Archive

Posts Tagged ‘თეონა თავართქილაძე’

ახალი სეზონი, ახალი ტენდენციები

October 20, 2010 Leave a comment

ახალ სეზონზე ახალი თავსატეხი, თავისმოწონების ერთგვარი ჟესტი, თუ ქალური გამოწვევა, – რა ჩავიცვა, რა არის მოდაში? ტენდენციები სწრაფად იცვლება, ტერმინი ”მოდა” კი ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის მომხიბვლელობასა და თანამედროვე სტილთან ასოცირდება. როგორია 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია საქართველოში, ამის გასარკვევად ატელიე 10ა-ს მივმართეთ. დიზაინერებმა თეონა თავართქილაძემ და იკა ბობოხიძემ ახალი სეზონი  გასულ მოდის კვირეულზე წარადგინეს და ახლა უკვე ახალი fashion week-თვის ემზადებიან.

თეონა: fashion week-თვის მზადება უკვე დავიწყეთ, შევარჩიეთ ფერები, ქსოვილები და ფაქტურები, თუმცა ჯერ შეკერილი ნიმუშები არ გვაქვს. ამჟამად კონცეფციაზე ვმუშაობთ, საერთოდ მეტ დროს ფიქრს ვანდომებთ, საქმე კი ერთი ამოსუნთქვით კეთდება ხოლმე. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ კოლექცია იქნება ძალიან ჭრელი, თუმცა სიჭრელე თვალში საცემი არ არის, მკვეთრი ფერი, რომელიც მთელ ჩვენს ჩვენებას ხაზად გაჰყვება, იქნება ერთი.

გასულ ჩვენებაზე თქვენი მოდელები ავანგარდული ვარცხნილობით გამოირჩეოდნენ, (მაღლა აწეული და აჩეჩილი თმა) ახლა როგორ სტილს მიანიჭებთ უპირატესობას?

იკა: ამ შეკითხვას სულ ბოლო ეტაპზე ვუსვამთ ხოლმე საკუთარ თავს.. თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი აქსესუარები, – ეს ის დეტალებია, რითაც სეზონის ხაზს ვკრავთ ხოლმე. ყოველთვის სპონტანურად ვმუშაობთ, არასდროს ვიცით წინასწარ, თუ რა და როგორ გამოვა, ამიტომაც არის, რომ როგორც წესი კოლექციას სახელს არ ვარქმევთ. თბილისში ჩვენებას განსაკუთრებულად უდგებიან, თბილისელებს მხოლოდ დეფილეს ყურება არ აკმაყოფილებთ, აქ სანახაობითობასაც ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ის სათქმელი, რომელსაც ტანსაცმლით გადმოვცემთ, შოუს ელემენტებითაც გავაფორმოთ.

ვინ წარადგენს თქვენს სამოსს?

თეონა: აუცილებლად მოვაწყობთ “ქასთინგს”, სადაც შევარჩევთ გოგონებს. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი, ასევე დამწყები მოდელები. შერჩევა იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ კოსტიუმს როგორი ქალი მოუხდება.იკა: წინა ჩვენებაზე შევეცადეთ და მგონი, პირველად გამოგვივიდა, რომ დეფილე შედგა და მერე არავინ საუბრობდა გოგონებზე. ანუ, მოდელები, უხეშად რომ ვთქვათ, ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას იმდენად კარგად ასრულებდნენ, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება კოსტიუმებზე გადავიდა.

ქართული მოდის კვირეულის ირგვლივ გაჩენილი დადებითი ემოციები დღემდე მოგვყვება. მაინტერესებს, თქვენთვის რა შედეგი გამოიღო fashion week-მა?

თეონა: პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საზრუნავი მოგვაკლდა. როცა ჩვენით ვაკეთებდით ჩვენებას, გარდა ტანსაცმლისა, გვიწევდა ფიქრი, თუ სად ჩაგვეტარებინა, როგორ მოგვეწყო, ვზრუნავდით აპარატურაზე, განათებაზე. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. გარდა ამისა, თბილისი მსოფლიო მოდის რიტმს აყვა, თუდაც ის, რომ სექტემბერში მზად გვაქვს მთელი ზამთრის კოლექცია, ნოემბერში კი უკვე ზაფხულისას წარვადგენთ., ადრე არასდროს ხდებოდა.

საინტერესოა, მსოფლიო მოდის კონტექსტში როგორ გამოიყურება ქართული მოდა?

