Archive

Posts Tagged ‘ბექა მოლაშვილი’

ღამის ცხოვრების მბრძანებლები

October 22, 2010 Leave a comment

მიუხედავად იმისა, რომ მათი კულტურა სათავეებს წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს და უკვე დიდი ისტორია აქვს, დღეს ის ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

თანამედროვე ადამიანის გართობა, მათ გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თავისუფლად შეიძლება, დიჯეი, დღევანდელობის ყველაზე საჭირო პროფესიების ჩამონათვალში წამყვან პოზიციას იკავებდეს და ალბათ, შემთხვევით არც ის მომხდარა, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე ქართული ტელეარხების საინფორმაციო გადაცემების თითქმის მთავარი თემა ის იყო, თუ ვინ რომელ კლუბში უკრავდა.
ამ პროექტის მიზანია მკითხველს კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართველი, პოპულარული დიჯეები. გავიგოთ მეტი მათი პროფესიის, პირადი ცხოვრებისა და გატაცებების შესახებ.
რადგან წარმოუდგენელია ისაუბრო ქართველ დიჯეებზე და არ ისაუბრო გიორგი ბაქანიძეზე, გადავწვიტეთ ეს პროექტი მის ხსოვნას მივუძღვნათ. პირველ სტუმრად კი მისი უახლოესი მეგობარი, თომა ჩალაძე წარმოგიდგინოთ.
თომას ბავშვობაში მუსიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს ჰქონია და მშობლების დაჟინებით, ძალით მოუწია ფორტეპიანოზე სიარული.
2003 წლიდან ის აქტიურად ეწევა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის პროპაგანდას.
კლუბებში დიჯეობა 2004 წლიდან დაიწყო, იმიტომ რომ მისი მეგობრები იყვნენამ საქმით დაკავებულები.  ის თვითნასწავლია.
თავიდან ხშირად უკრავდა კლუბ `ბერლინში” ‘ნიკა ჯაფარიძესთან, ჟორჟიკასთან და გიო ბაქანიძესთან ერთად. არც ელექტრონული მუსიკის ფესტივალები გამოუტოვებია.
დიჯეობის გარდა ეწევა საპროდუსერო და საორგანიზაციო საქმიანობას.
ის `ცუმბო ჯგუფის” (ხელოვნების კავშირი) ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრია.
ამ ზაფხულს “ლისი ლაუნჯში” აწყობდა ივენთებს.
დიჯეობის დროს არ არის ლიმიტირებული მინიმალ/ტექნო/ჰაუსში – უყვარს ჟანრების კომბინირება და ექსპერიმენტები.
თომა ჩალაძის სტატიები მუსიკალური სიახლეების შესახებ გამოქვეყნებულია  ჟურნალებში `ფოკუსი” და `ანაბეჭდი” .
თომას საყვარელი ტრეკები :

Aril Brikha – Berghain

იშვიათად უშვებს, მაგრამ როცა ეს ხდება, ყველას უხარია. დამაჯერებელი და ბუზისებრი ბეისლაინი… მშვიდი ქიქით. ყველაფერი ეს სანამ მთავარი შემოვა…

DJ Koze – Mrs Bojangels

ჯადოსნური ჰაუს ტრეკი, ჰალუცინაციის ეფექტით, რომელსაც ტექნოს მოყვარულები ითავისებენ ხოლმე, თომას აზრით, ყველაზე კარგად გარიჟრაჟს უხდება.

W.B.* – Hide You Im Schrankwand Gewand

ცოტა სევდიანი, ნაზი ვოკალითა და ფორტეპიანოს თანხლებით შექმნილი ჰაეროვანი ატმოსფერო. მისი მოსმენისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, იფიქრებ, რომ მსგავს უნიკალურს, ვეღარასდროს მოისმენ.

Ricardo Villalobos – Waiworiano

No comment

Los Hermanos –  Birth of 3000

ეს ემოციურ მელოდია ჰიმნს ჰგავს. ტრეკი რაღაცით დასასრულს უფრო ჩამოგავს, ვიდრე დასაწყისს, არადა სათაური საპირისპიროს გვეუბნება. ერთი სიტყვით, დიახ – ის მშვენიერია.


