Archive

Posts Tagged ‘დუტა სხირტლაძე’

უცნობი დუტა

October 19, 2010 Leave a comment

დუტა სხირტლაძეზე ვილაპარაკოთ…

ერთხელ მიყვებოდი – შენი წინაპრები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, სასულიერო პირები. მიამბე მათზე.

-ბებიის მხრიდან თითქმის ყველა ან მღვდელი იყო ან – დიაკვანი. მამამისი კი ომშიც იბრძოდა, თავი ისე გამოიჩინა გეორგიევსკის ორი ორდენი და წმიდა გიორგის ჯვარი მიიღო. ხმალს, რომელიც მას დარჩა, 14 ნაჭდევი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ომში ამ ხმლით თოთხმეტი ადამიანი განგმირა. ის ახლა ჩემს დეიდაშვილთან ინახება.

როგორ ფიქრობ, რა გამოგყვა მათგან გენეტიკურად?

-ხმალი ვიცი კარგად (იცინის). მის ტრიალს ქართულად ხმლის მღერება ჰქვია, კიდევ ის გამომყვა მათგან, რომ მომთმენი ვარ და გამძლე.

ვინ იქნებოდი, სხვა, სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში რომ გეცხოვრა?

-ისევ ის ვიქნებოდი რაც ახლა ვარ – მსახიობი და ტელეწამყვანი. _

გაინტერესებს მოგზაურობა, უცხო ქვეყნები?

-ძალიან. განსაკუთრებით – ინდოეთი, ტიბეტი… საინტერესოდ მეჩვენება მათი ფილოსოფია და გამძლეობის უნარი. ამაზე მეტს არ ვილაპარაკებ, თორემ დამთრგუნავს.

სხვა თემაზე გადავიდეთ – როგორი ხარ შინ – როცა დაღლილი ბრუნდები სახლში, შეგიძლია მთელი საღამო ჩუმად იყო?

-ძირითადად, ასეა. გარეთ ცოტა სხვაგვარადაა, ჩემი პროფესია, საზოგადოება, მოითხოვს კომუნიკაციას, თუმცა ეს მიყვარს. _ შენი ოჯახი მიჩვეულია ასეთ სიტუაციებს?მიჩვეულია. საერთოდ, მიყვარს ჩუმად ყოფნა, მით უმეტეს, თუ დაღლილი ვარ.

წიგნებს კითხულობ ხოლმე ამ დროს?

-შენ წარმოიდგინე, კი. განსაკუთრებით ეს წიგნი მიყვარს “ოცეოლა –სემინოლების ბელადი” (და მსახიობი გოიკო მიტიჩი). ძირითადად, პიესებს ვკითხულობ.

ამ დროს თუ წარმოიდგენ, როგორ ითამაშებდი ამა თუ იმ როლს?

-რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია.

მიამბე შენს მეუღლეზე – როგორც შენ გინდა ისე. ოღონდ მიამბე.

-არ გვინდა ამაზე საუბარი, მხოლოდ ჩემზე ვილაპარაკოთ, ეს ჩემია, პირადია.

მაშინ, მითხარი როგორი მამა ხარ , მკაცრი თუ ლოიალური? რა საკითხებში ხარ პრინციპული?

-გადასარევი მამა ვარ, თუმცა საკმაოდ მკაცრი იმაში, რაშიც შეცდომებს დავინახავ, უყურადღებობას ვებრძვი. ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყო იმის მიმართ სად ხარ, რა გარემოში, რა ხდება შენს გარშემო. რუუსლად კარგად ჟღერს – “ვსიო სხვაჩინა”. ეს საჭიროა ცხოვრებაში. ამისთვის სპეციალური მარტივი სავარჯიშოებიც არსებობს.

რას გეძახიან შვილები – დუტას თუ მამას?

-მამას

რას გიყვებიან, როგორია მათთვის პოპულარული მამის შვილობა, დაუმალავთ ოდესმე რომ დუტას შვილები არიან?

-არ ვიცი, არ გვილაპარაკია ამ თემაზე, თუმცა ამაყობენ ჩემით. ის მომენტი ჯერ არ დამდგარა, რომ დამალონ ვისი შვილები არიან.

