Archive

Posts Tagged ‘ინტერვიუ’

ახალი სეზონი, ახალი ტენდენციები

October 20, 2010 Leave a comment

ახალ სეზონზე ახალი თავსატეხი, თავისმოწონების ერთგვარი ჟესტი, თუ ქალური გამოწვევა, – რა ჩავიცვა, რა არის მოდაში? ტენდენციები სწრაფად იცვლება, ტერმინი ”მოდა” კი ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის მომხიბვლელობასა და თანამედროვე სტილთან ასოცირდება. როგორია 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია საქართველოში, ამის გასარკვევად ატელიე 10ა-ს მივმართეთ. დიზაინერებმა თეონა თავართქილაძემ და იკა ბობოხიძემ ახალი სეზონი  გასულ მოდის კვირეულზე წარადგინეს და ახლა უკვე ახალი fashion week-თვის ემზადებიან.

თეონა: fashion week-თვის მზადება უკვე დავიწყეთ, შევარჩიეთ ფერები, ქსოვილები და ფაქტურები, თუმცა ჯერ შეკერილი ნიმუშები არ გვაქვს. ამჟამად კონცეფციაზე ვმუშაობთ, საერთოდ მეტ დროს ფიქრს ვანდომებთ, საქმე კი ერთი ამოსუნთქვით კეთდება ხოლმე. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ კოლექცია იქნება ძალიან ჭრელი, თუმცა სიჭრელე თვალში საცემი არ არის, მკვეთრი ფერი, რომელიც მთელ ჩვენს ჩვენებას ხაზად გაჰყვება, იქნება ერთი.

გასულ ჩვენებაზე თქვენი მოდელები ავანგარდული ვარცხნილობით გამოირჩეოდნენ, (მაღლა აწეული და აჩეჩილი თმა) ახლა როგორ სტილს მიანიჭებთ უპირატესობას?

იკა: ამ შეკითხვას სულ ბოლო ეტაპზე ვუსვამთ ხოლმე საკუთარ თავს.. თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი აქსესუარები, – ეს ის დეტალებია, რითაც სეზონის ხაზს ვკრავთ ხოლმე. ყოველთვის სპონტანურად ვმუშაობთ, არასდროს ვიცით წინასწარ, თუ რა და როგორ გამოვა, ამიტომაც არის, რომ როგორც წესი კოლექციას სახელს არ ვარქმევთ. თბილისში ჩვენებას განსაკუთრებულად უდგებიან, თბილისელებს მხოლოდ დეფილეს ყურება არ აკმაყოფილებთ, აქ სანახაობითობასაც ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ის სათქმელი, რომელსაც ტანსაცმლით გადმოვცემთ, შოუს ელემენტებითაც გავაფორმოთ.

ვინ წარადგენს თქვენს სამოსს?

თეონა: აუცილებლად მოვაწყობთ “ქასთინგს”, სადაც შევარჩევთ გოგონებს. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი, ასევე დამწყები მოდელები. შერჩევა იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ კოსტიუმს როგორი ქალი მოუხდება.იკა: წინა ჩვენებაზე შევეცადეთ და მგონი, პირველად გამოგვივიდა, რომ დეფილე შედგა და მერე არავინ საუბრობდა გოგონებზე. ანუ, მოდელები, უხეშად რომ ვთქვათ, ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას იმდენად კარგად ასრულებდნენ, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება კოსტიუმებზე გადავიდა.

ქართული მოდის კვირეულის ირგვლივ გაჩენილი დადებითი ემოციები დღემდე მოგვყვება. მაინტერესებს, თქვენთვის რა შედეგი გამოიღო fashion week-მა?

