Archive

Archive for the ‘მუსიკა’ Category

ჯაზი თავისუფლებაა

September 15, 2010 Leave a comment

გიორგი მიქაძეს დღეს ყველა იცნობს… ახალგაზრდა მუსიკოსი მეორე ქართველია, რომელიც ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ისწავლის. სასურველი სასწავლებელი ახდენილ ოცნებად ნახევარ საათიანმა გამოცდამ აქცია. 15 წუთი საკუთარი თავის წარსადგენად, 15-იც გასაუბრებისთვის, – ნოდარ გაბუნიას ”იმპროვიზაცია და ტოკატას” გიორგისეულმა შესრულებამ გამომცდელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა…

გიორგი: ერთხელ მითხრეს, ბერკლი არის ის კოლეჯი, სადაც ყველაზე მაგრები სწავლობენო, ამიტომ იქ შეღწევა ძალიან რთულად მეჩვენებოდა. გამოცდაზე არ მინერვიულია. ვიცოდი ერთი, – მე, როგორც ქართველს კარგად უნდა წარმედგინა თავი და ქვეყანა. შევედი და ვთქვი, მე ნოდარ გაბუნიას კომპოზიციას შევასრულებ-მეთქი, ვისაუბრე მასზე. როცა დაკვრა დავამთავრე,  დარბაზი გაჩუმდა. ძალიან კარგი ქულები გიწერიაო, მითხრეს.. ორ კვირაში  პასუხი მოვიდა. ბერკლში 4წლიანი სასწავლო პროგრამა 100%-იან დაფინანსებით მივიღე.

შენი პირველი ნაბიჯები მუსიკაში….

წლინახევრის ვიყავი, როცა ჩემები მიხვდნენ, რომ მუსიკისადმი მქონდა ლტოლვა, ამიტომ როგორც კი ცოტა  წამოვიზარდე მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს. დედაჩემი მომღერალია.  ღმერთი გაძლევს კარგ ქვას და შენზეა დამოკიდებული ალმასად აქცევ თუ არა. მე ვგრძნობ, რომ ძალიან დიდი ქვა მადევს ზურგზე, მისი ტარება არც ისე ადვილია.  საერთოდ ყველაფერი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ნიჭი და სიზარმაცე ერთად უნიჭობას ქმნის… მე ვთვლი, ნიჭიერია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ნიჭის რეალიზების უნარი აქვს.

ათწლედის შემდეგ იყო კონსერვატორია, სადაც ჯაზ ტრიო შექმენი…

კონსერვატორიაში ჩაბარების პერიოდში უკვე შემოქმედებით წვას განვიცდიდი, სიახლე მჭირდებოდა და მაწუხებდა, რომ ჯაზის ფაკულტეტი აქ არ არსებობდა. მე კი ამ მიმართულებით განვითარება მჭირდებოდა. განსხვავებულის კეთების სურვილმა  ჯაზ ტრიოს შექმნისკენ მიბიძგა.

როდის და რატომ დაინტერესდი ჯაზით?

კლასიკის გარდა კომპოზიციაზე ნუნუ დუღაშვილთან დავდიოდი. პირველად სწორედ მან მომასმენინა ოსკარ პიტერსონის კასეტა. სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში ვიქნებოდი… ამ პერიოდისთვის უკვე ყველაფერს ვუკრავდი, ვუსმენდი და შემდეგ ჩემეულ ინტერპრეტაციას ვუკეთებდი, იმპროვიზაციის უნარი მქონდა… სულ რაღაცის შეცვლას ვცდილობდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო. პიტერსონს რომ მოვუსმინე, მივხვდი, – ეს გამოწვევა იყო სწრაფი თითებითა და სწრაფი პეიზაჟებით. გამიჩნდა სურვილი, გამემეორებინა ის, რასაც ჯერ მხოლოდ ვუსმენდი, ვერ ვიტყვი რომ ადვილი იყო, ჯაზი სისწრაფეა, რომელსაც ყურის მიჩვევა სჭირდება…ის ნელ-ნელა შემოვიდა ჩემში და ბოლოს ჩემი მუსიკა გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯაზში თვითნასწავლი ვარ.

