. არ ვიცი რა გამოვა, თუმცა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. გაუგებარი, ბიუროკატიული სიტუაციები, ქაოსი თანამედროვე რეალობაში, ყოფილი ჟურნალის _ “ანაბეჭდის” რედაქციაში ვითარდება. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ორმოცი წლის შემდეგაც კი, ეს ყოფა დიდად არ შეცვლილა.
ირაკლი ჩხიკვაძე სასიყვარულო კომედიას იღებს, ნაწილობრივ მიუზიკლს _ “გული +”. ის ერთ-ერთ სააგენტოზე გვიამბობს, რომელშიც მიდიან ადამიანები, ვინც ცალმხრივადაა შეყვარებული და სააგენტო უგეგმავს როგორ შეაყვაროს თავი. ძალიან გასართობი გამოვა, ასე მგონია.
მეოთხე ფილმი არის “ნონო”, გიორგი ლიფონავას რეჟისორობით. მისი სცენარი მე და ჩემმა მეგობარმა ამერიკაში ყოფნისას დავწერეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაცნობა კომერციული კუთხით, ერთგვარი სავიზიტო ბარათი. რომანტიკული ისტორიაა, რომელშიც გმირები მთელ საქართველოს მოივლიან და ქართველ გოგონა ამერიკელ ბიჭს აცნობს თავის ქვეყანას.

_ ნაცნობ მსახიობებს ვნახავთ?

_ ცნობილი სახეებიდან თამაშობენ გიორგი გიორგანაშვილი – ბახალა, ვანიკო თარხნიშვილი, თამარ სხირტლაძე, თორნიკე ბზიავა, რუსკა მაყაშვილი, მეც… ახალი სახეებიც აღმოვაჩინეთ. ნიკა მაჩაიძე იღებს მეხუთე ფილმს _ ”თამაში”, რომელსაც ”ქართულ ავატარს” ვეძახი, იმიტომ, რომ მთლიანად მწვანე ფონზე მიდის გადაღებები. ნოვატორულია. მოგვითხრობს კომპიუტერულ თამაშზე, სამყაროზე, რომელსაც ადამიანი თვითონ ქმნის. ამ თამაშში ატყობს, რომ რაღაცები მისდა უნებურად ვითარდება. ის გადაწყვეტს, შევიდეს მასში და აღმოაჩენს, რომ მის მიერ შექმნილი რეალობა არც ისე სახარბიელოა.

ნუცა კუხიანიძის რვა როლს ფილმებიდან : “არა, მეგობარო”, ”27 დაკარგული კოცნა”, ”კარგი ქურდი”, ”მატილდა”, ”მოგზაურობა ყარაბაღში – 1”, ”მოგზაურობა ყარაბაღში – 2”, ”ბინძური საქმე” და ”მედიატორი” კიდევ ერთი კინოსახე შეემატა ბოლო ფილმში, რომელსაც ახლა თამარ შავგულიძე იღებს _ ”დაბადებულები საქართველოში”.

ნუცა: ეს არც ისე ბევრია… თუმცა ყველა როლმა დატოვა თავისი კვალი ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, უფრო საინტერესოა ითამაშო შენგან განსხვავებული პერსონაჟი. ამ დროს შენს თავს ერთგვარ გამოცდას, ტესტს უტარებ, შენში ახალ რაღაცებს იკვლევ, აანალიზებ და ახალ მეებს პოულობ. ყველაზე კრიტიკული ჩემი თავის მიმართ მე ვარ. ჩემთვის მთავარია, კინომ დატოვოს განცდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვიტირებ, გავბრაზდები, შემეშინდება თუ შემიყვარდება. მთავარია შემეხოს. თუ ადგები და ფილმი აღარ გახსოვს, ის არ არის კინო. ბევრი ფილმი და მსახიობი მახსენდება, რომელიც შემეხო.

_ როგორ ნაწილდება დრო – ოჯახსა და სამსახურს შორის?

_ ბოლო ხუთი წელი მთლიანად `სანგუკოს~ ეთმობოდა. მერე მივხვდი, მაინც სიცარიელეს ვგრძნობ, ცოტა გამოვიფიტე. მინდა მსახიობობას მეტი დრო დავუთმო. ვაპირებ, ამ მხრივ გავაქტიურდე. მსახიობი კი სულ უნდა მუშაობდეს თავის თავზე. საერთოდ, თუ რაღაცას ვაკეთებ, ბოლომდე უნდა გავითავისო. ორი შვილი მყავს _ სამი წლის კატო და ”სანგუკო”. რომელსაც უფრო ვჭირდები, მას ვუთმობ მეტ ყურადღებას.

თამარ თუთისანი