თეონა: პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საზრუნავი მოგვაკლდა. როცა ჩვენით ვაკეთებდით ჩვენებას, გარდა ტანსაცმლისა, გვიწევდა ფიქრი, თუ სად ჩაგვეტარებინა, როგორ მოგვეწყო, ვზრუნავდით აპარატურაზე, განათებაზე. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. გარდა ამისა, თბილისი მსოფლიო მოდის რიტმს აყვა, თუდაც ის, რომ სექტემბერში მზად გვაქვს მთელი ზამთრის კოლექცია, ნოემბერში კი უკვე ზაფხულისას წარვადგენთ., ადრე არასდროს ხდებოდა.

საინტერესოა, მსოფლიო მოდის კონტექსტში როგორ გამოიყურება ქართული მოდა?

იკა: უნდა აღინოშნოს, რომ ქართულ მოდას ძალიან კრეატიულს უწოდებენ. იმის ილუზია, რომ ევროპელი აქედან ტანსაცმელს წაიღებს, არავის აქვს, თუმცა მათი შეფასება და კომენტარები აცულებლად მოახდენს გავლენას საქართველოში ამ სფეროს განვითარებაზე. ზოგადად, განვითარებადი ქვეყანა ვართ, ქართული მოდა კი ახლა იხვეწება. ჩვენთან ერთი სეზონით ადრე არავინ ყიდულობს ტანსაცმელს, ამიტომ კომერციულად არამომგებიანია, შემოდგომაზე ზაფხულის კოლექცია აჩვენო, გაზაფხულზე კი ზამთრის.. თუმცა მზად ვართ, გავყვეთ მსოფლიო მოდი პრინციპებს, რათა ჩავჯდეთ მათ სტანდარტებში. პროცესი დაწყებულია, რაც შემდგომში გაყიდვების სტიმულირებაზეც თავისთავად აისახება.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რას სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

თეონა: მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზეა საუბარი, უპირატესობას ღია ფერებს ვანიჭებთ, მინიმალური სიჭრელით გამოყენებული გვაქვს ცისფრისა და მწვანის გრადაცია, წარმოდგენილი გვაქვს კომბინირებული სამოსი. სიგრძე მუხლს ზემოთ არის, წელი თავის ადგილას. აქცენტს ტყავისა და ზამშისგან შეკერილ აქსესუარებზე ვაკეთებთ. ვერცხლის მეტალი გამოყენებულია ქამრებსა და ჩანთებზე, რომელზეც ჩვენი სახელოსნოს სახელი ამოვტვიფრეთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, გთავაზობთ მაღალქუსლიან შუზებს თასმებზე. ამ სეზონზე შემოგვაქვს ე.წ. “მეგობარი კაცის ტანსაცმელი”, მოიაზრება ქალის პალტოები, რომელიც ერთი შეხედვით მამაკაცისას ჰგავს. მეორენაირად ამას  ოთხკუთხედ სამოსს ვუწოდებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლექციას აკლია სინაზე, ან ქალურობა.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ეცვას ქართველ მანდილოსანს, გარშემომყოფების ყურადღება რომ მიიპყროს?

იკა: ინდივიდუალურად…… სირთულე და არაბუნებრიობა არ უნდა ეტყობოდეს, ტანისამოსი ტანთან ახლოს უნდა იყოს. ტენდენცია იმდენია სეზონზე, რომ ქალმა შეუძლებელია მასში თავისი ვერ იპოვოს. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ სტილს ძალიან არასდროს უნდა გადავუხვიოთ და იმაზე ფიქრს, რა ჩავიცვათ დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, ეს თავისთავად უნდა ხდებოდეს.

საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად გემოვნებიანი ხალხი ვართ ქართველები?

თეონა: გემოვნებიანები ვართ, ეს ქართველ ერს შთამომავლობით მოგვსდევს. იკა: მე ვფიქრობ, რომ თბილისში კრეატიულად აცვიათ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მასაზე და კონკრეტულად რომელიმე სოციალურ ფენაზე. იყო დრო, როცა უმრავლესობა შავბნელ ტანისამოსს ანიჭებდა უპირატესობას, დღეს ასე აღარ ხდება, ქუჩაშიც, ყოველდღიურ სამოსშიც კი თითქმის ყველა ფერადი და განსხვავებულია. თუმცა ხშირად ქართველებს გადამეტების მომენტიც გვაქვს ხოლმე, – ძალიან გრძელი აბრეშუმის კაბა და ა.შ.