Kiki – Trust Me

რთულია ის ემოცია გადმოცე, რისი განცდაც მის კარგ ხმაზე, სწორ დროს გაჟღერებისას შეიძლება დაგეუფლოს.

Carl Craig – Sandstorms

საუკეთესო საუნდტრეკი იქნებოდა. აქ არის მეორედ მოსვლა., ომი, კატასტროფები და ამ ყველაფრის შედეგები.

ბექა მოლაშვილი

პ.ს. სპეცპროექტი ეძღვნება გიორგი ბაქანიძის ხსოვნას

 

 

 

 

 

ყველა დროის საუკეთესო დაისი

September 6, 2010 Leave a comment

არსებობს შედევრები, რომლებსაც ბუნება თავად ქმნის. არსებობს შედევრები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან. Café del Mar კი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც  ადამიანმა და ბუნებამ საერთო გამონახეს და ჰარმონიულად, ერთობლივი შედევრი შექმნეს.

ეს არც რომელიმე ცნობილი მწერლის ხატოვანი გამოთქმა და არც კაფეს კართან გაკრული მემორიალური დაფის ტექსტის ქართული თარგმანია. თუმცა ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იმ საოცრების ნაწილი, რასაც იბიცა და “კაფე დელ მარ” ქვია, იმედია დამეთანხმება.

კუნძულ იბიცაზე, 30 წლის წინ, დღევანდელი “კაფე დელ მარ”-ის ადგილას მყოფმა, მზის ჩასვლით შთაგონებულმა სამმა  ახალგაზრდამ, რამონ გუილარმა, კარლოს ანდრეამ და ხოსე ლესმა, საკმაოდ ამბიციური გეგმის განხორციელება დაისახა მიზნად.

მათ გადაწყვიტეს მსოფლიოში საუკეთესო დაისი შეექმნათ და ვინაიდან ქვიშა, ზღვა და მასში ჩამავალი ნარინჯისფერი მზე უკვე ჰქონდათ, მიზნის მისაღწევად საჭირო სხვა ინგრედიენტების ძიება დაიწყეს.

მათ, პირველ რიგში, კატალონიელ არქიტექტორ ლუი გუელს, სანაპიროზე მარტივი და უპრეტენზიო ნაგებობა ააშენებინეს. სახელის მოფიქრებაზე ტვინი არ უჭყლეტიათ და შენობას პირდაპირ “კაფე ზღვასთან” დაარქვეს. პრიმიტიულობის მიუხედავად სახელი ყველას ძალიან მოეწონა. ალბათ იმიტომ, რომ ძნელია სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც ასე ამართლებდეს საკუთარ სახელწოდებას.

შემდეგ შენობის სახელის და გარემოს მსგავსი სასიამოვნო, იოლად მოსასმენი მუსიკა ჩართეს, რომელსაც მოგვიანებით მელომანებმა Chillout, Lounge ან უბრალოდ Sunset Music უწოდეს, და იმის შემდეგ აღარც გამოურთავთ.
აღარ გამოურთავთ, იმიტომ, რომ, როდესაც მიმოიხედეს და დარწმუნდნენ, რომ საუკეთესო დაისის შექმნა შეძლეს, შეამჩნიეს რომ მარტონი აღარ იყვნენ.
Café del Mar მალევე მოექცა ხარისხიანი დასვენების მოყვარულთა ყურადღების ცენტრში.

