Archive

Archive for the ‘სპორტი’ Category

აზარტი, ჟინი, განტვირთვა …

October 26, 2010 Leave a comment

თუკი სამომავლოდ ჩემში ბოულერისთვის დამახასიათებელმა აზარტმა გაიღვიძა, ეს იმ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებით, რაც ახლახან გადამხდა. საქმე ისაა, რომ სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” ნაწილობრივად ათვისებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე მომიწია მისვლა, თუმცა, ბოულინგის ცენტრს მოულოდნელად მივაკვლიე. ყოვლად ინფორმირებულ პროფესიონალ მოთამაშეებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემნაირი _ ზომიერად უჟმური, საქმისაგან სეზონურად გადაქანცული და, ერთი სიტყვით, უმრავლესობაში მყოფი ობივატელისთვის, აქაურობა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ოქტომბრიდან ბოულინგური ციებ-ცხელების სეზონი იწყება და თამაშის მოყვარულებს ჩემგან არ ესწავლებათ, რომ უმარტივესი წესების მქონე ეს თავშესაქცევი ერთნაირი დოზით იზიდავს და ახალისებს ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკისა და საზოგადოებრივი ინტერესებისა.

თბილისის მასშტაბით ბოულინგ ცენტრალი ერთ-ერთი მომხიბვლელი ადგილია პოზიტიური ემოციის მისაღებად. დახვეწილი დიზაინით გამორჩეულ  კეთილმოწყობილ სივრცეში ყველა პირობაა შექმნილი რელაქსაციისთვის. მოთამაშეები თავს ზედმიწევნით კომფორტულად გრძნობენ, შესაბამისად, არც თანხის დახარჯვა ენანებათ. სხვათა შორის, ტარიფები არც ისე დიდია _ დილის რვიდან საღამოს რვამდე 1 საათი თამაში 22 ლარი ღირს, ხოლო ღამის საათებში კი 44 ლარი.
ეს აზარტული გასართობი, რომელიც ამავდროულად სპორტულ ჟინს აღვივებს, გადაღლამდე ვარჯიშს სულაც არ მოითხოვს. პირიქით, განტვირთვის უებარი საშუალებაა. მისი ეფექტი ჯადოქრობის ტოლფასია, განსაკუთრებით XXI საუკენეში, როცა საქმიანი ცხოვრების წესმა ასე მიგვაჯაჭვა ოფისებსა თუ ავტომანქანებს. ექიმ-პრაქტიკოსთა მოსაზრებით, ბოულინგის კეგლებზე `ნადირობა~ არა მხოლოდ გვათავისუფლებს ნეგატიური ემოციისა და სტრესისგან, არამედ ებრძვის ჰიპოდინამიას, აუმჯობესებს მხედველობასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავ ზედმეტ კალორიასაც წვავს. რაც მთავარია, თამაშს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ადვილად ახერხებენ და ალბათ ამანაც განაპირობა ბოულინგით გართობისადმი საყოველთაო ლტოლვა.
როგორც მითხრეს, ბოულინგ ცენტრალში სპორტის ამ არაორდინალური სახეობის შემსწავლელი სკოლაც იქნება, პროფესიონალურ დონეზე თამაში ხომ ორმაგი ადრენალინია! თუმცა უყურადღებოდ არც მოყვარულები რჩებიან _ ინსტრუქტორის გარდა ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა გირჩიოთ როგორ გააგოროთ ბურთი უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე რომ, ჩემნაირ დამწყებ “ბოულერებს” ელემენტარულ ჩვევებში გარკვევის შემდგომ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობაც არ უნდა გაუძნელდეთ.
ბოულინგ ცენტრალში ჩინებულად ერთობიან როგორც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე მარტოც. სასიამოვნო დროსტარებისთვის ეს ადგილი მართლაც საუცხოოა. ბოულინგის გარდა, თავის შექცევა ბილიარდით, მათ შორის, უცხოეთში საკმაოდ პოპულარული სნუკერითაც შეიძლება. აქვეა ბარი კოქტეილების ფართო არჩევნითა და მსუბუქი მენიუთი. გასართობად კარაოკეც და მცირე კინოთეატრიცაა. ასეთი მრავალფეროვნება ბოულინგ ცენტრალის მთავარი ხიბლია. ერთგულ კლიენტებს უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელით. მიმდინარე სიახლეებს თვალი http://www.bowling.ge-ზე ადევნეთ. გახსოვდეთ, რომ ბოულინგისთვის აუცილებელია შესაბამისი ატრიბუტიკა. სათამაშო აქსესუარებს, ასევე, სამახსოვრო სუვენირებს ადგილზევე შეიძენთ. გართობის შემდეგ “თბილისი ცენტრალში” წარმატებულ შოპინგსაც გისურვებთ. მოხერხებული ავტოსადგომი და კომფორტი გარანტირებულია.
დანარჩენს შემდგომ ”თავისუფალ დროში” გიამბობთ _ ამ დროისთვის ბოულინგის ლიგის თუ არა, სულ ცოტა, მოყვარულ მედია-ლეგიონერთა წევრი მაინც ვიქნები 🙂