ამბობენ,  ორი ქალი ერთ სამზარეულოში არ უნდა ტრიალებდესო,  ორი ქალი ერთ ატელიეში…?

თეონა: ბავშვობის მეგობრები ვართ. ალბათ იმის გამო რომ ერთად გავიზარდეთ, გემოვნებაც და შინაგანი კულტურაც ერთნაირი ჩამოგვიყალიბდა.  ამიტომ არის, რომ ერთად მუშაობა სიამოვნებას გვანიჭებს. რა თქმა უნდა, ხანდახან ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს სისწორის მიღწევაში გვეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, სახელოსნოს კი ორივე ვჭირდებით.

თინათინ სამყურაშვილი

Advertisements

უცნობი დუტა

October 19, 2010 Leave a comment

დუტა სხირტლაძეზე ვილაპარაკოთ…

ერთხელ მიყვებოდი – შენი წინაპრები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, სასულიერო პირები. მიამბე მათზე.

-ბებიის მხრიდან თითქმის ყველა ან მღვდელი იყო ან – დიაკვანი. მამამისი კი ომშიც იბრძოდა, თავი ისე გამოიჩინა გეორგიევსკის ორი ორდენი და წმიდა გიორგის ჯვარი მიიღო. ხმალს, რომელიც მას დარჩა, 14 ნაჭდევი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ომში ამ ხმლით თოთხმეტი ადამიანი განგმირა. ის ახლა ჩემს დეიდაშვილთან ინახება.

როგორ ფიქრობ, რა გამოგყვა მათგან გენეტიკურად?

-ხმალი ვიცი კარგად (იცინის). მის ტრიალს ქართულად ხმლის მღერება ჰქვია, კიდევ ის გამომყვა მათგან, რომ მომთმენი ვარ და გამძლე.

ვინ იქნებოდი, სხვა, სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში რომ გეცხოვრა?

-ისევ ის ვიქნებოდი რაც ახლა ვარ – მსახიობი და ტელეწამყვანი. _

გაინტერესებს მოგზაურობა, უცხო ქვეყნები?

-ძალიან. განსაკუთრებით – ინდოეთი, ტიბეტი… საინტერესოდ მეჩვენება მათი ფილოსოფია და გამძლეობის უნარი. ამაზე მეტს არ ვილაპარაკებ, თორემ დამთრგუნავს.

სხვა თემაზე გადავიდეთ – როგორი ხარ შინ – როცა დაღლილი ბრუნდები სახლში, შეგიძლია მთელი საღამო ჩუმად იყო?

-ძირითადად, ასეა. გარეთ ცოტა სხვაგვარადაა, ჩემი პროფესია, საზოგადოება, მოითხოვს კომუნიკაციას, თუმცა ეს მიყვარს. _ შენი ოჯახი მიჩვეულია ასეთ სიტუაციებს?მიჩვეულია. საერთოდ, მიყვარს ჩუმად ყოფნა, მით უმეტეს, თუ დაღლილი ვარ.

წიგნებს კითხულობ ხოლმე ამ დროს?

-შენ წარმოიდგინე, კი. განსაკუთრებით ეს წიგნი მიყვარს “ოცეოლა –სემინოლების ბელადი” (და მსახიობი გოიკო მიტიჩი). ძირითადად, პიესებს ვკითხულობ.

ამ დროს თუ წარმოიდგენ, როგორ ითამაშებდი ამა თუ იმ როლს?

-რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია.

მიამბე შენს მეუღლეზე – როგორც შენ გინდა ისე. ოღონდ მიამბე.

-არ გვინდა ამაზე საუბარი, მხოლოდ ჩემზე ვილაპარაკოთ, ეს ჩემია, პირადია.