მოგვიანებით Café del Mar ხარისხიანი შოუბიზნესის მესვეურთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა და შედეგად 1994 წლიდან მუსიკალურმა სამყარომ  უკვე Café del Mar-ის მუსიკალური კომპილაციები მიიღო, რომელთაც კაფეს რეზიდენტი დიჯეი ხოსე პადილა ადგენდა.
ამ ზაფხულს კაფეს 30 წელი შეუსრულდა და იბიცაზე განსაკუთრებული ჟრიამულია. იუბილესთან  დაკავშირებით მალე ახალი 3 დისკიანი კომპილაციაც გამოვა და შესაბამისი პრეზენტაციაც გაიმართება. ასე, რომ ვისაც ზაფხული ჯერ კიდევ არ დაუგეგმავს და თავისუფალი დროც აქვს, შეუძლია მსოფლიოს ნომერ პირველი დაისის ცქერით, განსაკუთრებულ ვითარებაში დატკბეს.

P.ს.

ზოგადად თურქეთის და იქ დასვენების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა თუ ქართული ტურისტული სააგენტოები ფართო აუდიტორიას ქემერის, კუშადასის და ბოდრუმის გარდა სხვა კურორტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას, სადაც შეიძლება ადამიანურ და არა ასტრონომიულ ფასად დაისვენო, მემგონი ყველა კმაყოფილი დარჩება.

ბექა მოლაშვილი

 

ადაპტაცია

August 28, 2010 2 comments

დილით ლოლას სასტუმროში მივაკითხე. არ დამხვდა. ბოტანიკურ ბაღში სავარჯიშოდ  წასულიყო. თუმცა მალე მოვიდა. 5 წუთი მინდაო ხელით მანიშნა და ნომერში ავიდა. 40 წუთში მზად იყო. იმის ნიშნად რომ დაგვიანებით არაფერი დაშავებულა, ტელევიზორში ბათუმში ახალგახსნილ კლუბზე სიუჟეტს ბოლომდე ვუყურე და შემდეგ შევიმჩნიე. წინასწარ დაყენებული ხელოვნურად-სერიოზული სახე მივიღე, როგორც ვენესუელური სერიალების გმირები ეკეთებენ ხოლმე მნიშვნელოვანი დიალოგების წინ და დავიწყე :

– ლოლა ძვირფასო, იმ დღიდან, როცა გავიგე, რომ ნამდვილად ჩამოდიოდი, იმაზე ფიქრი არ შემიწყვეტია თუ როგორ უნდა მეთქვა ის, რასაც ახლა გეტყვი. არა, ტექსტი არ დამიწერია და არც სარკის წინ გამითამაშებია ეს სცენა, მაგრამ ძალიან ბევრს ვფქრობდი, როდის უნდა მეთქვა ეს…

ვერ ვიტყვი რომ ლოლა დაიძაბა, თუმცა ნამდვილად ინტერესით ელოდა გაგრძელებას.

– მოკლედ ადრე თუ გვიან მაინც შევეხებოდით ამ თემას და მგონია რომ გასაწელი და შესამზადებელი აღარაფერია. მინდა ახლავე გითრხა ყველაფერი და დავისვენო. მესმის რომ დელიკატური საკითხია და შეიძლება ეგრევე პასუხის გაცემა გაგიჭირდეს, მაგრამ დროს ვერ მოგცემ. როგორც კი გკითხავ ეგრევე უნდა მიპასუხო.

ლოლას პასუხი არ გაუცია, უბრალოდ გაიღიმა, ოღონდ უცნაურად, პრინციპში უფრო დამეჯღანა, აი ფილმებშია ხოლმე ეგრე. გგონია რომ პერსონაჟი იცინის, შემდეგ “ატიეზდი” იწყება და ხედავ, რომ კი არ იცინის არამედ იღრიჯება, რადგან მეორე პერსონაჟმა, რომელიც მანამდე მკვდარი გეგონა შუბით ან რამით განგმირა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლოლასგან საუბრის გაგრძელებაზე თანხმობას ან ნებართვას არ ველოდი, უბრალოდ სახის გასწორებას დაველოდე ვკითხე :

– ლოლა… ხინკალი გინდა ?