რა არის შენთვის ჯაზი?

ერთხელ  ლუი ამსტრონგს ჰკითხეს, თუ რა არის ჯაზი და ვერ ახსნა… ვერავინ გეტყვით, იმიტომ რომ არავინ იცის…  ერთადერთი ამის თქმა შემიძლია, – ისეთი მგრძნობელობა აქვს, რომ კარ ხასიათზე გაყენებს, უსმენ და გულს უხარია. ჯაზი თავისუფლების გამოხატულებაა, ჩემი აზრებისა და ემოციების ბგერებით გამოხატვის საშუალება. ეს კლასიკურ მუსიკას ნაკლებად ახასიათებს. კომპოზიციის შესრულებისას ჩარჩოებში ხარ მოქცეული, გიწერია ნოტები… მართალია შეგიძლია, ესა თუ ის ნაწარმოები შენეული ინტერპრეტაციით შეასრულო, მაგრამ იდეა არ იცვლება.. ცოტა გრჩება გასაკეთებელი…

როცა კონცერტზე გამოდიხარ, ვისთვის უკრავ?

კარგ შეკითხვას მისვამ და იცი რატომ, – მე ამაზე სხვადასხვაგვარი პასუხის გაცემა შემიძლია. ადამიანი ყოველთვის ერთ ხასიათზე ვერ იქნება, შესაბამისად ერთნაირად დაკვრაც შეუძლებელია… მუსიკოსს სცენაზე მედიატორის როლი აკისრია… მე  შუაში ვარ, ერთ მხარეს  მუსიკაა, მეორე მხარეს – აუდიტორია. შენ ერთი ანთებ ცეცხლს და ამ ცეცხლით მთელი პუბლიკისთვის სიამოვნების მინიჭებას ცდილობ… როცა ჭეშმარიტად გრძობ და ამის გადმოცემა გსურს, არ არსებობს, ეს მსმენელმა ვერ იგრძნოს. მე ვუკრავ ხალხისთვის, მუსიკისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის, რადგან ეს ის კაიფია, რომელსაც ვერცერთი ნარკოტიკი ვერ მოგცემს.

გარდა შემოქმედებითი ნიჭისა, რა თვისება უნდა ჰქონდეს მუსიკოსს?

რასაც მუსიკოსში ვაფასებ, ეს თავმდაბლობაა… ნამდვილი შემოქმედი არ ჰგავს სიმინდს, რომელიც მაღალია, მაგრამ ტარო არ აქვს. ჰერბინ ჰენკოკი წერს, სცენაზე მე პირველ რიგში ვარ ადამიანი და მერე მუსიკოსი… თუ კარგი ადამიანი არ ხარ, მსმენელს ვერ მონუსხავ. ჯაზ ფესტივალზე მაიკლ სტერნი გავიცანი, ეს გენიოსი იმდენად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომ გავოცდი… საერთოდ ჯაზფესტივალზე დაკვრაჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავიცანი მსოფლიო დონის მუსიკოსები, მათთან ერთად დავუკარი, ვისაც მთელიცხოვრება ვუსმენდი…საერთოდ რომ შევხვდი და ვესაუბრე, ესეც დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის.

მუსიკა გაპიროვნებულია შენთვის?

ადამიანებს როცა ვხედავ და ვესაუბრები, მე ვგრძნობ მათ. ჩემები მეუბნებიან აუტანელი და გიჟი ხარო, – დავუჯერო? 🙂 ერთი ვიცი, ხელოვანს გვერდით ისეთი მეორე ნახევარი სჭირდება, ვინც გაუგებს, მის სიგიჟეებს გაიზიარებს, იდეების განხორციელებაში დაეხმარება.