მაშინ, მითხარი როგორი მამა ხარ , მკაცრი თუ ლოიალური? რა საკითხებში ხარ პრინციპული?

-გადასარევი მამა ვარ, თუმცა საკმაოდ მკაცრი იმაში, რაშიც შეცდომებს დავინახავ, უყურადღებობას ვებრძვი. ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყო იმის მიმართ სად ხარ, რა გარემოში, რა ხდება შენს გარშემო. რუუსლად კარგად ჟღერს – “ვსიო სხვაჩინა”. ეს საჭიროა ცხოვრებაში. ამისთვის სპეციალური მარტივი სავარჯიშოებიც არსებობს.

რას გეძახიან შვილები – დუტას თუ მამას?

-მამას

რას გიყვებიან, როგორია მათთვის პოპულარული მამის შვილობა, დაუმალავთ ოდესმე რომ დუტას შვილები არიან?

-არ ვიცი, არ გვილაპარაკია ამ თემაზე, თუმცა ამაყობენ ჩემით. ის მომენტი ჯერ არ დამდგარა, რომ დამალონ ვისი შვილები არიან.

შენი გოგონა აპირებს მსახიობი გახდეს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

-არა, არ მაქვს პრობლემა. კომუნისტების დრო ხომ არ არის – შვილო, მაინცდამაინც საინჟინროზე ჩააბარეო, ვუთხრა. მსახიობობა რთულია, მაგრამ ამიტომ არის კარგი, აბა იოლი გზა ხომ არ უნდა აირჩიონ ცხოვრებაში?

გაიხსენე ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელმაც გაგაოცა იმით, რომ ვიღაცებმა ვერ გიცნეს

-ვერ მცნობენ უცხოეთიდან ჩამოსულები, ტელევიზორს ვინც არ უყურებს. სხვები – კი, ჯერ არ მომხდარა ვინმეს არ ვეცნე. ამას მიჩვეული ვარ. მეუბნებიან – გამარჯობას ინსტინქტურად გეუბნებითო. მეც ვესალმები, თუმცა ადამიანი რამდენჯერმე თუ არ ვნახე – გასაკვირი არ უნდა იყოს, სახეზე ვერ ვიმახსოვრებ.

რაში დაგხმარებია პოპულარობა ყველაზე მეტად?

-საქართველოში პოპულარობა ყველაფერში გეხმარება. ვერ ვიხსენებ განსაკუთრებულ შემთხვევას. საინტერესო ამბები ყოველი ეფხის ნაბიჯზე ხდება, ეს თემა სულ მუშაობს.

ხშირად ყოფილა, რომ არ გქონია სცენაზე თუ ეკრანზე გამოსვლის სურვილი, გარეგნულად მაინც მიგიღია საჭირო განწყობა და ისე გამოსულხარ?

-უმეტესწილად ესეა, ეს პროფესიის ნაწილია და ახალს არაფერს ვამბობ. მსახიობისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც სხვები დადიან თავიანთ სამსახურებში – იქნებ ვიღაცას არ აქვს განწყობა მეტალურგიულ ქარხანაში წავიდეს და ფოლადი გამოადნოს, მაგრამ მიდის და აკეთებს. მსახიობობა მარტო ხელოვნება კი არა, ხელობაა.

რა საზღვარი გადის მათ შორის?

-პრემიერამდე _ შემოქმედებითი პროცესია, მერე – ხელობა. ყველაზე მეტად სამი ეტაპი მიყვარს – მუშაობის პროცესი, შედეგი და შეფასება – მაყურებლის ტაში.

ეკრანს მიღმა უფრო ადვილია ყოფნა თუ სცენაზე?

-ამაზე მოკლედ ვერ ვილაპარაკებ. თეატრში მეოთხე არსებობს – უხილავი კედელია აღმართული მაყურებელსა და მსახიობებს შორის, ტელევიზიაში კი, ყველა კამერა მაყურებელია, რადიკალურად განსხვავდება, სხვა ტექნოლოგიაა, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ორივე მიყვარს. დურგლობა უფრო საინტერესოა თუ ფერწერა?! ორივე მიყვარს და რა ვქნა._ ალბათ არის რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

ზოგადად, ცხოვრებაში. რა არის ეს?