წამიერად დუმილი |ჩამოვარდა, თითქოს ჰაერი გაბლანტდა და დამძიმდა.
თუმცა წამიერად, რადგან ლოლას მალევე გაეცინა, რა დეგენერატი ხარო მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა. როგორც ჩანდა იმის აღიარებას, რომ ცოტა ინერვიულა, არ აპირებდა, ამიტომ გავყევი და თემა, უკვე ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელე. გავარკვიეთ, რომ ასე ვთქვათ ცივილიზებულ ადგილას ხინკლის ჭამას ფასანაურში წასვლა და სადმე ფაცხაში მოჯდომა გვერჩივნა და დავიძარით.

თავიდან მეგონა მომესმა, მაგრამ კიდევ რამდენჯერმე რომ გავიგე ლოლას ხმით მონოტონურად ნათქვამი – ღვედი, ღვედი, ღვედი, მივხვდი რაშიც იყო საქმე და გადავიჭირე. იქვე განვუმარტე, რომ ოფიციალურად ქალაქში, სანამ ტრასაზე გავიდოდით ამის აუცილებლობა არ იყო, რაზეც თხუთმეტწუთიანი ლექცია მოვისმინე სახელწოდებით “ღვედის როლი თანამედეროვე განვითარებული ადამიანის ცხოვრებაში”.

ამასობაში თბილისსაც გავცდით და მალე სასურველ ფაცხასაც მივაგენით. იქ ძალიან საყვარელი ცოლ-ქმარი დაგვხვდა. სუფრის გაშლის პარალელურად შვილების ამბებს გვიყვებოდნენ, რომლებიც საბერძნეთში სამუშაოდ წასულიყვნენ, რაზეც ლოლას გული აუჩუყდა და თავისი ამბავიც უთხრა. ავტომატურად მათ შორის ურთიერთობა უფრო მეტად დათბა და მივხვდი, რომ ხინკლის მოსვლამდე, დრო სასიამოვნო საუბარში გავიდოდა. არადა თავიდან თავში გამიელვა ახლა ამან, ამათ, აქ WIFI  არ მოსთხოვოს-მეთქი.
ხინკალი აღმოჩნდა ფანტასტიური. შემდეგ კი დადგა ის მისტიური მომენტი, როდესაც ხინკლის მაგიური ძალის ზემოქმედების შედეგად ყველაფერი დროებით აზრს კარგავს ხოლმე. ლოლას გავეხუმრე – რა კარგია, რომ ეს პოსტ ხინკლური გაყუჩების პერიოდი მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, თორემ ქართველები დედამიწაზე ალბათ ყველაზე ზარმაცი ხალხი ვიქნებოდით მეთქი, რაზეც პასუხად თვალების ნელ-ნელა დახამხამება მივიღე, თითქოს მთხოვდა ამაზე ვრცელი პასუხის გაცემა ახლა არ მომთხოვოო.

რაღაც ხანში ძალ-ღონე მოვიკრიბე და ლოლასთვის საღამოს გეგმების გაცნობას შევუდექი. აქვე ვუთხარი გარკვეულწილად სიურპრიზს გიმზადებ და ბოლომდე გეგმებს ვერ გაგაცნობ მეთქი, მაგრამ მანამდე მოდუნებისთვის და “ჩილინგისთვის” ბეთანიაში sky lounge-ში ასვლა შევთავაზე.

აქვე დავამშვიდე, ვიცი, გამოცვლა და გაპრანჭვა გენდომება, სასტუმრო გზაზეა და მაგაზე არ ინერვიულო მეთქი. ლოლას გეგმა მოეწონა, უბრალოდ დაინტერესდა სულ ასეთი აწყობილი მქონდა ცხოვრებაში ყველაფერი, თუ მის გამო ხდებოდა ასე, რაზეც ჩემგან თვალების ხამხამი და პასუხი – ამაზე ვრცელ პასუხს ახლა ნუ მომთხოვ მეთქი, მიიღო.

ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა, გარკვეულ ხანში sky lounge-ში აღმოვჩნდით. პუფში ჩავეშვით. კარგად მოვკალათდით, მენეჯერს სიტუაცია და მუსიკა მოვუწონეთ, ბევრი ხილი და ცივი წყვენი შევუკვეთეთ. შევთანხმდით, რომ საქმიანები არ ვიქნებოდით, მეილებს არ შევამოწმებდით და მხოლოდ გარემოს შესაფერის მარტივ თემებზე ვილაპარაკებდით.