გია ყანჩელის აღმოჩენა ხარ… როგორ მოხვდი რუსთაველის თეატრში?

სავაჭრო ცენტ ჯი-თი-სი-ში მე და ჩემს ჯაზ ტრიოს კონცერტი გვქონდა. გია ყანჩელს ჩვენი აფიშა უნახავს და მოვიდა.კონცერტის დასრულების შემდეგ მოვიდა და მითხრა, რომ რობიკო სტურუასთან ერთად ახალ სპეკტაკლზე მუშაობდა.”ბიდერმანი და ცეცლხის წამკიდებელი” იმით იქნებოდა განსაკუთრებული, რომ სცენაზე ჯაზ ტრიო დაუკრავდა. მოვხვდი თეატრში, სადაც ფაქტობრივად, ”მასწავლებლის” ამპლუაში აღმოვჩნდი. გიას დაწერილ მუსიკას ვმეცადინეოდი და მერე მსახიობებს ვასწავლიდი, შემდეგ მოდიოდა თავად და ჩვენს ნამუშევრებს ვაბარებდით. სამწუხაროდ, ამ პერიოდს  ჩემი ამერიკაში მიწვევა დაემთხვა.  ტეხასში კლასიკური მუსიკის საზაფხულო ინსტიტუტში მსოფლიოდან 4 კაცში მოვხვდი,ეს იყო შანსი, რომელსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი…  მართალია, სპეკტაკლის პრემიერაზე ცოცხალი შესრულება არ გამოვიდა, მაგრამ ჩემი მეგობრობა რუსთაველის თეატრთან ამით არ დასრულებულა… დაბრუნებულმა რობერტ სტურუას მოსწავლისგან ლევან ხვიჩიასგან მივიღე შემოთავაზება, სპეკტაკლისთვის ”აფსენტი” მუსიკა უნდა დამეწერა… სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას.

რობიკო სტურუა შენზე წერს: ”თეატრს ძალიან შეუყვარდა ეს ნიჭიერი და ახალგაზრდა კაცი”… შენ რისი თქმა შეგიძლია?

ბატონმა რობიკომ როცა მითხრა, რომ მე რუსთაველის თეატრის ოჯახის წევრი ვარ, ძალიან ბედნიერი ვიყავი… თეატრი ჩემი მეორე სახლი გახდა.. ხშირად მარტოც კი მივსულვარ, ჩამქრალ სცენაზე სიძველისთვის დამიგდია ყური.

სჭირდება თუ არა განწყობა მუსიკის შექმნას?

როცა ადამიანი შემოქმედებითს ქმნის, აუცილებლად რაღაც აწუხებს, ან ვიღაც უყვარს, ან ვინმეზე გაბრაზებულია. მუზა ჩემთვის ყველაფერია. როდესაც თეატრისთვის თემა შევქმენი, მაშინ ერთი ადამიანით ვიყავი დაინტერესებული.. შეკვეთით შეიძლება გავაკეთო, მაგრამ შეკვეთილი მუსიკა გულიდან არ მოდის ხოლმე… და როცა ნაწარმოებს გულწრფელობა აკლია, ძნელიაა მისი ემოციებით გადმოცემა. რეაქციების გარეშე წერა კომპოზიტორებს გამომუშავებული აქვთ,  მე  კი ჯერჯერობით კომპოზიტორი არ ვარ.

ვინ არის შენი მუზა?

ჩემს ირგვლის უამრავი ადამიანი ტრიალებს… სხვადასხვა მუსიკა შეიძლება სხვადასხვა პიროვნებისთვის იყოს განკუთვნილი… არ ვიცი, რა დროს რა მოხდება… მე ისიც კი არ მინდა ვიცოდე, ვინ ვიქნები მომავალში. ერთმა ამერიკელმა მითხრა, შენ ამერიკამ გიყიდაო, აღარ გაგიშვებენ ხელიდანო…. მე არ მინდა, რომ ვინმემ მიყიდოს, უბრალოდ მინდა, რომ ჩემს საქმეს ვემსახურო…

თინათინ სამყურაშვილი

ყველა დროის საუკეთესო დაისი

September 6, 2010 Leave a comment

არსებობს შედევრები, რომლებსაც ბუნება თავად ქმნის. არსებობს შედევრები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან. Café del Mar კი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც  ადამიანმა და ბუნებამ საერთო გამონახეს და ჰარმონიულად, ერთობლივი შედევრი შექმნეს.