-ასეთი არაფერი მახსენდება, უფრო გლობალური პრობლემები მაწუხებს, ის, რომ დედამიწა სხვადასხვა კატასტროფის წინაშე დგას, ხალხი მშიერია, სადღაც ომია… ჩემი პრობლემები ჩემი საქმეა და ვცდილობ მოვაგვარო ან საერთოდ არ შევქმნა. ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია მონდომება. ცხოვრების უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

ძალიან საინტერესო იყო შენი თამაში ”დაამარცხე ვარსკვლავში”. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყავი გამარჯვებაში. როგორი იყო შენი შეგრძნებები, ნერვიულობდი?

-დარწმუნებული ვიყავი აბსოლუტურად. ვიცოდი, ეს თამაში ჩემთვის რთული არ იქნებოდა. შოუ გავაკეთეთ, სანახაობრივად მგონი კარგი გამოვიდა. არც ვნერვიულობდი, მხოლდო აზარტში შევედი.

მანქანა სადაა?

მანქანა დადის (იღიმება)

და ბოლოს, რიტორიკული შეკითხვაა და მაინც – რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

-არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი _ მოთმინება, მიზანდასახულობა, სწრაფვა, და კიდევ რაღაც _ ძნელია ამის მოკლედ ახსნა _ დაკვირვება და შრომისმოყვარეობა.

თამარ თუთისანი

ბაიკერები – “Born to be wild”