რამდენიმე უდარდელი საათის გასვლის შემდეგ წასვლის დრო დადგა. ბეთანიაში, ფატუნას აგარაკზე, სადაც ქართველ დიზაინერს მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაეკეთებიდა, ხალხი ალბათ უკვე იკრiბებოდა. ლოლას სიურპრიზი შევახსენე და დავიძარით. გზაში არაფრით არ დამიჯერა, რომ იმ მნიშვნელოვანი განცხადების შინაარსი მეც არ ვიცოდი და ეცადა გაბუტულიყო, თუმცა მალე მივედით და დრო არ ეყო.

ეზოში ბევრი ხალხი ტრიალებდა. საწვეულებო განწყობა იყო. ლოლა ფატუნას და მეგობრებს წარვუდგინე. ზოგ-ზოგიერთებს შევატყე ცოტა ეჭვის თვალით შეხედეს. ამიტომ, ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ მეთქი ვიხუმრე და ინტრიგაც უფრო გავაძლიერე.
ცოტა ხანში ფატუნამ სიჩუმისკენ მოგვიწოდა. გავინაბეთ. ის მოემზადა და თავისი ჩვეული ხალასი ხმით გამოგვიცხადა, რომ ყველა იქ მყოფს 22 ოქტომბერს, მაიმამიში თავის ჩვენებაზე გვეპატიჟებოდა, სადაც ქალის და მამაკაცის 25 ახალ კოსტიუმს წარმოადგენდა. ფატუნას სიტყვას ოვაცია, მილოცვები, შამპანური და ფეერვერკი მოყვა. დიჯეიმაც არ დააყოვნა და ეს სასიამოვნოდ გაოგნებული ხალხი გართობის ახალ ფაზაში გადაგვიყვანა.

წვეულება გვიანობამდე გაგრძელდა, ლოლა ერთობოდა. კომუნიკაბელური იყო და ხალხთან ურთიერთობა არ უჭირდა. ის კი არა იქით მაქცევდა ყურადღებას, რამდენჯერმე მოვიდა და ვიღაცეები გამაცნო, თან ჩემი ჭიქიდან, ისე, ვითომ სასხვათაშორისოდ სასმელიც კი მოსვა და როდესაც იქ სუფთა, ნატურალური წვენი დახვდა, ალკოჰოლური დანამატების გარეშე, შემაქო, თავზე ხელი გადამისვა და ისევ ახალ ნაცნობებს შეუერთდა.
მანქანასთან თავისი ფეხით, დახმარების გარეშე კი მოვიდა, მაგრამ  სავარძელში ისე მოკალათდა, მივხვდი გზაში მოსაუბრე არ მეყოლებოდა. ბოლო რაც გავიგე სიტყვები – ღვედი, ღვედი, ღვედი – იყო, რომელიც ჩემს მიერ მანამდე ჩართულ Thievery Corporation-ს საეჭვოდ კარგად ემიქსებოდა…

ბექა მოლაშვილი

მუსიკა – რა და რატომ?!!

August 10, 2010 1 comment


The Chemical Brothers – Further

მუსიკის კეთება იმ გონივრული რეცეპტის მეშვეობით, რომელიც ამ ელექტრონულმა დუეტმა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში შეიმუშავა, როგორც ჩანს კვლავაც აქტუალურია. ამ რეცეპტის წყალობით, რომელშიც დროდადრო, მრავალფეროვნებისთვის სანელებლებს ცოტათი ცვლიან კიდეც, დუეტი მუდმივად ორ კურდღელს იჭერს – ტრეკები ყოველთვის კარგი გამოსდით და თან ქიმიური ძმები არასოდეს არავიში შეგეშლება. რასაკვირველია დროთა განმავლობაში მხოლოდ სანელებლების შეცვლა აღარ იქნება საკმარისი და ძირითადი ინკრედიენტებიც მოითხოვს გადახედვას, მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა

Eminem – Recovery

არა, შეიძლება ძალიან ცუდი არაა და ერთხელ მოისმინო კიდეც, ოღონდ ბოლომდე არა, ალბათ უფრო ნახევარი ალბომი, ან სამი სიმღერა, მაგრამ აქ ცუდზე და კარგზე არაა საქმე. მისი სმენისას უბრალოდ საინტერესო კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ – ვისთვისაა ეს ? ვის ჭირდება დღეს, 2010 წელს ეს ძველი ინერციით დაწერილი ნაძალადევი სიმღერები ? ალბათ არც არავის, მათ შორის დოქტორ დრესაც კი, რომელიც ნელ ნელა, დიპლომატიურად და კორექტულად ეცლება წლების წინ მისსავე აღმოჩენილ, უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ რეპერს

Robyn – Body Talk Pt 1

ეტყობა ეს შვედი პოპ ვარსკვლავი, რომელსაც სიმღერა გუშინ ნამდვილად არ დაუწყია და პირველ რიგში სამშობლოში და მეტნაკლებად ევროპის მასშტაბიტაც პოპულარულია, არ კმაყოფილდება მიღწეულით და ცდილობს მსოფლიო პოპ სცენის სიმაღლეები შტურმით აიღოს. მისი ახალი ალბომი იმ ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომლის გამოსვლაც 2010 წელსაა დაგეგმილი და მიზანად რობინის საბოლოოდ გავარსკვლავებას ისახავს. დანარჩენ ორ ნაწილზე გასაგები მიზეზების გამო ვერ ვისაუბრებთ. სასტარტო სისრაფე კი რობინს არ დაეწუნება, რაც მას ფინიშზე სასურველ დროში მისვლის იმედს ნამდვილად აძლევს

Tom Petty & The Heartbreakers – Mojo

ვისაც ნამდვილი როკ’ენ როლი მოენატრა ამაზე უკეთესს ამ მომენტისთვის ვერაფერს ნახავს. ყველზე საინტერესო და გასახარი კი ისაა, რომ პეტი და კომპანია ყველა სიმღერას ისე ლაღად და მსუბუქად ასრულებს, თითქოს დამსახურებული ვარსკვლავები კი არა დამწყები მუსიკოსები იყვნენ, რომლებსაც უნდათ იკეკლუცონ და ამით თავი მოგაწონონ. კონდინციონერიან MBV-ს კუპეში ამის მოსმენა არ ღირს, პიკაპი უნდა ამას, ცოტა სიცხე, ჩაწეული ფანჯრები და მტვერი გზაზე

ბექა მოლაშვილი

საჟურნალე სერიალი, თავი პირველი – Welcome Home

August 4, 2010 4 comments

ლოლა ფეისბუკზე დამიმეგობრდა (ფრენდ რექვესტი). თავიდან ვერც კი მივხვდი ვინ იყო, ამიტომ არაფერი მიმიწერია. რამდენიმე დღის შემდეგ თვითონ შემეხმიანა. გამიკვირდა. არ მჯეროდა, რომ ის იყო. ავტომატურად წლების თვლა დავიწყე და ჩვიდმეტზე რომ ავედი… გავჩერდი. თავი გავიმართლე – სურათი რომ არ გიდევს, ვერ გიცანი მეთქი, რაზედაც, შევიცვალე და მაინც ვერ მიცნობდიო, მიპასუხა.

ის საღამო ფეისბუკში გავატარეთ.

შევთანხმდით, რომ ხვალ, თბილისის დროით “ლანჩ თაიმზე” ისევ ონლაინ ვიქნებოდით.
მომდევნო დღეს, ზუსტად პირველზე ცოფფეე გე.-ში ჩემს საყვარელ მაგიდასთან ვიჯექი და უგემრიელეს ცეზარს მივირთმევდი. ლეპტოპიც მომარჯვებული მქონდა.
ლოლაც პუნქტუალური აღმოჩნდა და დავიწყეთ…
რეალობაში ტელეფონის ზარმა დამაბრუნა, საათნახევრი გასულიყო. შეხვედრა მქონდა. მე და ლოლა ერთმანეთს ხვალამდე დავემშვიდობეთ.