ეს არც რომელიმე ცნობილი მწერლის ხატოვანი გამოთქმა და არც კაფეს კართან გაკრული მემორიალური დაფის ტექსტის ქართული თარგმანია. თუმცა ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იმ საოცრების ნაწილი, რასაც იბიცა და “კაფე დელ მარ” ქვია, იმედია დამეთანხმება.

კუნძულ იბიცაზე, 30 წლის წინ, დღევანდელი “კაფე დელ მარ”-ის ადგილას მყოფმა, მზის ჩასვლით შთაგონებულმა სამმა  ახალგაზრდამ, რამონ გუილარმა, კარლოს ანდრეამ და ხოსე ლესმა, საკმაოდ ამბიციური გეგმის განხორციელება დაისახა მიზნად.

მათ გადაწყვიტეს მსოფლიოში საუკეთესო დაისი შეექმნათ და ვინაიდან ქვიშა, ზღვა და მასში ჩამავალი ნარინჯისფერი მზე უკვე ჰქონდათ, მიზნის მისაღწევად საჭირო სხვა ინგრედიენტების ძიება დაიწყეს.

მათ, პირველ რიგში, კატალონიელ არქიტექტორ ლუი გუელს, სანაპიროზე მარტივი და უპრეტენზიო ნაგებობა ააშენებინეს. სახელის მოფიქრებაზე ტვინი არ უჭყლეტიათ და შენობას პირდაპირ “კაფე ზღვასთან” დაარქვეს. პრიმიტიულობის მიუხედავად სახელი ყველას ძალიან მოეწონა. ალბათ იმიტომ, რომ ძნელია სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც ასე ამართლებდეს საკუთარ სახელწოდებას.

შემდეგ შენობის სახელის და გარემოს მსგავსი სასიამოვნო, იოლად მოსასმენი მუსიკა ჩართეს, რომელსაც მოგვიანებით მელომანებმა Chillout, Lounge ან უბრალოდ Sunset Music უწოდეს, და იმის შემდეგ აღარც გამოურთავთ.
აღარ გამოურთავთ, იმიტომ, რომ, როდესაც მიმოიხედეს და დარწმუნდნენ, რომ საუკეთესო დაისის შექმნა შეძლეს, შეამჩნიეს რომ მარტონი აღარ იყვნენ.
Café del Mar მალევე მოექცა ხარისხიანი დასვენების მოყვარულთა ყურადღების ცენტრში.

მოგვიანებით Café del Mar ხარისხიანი შოუბიზნესის მესვეურთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა და შედეგად 1994 წლიდან მუსიკალურმა სამყარომ  უკვე Café del Mar-ის მუსიკალური კომპილაციები მიიღო, რომელთაც კაფეს რეზიდენტი დიჯეი ხოსე პადილა ადგენდა.
ამ ზაფხულს კაფეს 30 წელი შეუსრულდა და იბიცაზე განსაკუთრებული ჟრიამულია. იუბილესთან  დაკავშირებით მალე ახალი 3 დისკიანი კომპილაციაც გამოვა და შესაბამისი პრეზენტაციაც გაიმართება. ასე, რომ ვისაც ზაფხული ჯერ კიდევ არ დაუგეგმავს და თავისუფალი დროც აქვს, შეუძლია მსოფლიოს ნომერ პირველი დაისის ცქერით, განსაკუთრებულ ვითარებაში დატკბეს.

P.ს.