კაიტსერფინგი – ზედმეტად აქტიური დასვენება

September 8, 2010 Leave a comment

ოცდამეერთე საუკუნის გართობა – ასე ახასიათებენ კაიტსერფინგს ისინი, ვისაც სპორტის ეს ექსტრემალური, დინამიური და ძალიან ლამაზი სახეობა ახლოდან უნახავთ. ხოლო ვინც გაბედა და კაიტის გემო პირადად გასინჯა, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩება. სერფინგის დაფისა და პარაშუტისმაგვარი აფრის – კაიტის კომბინაცია ზღვის ტალღებთან ბრძოლის და წყლის ზედაპირზე ფრენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თითოეულ მოძრაობას თუ რისკიან ილეთს ადამიანი ქარისა და კაიტის დახმარებით თავად აკონტროლებს და ენითაუწერელ აზარტში შედის. სისწრაფე 80 კილომეტრ/საათს აღწევს. ჰაერში აჭრილი სპორტსმენის წყლის ზედაპირზე დაშვებას კი ხანდახან 10 წამიც არ ყოფნის.

ეს ზედმეტად აქტიური დასვენების საშუალება საოცარი ტემპით იხვეჭს პოპულარობას. ევროპულ კურორტებზე წლიდან წლამდე იზრდება მოყვარულ კაიტინგ-რაიდერთა რაოდენობა. ხოლო პროფესიონალთა შორის უკვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ტარდება.


კაიტსერფინგი სპორტის ძალიან ახალგაზრდა სახეობაა და მისი შესასწავლი ლიტერატურაც საკმაოდ მწირია. თუმცა წიგნებით ხელმძღვანელობა სასურველ შედეგამდე ვერაფრით მიგიყვანთ. ეს დაახლოებით იგივეა, თვითმფრინავის მართვა თეორიულად რომ შეისწავლოთ და უმალ აფრენა მოინდომოთ. ერთი პატარა შეცდომა კაიტის დაზიანებად და ხელ-ფეხის მოტეხილობად შეიძლება დაგიჯდეთ.

ბოლო წლებში კაიტინგი კიდევ რამდენიმე ქვე-სახეობით გამრავალფეროვანდა. კაიტს, წყლის დაფის გარდა უკვე სნოუბორდსა და თხილამურებსაც უწყვილებენ და თოვლიან ზედაპირზე დაჰქრიან. არათოვლიან და უწყლო ადგილებში კი მაუტინბორდს (საბურავებიან დაფას) იყენებენ.

პროფესიონალები დამწყებ რაიდერებს კაიტის ხელში აღებამდე სრული ამუნიციის შეძენას ურჩევენ, რათა შესაძლო ტრავმებისგან მეტად დაცულები იყვნენ.

ოთო მაღლაკელიძე