July 31, 2010 1 comment

სანამ თემას გავშლიდეთ, მოდით ტერმინების –“მოტოციკლისტის,” “ბაიკის,” ან “ბაიკერის” ეტიმოლოგიაში საბოლოოდ გავერკვეთ. სიტყვა “მოტოციკლი”, როგორც ვხდებით, ლათინური წარმოშობისაა და პირდაპირი თარგმანით რაღაც – “ბორბლებზე მოსიარულეს” ანალოგია. Aაი, სიტყვა “bike”-თან დაკავშირებით ყველაფერი გაცილებით საინტერესო და მომხიბვლელია. ტერმინი “bike”-ის წინაპარი bicycle-ია, ანუ ჩვენებური და შინაურული, ბანალური ველოსიპედი. თითქოსდა ყველაფერი მარტივია, მაგრამ ჭეშმარიტი ბაიკერი თავის თავს არასდროს დაუძახებს “მოტოციკლეტისტს”. იგი უბრალოდ ბაიკერია და მორჩა. ამით უკვე ყველაფერი ითქვა.
ისტორია კი შორეულ 1901 წელს დაიწყო, როდესაც ლეგენდის თანახმად, ორ ახალგაზრდას არ შეეშინდა და შეეცადა ჩვეულებრივი ველოსიპედის მოდერნიზირება მოეხდინა. Aაი, ამ ორი ყმაწვილიდან კი ერთს უილიამ ჰარლეი და მეორეს არტურ დევიდსონი ერქვა. ზუსტად ამ პერიოდიდან იწყებს ბრენდი “Harley-Davidson” არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს რამდენიმე სერიოზული კომპანია არსებობდა, რომელიც მოტოციკლების გამოშვებით იყო დაკავებული, ხოლო ბაიკერთა კატეხიზმოს და კანონიკის მიხედვით ითვლება, რომ პირველი კონტაქტი მოტოციკლთან პირველი ბაიკერის მიერ მაინცდამაინც “Harley-Davidson-ის პირმშოდან მოხდა.  ეს დოგმაა.
ჩვენ დროშიც კი როდესაც ამერიკული “Harley-Davidson-ის ბედი არც თუ ისე იოლია, იმ უდიდესი კონკურენციის გამო, რასაც მას უწევენ იაპონური “კავასაკი,” ან “ჰონდა” თავიანთი თანამედროვე დიაზაინით, შედარებით უკეთესი სიჩქარის შესაძლებლობებითა და ფასით. მიუხდავად ამისა, ჭეშმარიტი “ორთოდოქსი” ბაიკერი მაინც “ჰარლეის” ანიჭებს უპირატესობას. ეს თავისებური რელიგიაა, თავისებური ცხოვრების წესი, თავისი კოდექსით და რაღა თქმა უნდა, სპეციალური ატრიბუტიკით.
“კონფედერაციის დროშა” (ე.წ.Naval Jack) თითქმის აუცილებელია, რომლის ტარების ტრადიცია მთელ მსოფლიოს, რა თქმა უნდა, ამერიკელი ბაიკერებისგან მოედო. “Naval Jack”-ი ბაიკერობის მუდმივი ნონკონფორმიზმის სიმბოლოა. ისე ცოდვა გამხელილი ჯობს და ისიც აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ ბაიკერთა უმეტესობამ არც კი იცის, თუ საიდან იღებს სათავეს მათ ტყავის ქურთუკებზე ამოტვიფრული სიმბოლო, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელი, ამბოხებული სამხრეთ შტატების ამაყი დროშა “Naval Jack”-ია.
აუცილებლად ვნახავთ ბაიკერზე თავის ქალის გამოსახულებას. აქაც მითოლოგიასთან გვაქვს საქმე, ოღონდ უკვე ინდიელების. არსებობს ერთი გადმოცემა – როდესაც სიკვდილი მოდის, იგი თავის ნიშანს – თავის ქალის გამოსახულებას ტოვებს ადამიანზე. ხოლო, როდესაც ბაიკერს უკვე აქვს ეს სიმბოლო, მას სიკვდილი ვერაფერს ავნებს.  ასე “ატყუებს” სიკვდილს ბაიკერი.
ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ ძალიან ბევრი ბაიკერი ატარებს ერთ უცნაურ სიმბოლოს. ეს არის ნიშანი – “1%”. აქაც ძალიან საინტერესო და ირონიული ისტორიის გახსენება მოგვიხდება. ოდითგანვე არსებობს სერიოზული კონფრონტაცია ოფიციალურ სტრუქტურას_“ამერიკის მოტიცკლისტთა ასოციაციას” (ეგეთიც არსებობს) და დანარჩენ დამოუკიდებელ ბაიკერობას შორის. ერთ თავის სატელევიზიო გამოსვლაში ამ ასოციაციის პრეზიდენტმა ასეთი ფრაზა თქვა –“ყველა მოტოციკლისტი კანონმორჩილი ადამიანია, მხოლოდ 1%-ია კრიმინალი და განდგომილი (outlaws).”