მეორე დღეს, ზუსტად იმავე დროს, ისევ coffee.ge-ში, ზუსტად იმავე, ჩემს საყვარელ მაგიდასთან ვიჯექი… და ესე გაგრძელდა დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში.

კინაღამ დამავიწყდა მეთქვა… ლოლა 93-ში გაარიდეს აქაურობას. ძირითადად ევროპაში ცხოვრობდა. ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს წლები კონტაქტი არ გვქონია. დაახლოებით ერთ თვემდე დამჭირდა, რომ ჩამოსვლაზე დამეთანხმებინა. გამიმართლა. სპონტანური ტიპი აღმოჩნდა. თან ვიამაყე, რომ სერიოზული კონკურენტი, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩამოვიცილე გზიდან. კიდევ ორი კვირა ვიზას და რაღაც ფორმალობებს დასჭირდა. ბოლოს, როგორც იქნა მისი ჩამოსვლის კონკრეტული დღეც გაირკვა.

დღეს სწორედ ის კონკრეტული დღეა. შაბათი. ვიღვიძებ, ვბანაობ… ბლა, ბლა ბლა, სახლიდან გავდივარ, ვქოქავ მანქანას და ყვავილების მაღაზიაში მივდივარ. თაიგულს თავის დროზე მახვედრებენ. ყვავილები ინტერნეტში, სურათზეც ლამაზი ჩანდა, მაგრამ რელურად კიდევ უფრო მშვენიერი გამოდგა.

რეისი დროულად ჩამოფრინდა. ერთმანეთს მოსაცდელში ვხვდებით. ყვავილები იქით იყოს და, ლოლაც რეალობაში უკეთესია. ის მეც და გარემოსაც ერთნაირი ინტერესით გვათვალიერებს. ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს აეროპორტი. მე ვუხსნი, რომ ეს ახალი შენობაა და ვერ ემახსოვრება. არ მეკამათება და ყვავილებს მიწონებს. მიხარია, რომ 15 ჩემოდანი არ აქვს. სამივეს ვართმევ და მანქანისკენ მივდივართ…

ქალაქისკენ მივდივართ. ლოლა განსაკუთრებულ ემოციას არ გამოხატავს. არაფერი ახსოვს, ან თავისთვის ადარებს ძველს და ახალს.

სადილის დროა. თითქოს ლოგიკური იქნება, ქართულ კერძებს მონატრებულ მეგობარს ხინკალი შევთავაზო. მაგრამ ლანჩისთვის რამე უფრო მსუბუქს ვფიქრობ. თანაც, ევროპულ სამზარეულოს მიჩვეული არ მინდა დასაწყესშივე მსუყე ქართული კერძებით დავაფრთხო…

– ლოლა : პირველი ხდება და იქ წავიდეთ
– მე : სად იქ ?
– ლოლა : ოოოო, ვითომ ვერ ხვდები …

ზუსტად პირველი საათია. მე და ლოლა coffee.ge-ში ჩემს საყვარელ მაგიდასთან ვსხედვართ.

Es realmente bonito lugar (ძალიან ლამაზი ადგილია ესპ.)– ამბობს ლოლა და მენიუს უღრმავდება.
შეკვეთა მალე მოდის, ჩვენ “რიბაის” და “ფილეტო დი მანძოს” მივირთმევთ. ლოლა აღფრთოვანებას ვერ მალავს. მეც ვეხუმრები, იოჰანესბურგში ასეთ სტეიკს სად მოგიტანდენთქო და ძალაუნებურად მსოფლიო ჩემპიონატზე ვერთვებით.