შენი გოგონა აპირებს მსახიობი გახდეს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

-არა, არ მაქვს პრობლემა. კომუნისტების დრო ხომ არ არის – შვილო, მაინცდამაინც საინჟინროზე ჩააბარეო, ვუთხრა. მსახიობობა რთულია, მაგრამ ამიტომ არის კარგი, აბა იოლი გზა ხომ არ უნდა აირჩიონ ცხოვრებაში?

გაიხსენე ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელმაც გაგაოცა იმით, რომ ვიღაცებმა ვერ გიცნეს

-ვერ მცნობენ უცხოეთიდან ჩამოსულები, ტელევიზორს ვინც არ უყურებს. სხვები – კი, ჯერ არ მომხდარა ვინმეს არ ვეცნე. ამას მიჩვეული ვარ. მეუბნებიან – გამარჯობას ინსტინქტურად გეუბნებითო. მეც ვესალმები, თუმცა ადამიანი რამდენჯერმე თუ არ ვნახე – გასაკვირი არ უნდა იყოს, სახეზე ვერ ვიმახსოვრებ.

რაში დაგხმარებია პოპულარობა ყველაზე მეტად?

-საქართველოში პოპულარობა ყველაფერში გეხმარება. ვერ ვიხსენებ განსაკუთრებულ შემთხვევას. საინტერესო ამბები ყოველი ეფხის ნაბიჯზე ხდება, ეს თემა სულ მუშაობს.

ხშირად ყოფილა, რომ არ გქონია სცენაზე თუ ეკრანზე გამოსვლის სურვილი, გარეგნულად მაინც მიგიღია საჭირო განწყობა და ისე გამოსულხარ?

-უმეტესწილად ესეა, ეს პროფესიის ნაწილია და ახალს არაფერს ვამბობ. მსახიობისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც სხვები დადიან თავიანთ სამსახურებში – იქნებ ვიღაცას არ აქვს განწყობა მეტალურგიულ ქარხანაში წავიდეს და ფოლადი გამოადნოს, მაგრამ მიდის და აკეთებს. მსახიობობა მარტო ხელოვნება კი არა, ხელობაა.

რა საზღვარი გადის მათ შორის?

-პრემიერამდე _ შემოქმედებითი პროცესია, მერე – ხელობა. ყველაზე მეტად სამი ეტაპი მიყვარს – მუშაობის პროცესი, შედეგი და შეფასება – მაყურებლის ტაში.

ეკრანს მიღმა უფრო ადვილია ყოფნა თუ სცენაზე?

-ამაზე მოკლედ ვერ ვილაპარაკებ. თეატრში მეოთხე არსებობს – უხილავი კედელია აღმართული მაყურებელსა და მსახიობებს შორის, ტელევიზიაში კი, ყველა კამერა მაყურებელია, რადიკალურად განსხვავდება, სხვა ტექნოლოგიაა, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ორივე მიყვარს. დურგლობა უფრო საინტერესოა თუ ფერწერა?! ორივე მიყვარს და რა ვქნა._ ალბათ არის რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

ზოგადად, ცხოვრებაში. რა არის ეს?

-ასეთი არაფერი მახსენდება, უფრო გლობალური პრობლემები მაწუხებს, ის, რომ დედამიწა სხვადასხვა კატასტროფის წინაშე დგას, ხალხი მშიერია, სადღაც ომია… ჩემი პრობლემები ჩემი საქმეა და ვცდილობ მოვაგვარო ან საერთოდ არ შევქმნა. ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია მონდომება. ცხოვრების უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

ძალიან საინტერესო იყო შენი თამაში ”დაამარცხე ვარსკვლავში”. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყავი გამარჯვებაში. როგორი იყო შენი შეგრძნებები, ნერვიულობდი?

-დარწმუნებული ვიყავი აბსოლუტურად. ვიცოდი, ეს თამაში ჩემთვის რთული არ იქნებოდა. შოუ გავაკეთეთ, სანახაობრივად მგონი კარგი გამოვიდა. არც ვნერვიულობდი, მხოლდო აზარტში შევედი.

მანქანა სადაა?

მანქანა დადის (იღიმება)

და ბოლოს, რიტორიკული შეკითხვაა და მაინც – რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

-არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი _ მოთმინება, მიზანდასახულობა, სწრაფვა, და კიდევ რაღაც _ ძნელია ამის მოკლედ ახსნა _ დაკვირვება და შრომისმოყვარეობა.

თამარ თუთისანი