აი, ზუსტად ამ ფრაზის საპასუხოდ outlaws-მა და პრინციპში, ჭეშმარიტმა ბაიკერებმა თავიანთ ერთ-ერთ საიდენტიფიკაციო სიმბოლოდ კონკრეტულად “1%” აირჩიეს. შემგომში კი ეს სიმბოლო იდეოლოგიურ შინაარსთან ერთად რანგირების დატვირთვასაც იძენს. მაგალითად “1%”-ის კატეგორიას მიეკუთვნება როგორც უკვე ლეგენდარული დაჯგუფებები -Outlaws MC, Hells Angels MC, Bandidos MC, Pagans MC, Mongols MC, ასევე უამრავი მარტოხელა ბაიკერიც. სხვათა შორის კინომატოგრაფმა სერიოზული როლი შეასრულა ოუტლაწ-ი ბაიკერების გაშავებაში და მათთვის უპირობოდ კრიმინალური აურის შექმნისათვის, მაგრამ ეს უმრავლეს შემთხვევაში არ შეეფერება სინამდვილეს. უბრალოდ outlaw-ი ბაიკერი არის ის კაცი, რომელიც ცხოვრობს იმ ტრადიციების და კანონიკის მიხედვით, რომელიც ჩამოყალიბდა ათწლეულების განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში ეს ასეა.
აუცილებლად აღსანიშნავია “რკინის ჯვარის” ფენომენი. ამბობენ, რომ ამ ტიპის ჯვრის ტარების ტრადიცია ბაიკერებმა მეორე მსოფლიო ომის ამერიკელი ჯარისკაცებიდან აიღეს. მტრის ორდენების ტარება ამერიკელ ჯარისკაცებში ხელისუფლების მიმართ პროტესტად აღიქმებოდა. ეს ტრადიცია ძალიან მოეწონათ outlaw-ებს და მათაც დაამკვიდრეს თავიანთ “გარდერობში” მესამე რაიხის “რკინის ჯვარი”. თუმცა, ბოლო პერიოდში ბაიკერები უკვე ამ ჯვრის ოდნავ მოდერნიზირებულ ვარიანტს ატარებს – სვასტიკის გარეშე. ახსნა მარტივია – მათ ეტყობა, ყელში ამოუვიდათ ერთსა და იმავე შეკითხვაზე პასუხის გაცემა: “თქვენ ნაცისტი ხართ?”
თუმცა, თავად “სვასტიკაც” საკმაოდ ხშირად გვხდება ბაიკერთა სიმბოლიკაში. ამას აქვს მარტივი და რთული ახსნაც. რთული იმაში მდგომარეობს, რომ ესეც გარკვეულ წილად პროტესტია ე.წ. “ცივილური” და “ბუნჩულა” მოსახლეობის ცხოვრების წესის მიმართ. “მათ ეშინიათ სვასტიკის ტარება, მე არა”-ს ტიპის იდეოლოგიაა და არავითარი კავშირი არ აქვს ნაციონალ-სოციალიზმის მოძღვრებასთან. მარტივი ახსნა კი ის არის რომ – ეს ყველაფერი ეპატაჟი და გარეგნული მხარეა, და სხვათა შორის, საკმაოდ ეფექტური.
ხოლო რაც შეეხება ბაიკერთა სვირინგებს, ეგ უკვე საერთოდ ცალკე თემაა და ბევრი მთელი სერიოზულობით იმასაც ამტკიცებს, რომ “biker’s tattoo“   ხელოვნების და მითოლოგიის ცალკე სფეროა, ცალკე ენაა. სხვათა შორის, ამ თემის გარშემო უამრავი კვლევა არსებობს.
ალბათ, არ იქნებოდა მართებული ამ წერილით ბაიკერების იდეალიზირება, ან პირიქით გაშავება, იმიტომ რომ ორივე აბსოლუტურად შესაძლებელია. რადგან ყოველთვის იყვნენ და იქნებიან კრიმინალები და “ცუდი ტიპები” ბაიკერთა რიგებში, ისევე როგორც ვთქვათ, ისინი გვხვდებიან ბუღალტერთა ან ბიბლიოთეკარებს შორისაც. არც იმას ვახსენებთ თუ რა მოხდა 1969 წელს ალტამონტეში ჩატარებულ “როლინგ სთოუნზის” კონცერტზე, რომელსაც თითქმის 400 000 მაყურებელი დაესწრო და რატომ ასოცირდება ეს დღე ასე ავბედითად “Hell’s Angels“–თან და არც იმის ქადაგებას დავიწყებთ, რომ ბაიკერობა არის მამაკაცურობის და რომანტიზმის მწვერვალი. ყველაზე კარგად და ზუსტად ამ ფენომენს ეპოქალური ბენდის “Steppenwolf”-ის სიმღერის სათაური ––“Born to be wild” ასახავს და შემთხვევითი არ არის, რომ ეს კომპოზიცია დღემდე ყველა დროის და ქვეყნის ბაიკერთა არაოფიციალური ჰიმნია.
ხოლო ბაიკერობა და კერძოთ, outlaws ბაიკერები იმდენად დიდი და ამოუწურავი თემაა, რომ ძალიან ზედაპირულადაც რომ მოვინდომოთ ამ სუბკულტურის აღწერა, რასაც საერთოდ “ბაიკერობა” ჰქვია, ჟურნალის მთელი ფორმატი არც კი ეყოფა. ამიტომაც რჩევა – წერილის წაკითხვის შემდეგ თუ ჰანტერ ტომსონის “Hell’s Angels“–ის გადაკითხვა დაგეზარებათ, მაშინ ცალი თვალი მაინც შეავლეთ ისეთ ფილმებს, როგორიცაა უკვე ლეგენდად ქცეული “Easy Rider,” ან “Harley Davidson and the Marlboro Man” და “თThe Wild Hogs”. რაც არ უნდა ვთქვათ, ხანდახან ყველას გვინდება, რომ უცებ ყველაფერი, რაც კი გარშემო გვახვევია, დავივიწყოთ, მოვაჯდეთ ჩვენს “ჰარლეის დევიდსონს” და ერთხელ მაინც ვიგრძნოთ თავი პირველყოფილურად თავისუფლად და ველურად, გავხდეთ ისეთები, როგორებზედაც არის ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები “შტეპპენწოლფ”-ის უკვდავი სიმღერა. მოხდეს ყველაფერი, თუნდაც მხოლოდ ჩვენ ფანტაზიებში. ეს უკვე კარგია . . .