ფეხბურთი რომ უყვარდა ვიცოდი, მაგრამ ასეთი თავგადაკლული ფანი და აზარტული მოთამაშე თუ იყო არა. აიტეხა ტოტალიზატორში წამიყვანე ესპანეთზე უნდა დავდოო. არ მომეწონა ეს იდეა, ცნობილი რვაფეხას წინასწარმეტყველების გამო ზედმეტად ლოგიკურად მივიჩნიე ეს შედეგი, მაგრამ ლოლა შეუვალი აღმოჩნდა. წვენი მოსვა და წასასვლელად მოემზადა. მე ავუხსენი, ფსონის გასაკეთებლად წასვლა არაა საჭიროთქო და ტოტალიზატორ მაქსიმალის საიტზე შევედი. ლოლა ეკრანს მიაშტერდა და მითხრა, თბილისში ბევრად მაღალი კოეფიციენტები ყოფილა და ამიერიდან სულ აქ ვითამაშებო.

სანამ დებდა შევატყვე, რომ მართლა შეცვლილი იყო. შეიძლება იმის გამოც, რომ თმა ესპანეთის დროშისფრად ქონდა შეღებილი. შევთავაზე ყველაფერი თავის ადგილას დაგვებრუნებინა და ძველი ლოლა გამხდარიყო.

– ლოლა : ამის შეცვლას ჯადოქარი ჭირდება
– მე : ვხვდები, მაგრამ არ არის პრობლემა
– ლოლა : თუ დამამახინჯებ ინანებ
– მე : არ არის პრობლემა
– ლოლა : მაშინ მალევე ვქნათ, სანამ გადამიფიქრებია
– მე : ოკ, თან აქვეა.

ლოლა ცდილობდა თავისი წილი თვითონ გადაეხადა და არგუმენტად, შენ არ მიმტკიცებ ევროპაში ვართო, ეს მოყავდა. მე დავეთანხემე, ევროპასთან დაკავშირებით, შემდეგ გადავიხადე. მიმტანს დავემშვიდობეთ და წავედით. ლოლა შეპირდა კიდევ მოვალთო, მეც დავუდასტურე.

აბაშიძის 31-ში მართლა ჯადოქრები დაგვხვდნენ. ოპერაციის სირთულეში დარწმუნებული ლოლა ფრთხილად უხსნიდა სტილისტს საქმის დეტალებს. ის კი მხიარულ კომენტარებს აკეთებდა, რითაც ძალიან კარგად მუხტავდა ლოლას მიერ უსაფუძვლოდ შექმნილ დაძაბულობას. ხუმრობა ხუმრობაში ვერც კი შევატყვე 2 საათი როგორ გავიდა. ლოლას შევხედე, მისივე კამერა ავიღე და რამდენიმე ფოტო გადავუღე. სტილისტს ლოლას ძველი და ახალი ფოტოებისგან სახალისო სარეკლამო სტენდის გაკეთება შევთავაზე. ლოლას ხუმრობით ვუთხარი, ახლა აღარ მეშინია, სასტუმროში ნამდვილად შეგიშვებენთქო და წასასვლელად მოვემზადე.

გამოსვლისას ტელევიზორთან შევჩერდით. თამუნა ინგოროყვას საღამოს კაბების პრეზენტაციის ამსახველ კადრებს უჩვენებდნენ. ლოლა გაკვირვებული უყურებდა სიუჟეტს. სიხარულს ვერ მალავდა, თბილისში ასეთი მაღალი დონის დეფილე რომ ეწყობოდა. როდესაც თამუნასთან მისვლას და მის შექმნილ საღამოს კაბას შევპირდი, სულ გაგიჟდა. მითხრა, რომ ამას დაიმახსოვრებდა და ხშირად შემახსენებდა.

დატვირთული დღის ბოლოს ლოლა სასტუმროთიც დაინტერესდა. ავუხსენი, რომ მისი მოთხოვნების და ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “citadeni” შევარჩიე. ლოლამ, ეჭვისთვალით გადმომხედა. ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის კომფორტი. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავით. სასტუმროს ახლადგახსნილ ვერანდაზე ვისხედით. ლოლა განათებული თბილისის ხედით ტკბებოდა და საფერავს წრუპავდა…..

to be continued