ზოგადად თურქეთის და იქ დასვენების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა თუ ქართული ტურისტული სააგენტოები ფართო აუდიტორიას ქემერის, კუშადასის და ბოდრუმის გარდა სხვა კურორტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას, სადაც შეიძლება ადამიანურ და არა ასტრონომიულ ფასად დაისვენო, მემგონი ყველა კმაყოფილი დარჩება.

ბექა მოლაშვილი

 

მუსიკა – რა და რატომ?!!

August 10, 2010 1 comment


The Chemical Brothers – Further

მუსიკის კეთება იმ გონივრული რეცეპტის მეშვეობით, რომელიც ამ ელექტრონულმა დუეტმა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში შეიმუშავა, როგორც ჩანს კვლავაც აქტუალურია. ამ რეცეპტის წყალობით, რომელშიც დროდადრო, მრავალფეროვნებისთვის სანელებლებს ცოტათი ცვლიან კიდეც, დუეტი მუდმივად ორ კურდღელს იჭერს – ტრეკები ყოველთვის კარგი გამოსდით და თან ქიმიური ძმები არასოდეს არავიში შეგეშლება. რასაკვირველია დროთა განმავლობაში მხოლოდ სანელებლების შეცვლა აღარ იქნება საკმარისი და ძირითადი ინკრედიენტებიც მოითხოვს გადახედვას, მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა

Eminem – Recovery

არა, შეიძლება ძალიან ცუდი არაა და ერთხელ მოისმინო კიდეც, ოღონდ ბოლომდე არა, ალბათ უფრო ნახევარი ალბომი, ან სამი სიმღერა, მაგრამ აქ ცუდზე და კარგზე არაა საქმე. მისი სმენისას უბრალოდ საინტერესო კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ – ვისთვისაა ეს ? ვის ჭირდება დღეს, 2010 წელს ეს ძველი ინერციით დაწერილი ნაძალადევი სიმღერები ? ალბათ არც არავის, მათ შორის დოქტორ დრესაც კი, რომელიც ნელ ნელა, დიპლომატიურად და კორექტულად ეცლება წლების წინ მისსავე აღმოჩენილ, უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ რეპერს

Robyn – Body Talk Pt 1

ეტყობა ეს შვედი პოპ ვარსკვლავი, რომელსაც სიმღერა გუშინ ნამდვილად არ დაუწყია და პირველ რიგში სამშობლოში და მეტნაკლებად ევროპის მასშტაბიტაც პოპულარულია, არ კმაყოფილდება მიღწეულით და ცდილობს მსოფლიო პოპ სცენის სიმაღლეები შტურმით აიღოს. მისი ახალი ალბომი იმ ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომლის გამოსვლაც 2010 წელსაა დაგეგმილი და მიზანად რობინის საბოლოოდ გავარსკვლავებას ისახავს. დანარჩენ ორ ნაწილზე გასაგები მიზეზების გამო ვერ ვისაუბრებთ. სასტარტო სისრაფე კი რობინს არ დაეწუნება, რაც მას ფინიშზე სასურველ დროში მისვლის იმედს ნამდვილად აძლევს

Tom Petty & The Heartbreakers – Mojo

ვისაც ნამდვილი როკ’ენ როლი მოენატრა ამაზე უკეთესს ამ მომენტისთვის ვერაფერს ნახავს. ყველზე საინტერესო და გასახარი კი ისაა, რომ პეტი და კომპანია ყველა სიმღერას ისე ლაღად და მსუბუქად ასრულებს, თითქოს დამსახურებული ვარსკვლავები კი არა დამწყები მუსიკოსები იყვნენ, რომლებსაც უნდათ იკეკლუცონ და ამით თავი მოგაწონონ. კონდინციონერიან MBV-ს კუპეში ამის მოსმენა არ ღირს, პიკაპი უნდა ამას, ცოტა სიცხე, ჩაწეული ფანჯრები და მტვერი გზაზე

ბექა მოლაშვილი