იკა: უნდა აღინოშნოს, რომ ქართულ მოდას ძალიან კრეატიულს უწოდებენ. იმის ილუზია, რომ ევროპელი აქედან ტანსაცმელს წაიღებს, არავის აქვს, თუმცა მათი შეფასება და კომენტარები აცულებლად მოახდენს გავლენას საქართველოში ამ სფეროს განვითარებაზე. ზოგადად, განვითარებადი ქვეყანა ვართ, ქართული მოდა კი ახლა იხვეწება. ჩვენთან ერთი სეზონით ადრე არავინ ყიდულობს ტანსაცმელს, ამიტომ კომერციულად არამომგებიანია, შემოდგომაზე ზაფხულის კოლექცია აჩვენო, გაზაფხულზე კი ზამთრის.. თუმცა მზად ვართ, გავყვეთ მსოფლიო მოდი პრინციპებს, რათა ჩავჯდეთ მათ სტანდარტებში. პროცესი დაწყებულია, რაც შემდგომში გაყიდვების სტიმულირებაზეც თავისთავად აისახება.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რას სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

თეონა: მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზეა საუბარი, უპირატესობას ღია ფერებს ვანიჭებთ, მინიმალური სიჭრელით გამოყენებული გვაქვს ცისფრისა და მწვანის გრადაცია, წარმოდგენილი გვაქვს კომბინირებული სამოსი. სიგრძე მუხლს ზემოთ არის, წელი თავის ადგილას. აქცენტს ტყავისა და ზამშისგან შეკერილ აქსესუარებზე ვაკეთებთ. ვერცხლის მეტალი გამოყენებულია ქამრებსა და ჩანთებზე, რომელზეც ჩვენი სახელოსნოს სახელი ამოვტვიფრეთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, გთავაზობთ მაღალქუსლიან შუზებს თასმებზე. ამ სეზონზე შემოგვაქვს ე.წ. “მეგობარი კაცის ტანსაცმელი”, მოიაზრება ქალის პალტოები, რომელიც ერთი შეხედვით მამაკაცისას ჰგავს. მეორენაირად ამას  ოთხკუთხედ სამოსს ვუწოდებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლექციას აკლია სინაზე, ან ქალურობა.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ეცვას ქართველ მანდილოსანს, გარშემომყოფების ყურადღება რომ მიიპყროს?

იკა: ინდივიდუალურად…… სირთულე და არაბუნებრიობა არ უნდა ეტყობოდეს, ტანისამოსი ტანთან ახლოს უნდა იყოს. ტენდენცია იმდენია სეზონზე, რომ ქალმა შეუძლებელია მასში თავისი ვერ იპოვოს. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ სტილს ძალიან არასდროს უნდა გადავუხვიოთ და იმაზე ფიქრს, რა ჩავიცვათ დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, ეს თავისთავად უნდა ხდებოდეს.

საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად გემოვნებიანი ხალხი ვართ ქართველები?

თეონა: გემოვნებიანები ვართ, ეს ქართველ ერს შთამომავლობით მოგვსდევს. იკა: მე ვფიქრობ, რომ თბილისში კრეატიულად აცვიათ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მასაზე და კონკრეტულად რომელიმე სოციალურ ფენაზე. იყო დრო, როცა უმრავლესობა შავბნელ ტანისამოსს ანიჭებდა უპირატესობას, დღეს ასე აღარ ხდება, ქუჩაშიც, ყოველდღიურ სამოსშიც კი თითქმის ყველა ფერადი და განსხვავებულია. თუმცა ხშირად ქართველებს გადამეტების მომენტიც გვაქვს ხოლმე, – ძალიან გრძელი აბრეშუმის კაბა და ა.შ.

ამბობენ,  ორი ქალი ერთ სამზარეულოში არ უნდა ტრიალებდესო,  ორი ქალი ერთ ატელიეში…?

თეონა: ბავშვობის მეგობრები ვართ. ალბათ იმის გამო რომ ერთად გავიზარდეთ, გემოვნებაც და შინაგანი კულტურაც ერთნაირი ჩამოგვიყალიბდა.  ამიტომ არის, რომ ერთად მუშაობა სიამოვნებას გვანიჭებს. რა თქმა უნდა, ხანდახან ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს სისწორის მიღწევაში გვეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, სახელოსნოს კი ორივე ვჭირდებით.

თინათინ სამყურაშვილი

Advertisements