გაგა გობრონიძე

კინო – უსაზღვრო ტერიტორია

ლოს-ანჯელესიდან დაბრუნებულმა მსახიობმა ნუცა კუხიანიძემ საქართველოში გუკა რჩეულიშვილი გაიცნო და აქ დარჩა. ახლა მათ სამი წლის კატო ჰყავთ და კიდევ _ “სანგუკო” _ ნუცას, გუკას, სანდროს და კოტეს ერთობლივი კინოსტუდია, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფს უკვე ბევრი საინტერესო ფილმი შემატა.

“სანგუკოს” პროექტი _ “5”, საქართველოს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე ორას ორმოცდაათი ათასი ლარით დაფინანსდა. პროექტის მიხედვით ხუთ ფილმს ხუთი რეჟისორი გადაიღებს და მათი მთლიანი ბიუჯეტი თითქმის ორნახევარი მილიონი ლარი იქნება.

ნუცა:
_ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი კინო-წარსული აქვს, არ შეიძლება კინო რაღაც მიზეზების გამო აღარ არსებობდეს. კინო – ეს უსაზღვრებო ტერიტორიაა, რომელიც ყველა ადამიანს ემოციურ დონეზე ეხება, ყველასთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი ენაა. ჩვენ საკმაოდ მოწყვეტილები ვართ მსოფლიოსგან, ის კი თავის გზაზე მიდის და ჩვენ ვცდილობთ ავყვეთ ამ ტემპს. კინო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რომ მოხდეს ეს შერწყმა. კარგი იქნება, თუ ქართველები ხელოვნების პირით მოვყვებით ჩვენს რეალობას, სიზმრებს თუ ოცნებებს და რისი თქმაც უნდა ამ სფეროში მოღვაწე ხალხს, დანარჩენ სამყაროს მივაწვდით. ამ სფეროს მოვლა სჭირდება, გაფრთხილება და შენარჩუნება. თუ სათქმელი აღარ გვაქვს, მაშინ, სჯობს, ამბიციებიც არ გვქონდეს. მაგრამ, ვხედავ, რომ ეს ამბიცია და მოთხოვნილება, რომ კინო წინ წავიდეს, არსებობს. არის ხალხი, ვისაც უნდა ეს აკეთოს.

_ რა არის ძირითადი განსხვავება ქართულ და უცხოურ კინემატოგრაფს შორის?

_ ამ ეტაპზე ორი მთავარი განსხვავებაა _ ფინანსები და პროფესიონალიზმი. მათ ძალიან დიდი პრაქტიკა აქვთ. საბჭოთა კავშირის დროს ეს გამოცდილება ჩვენც გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა აპარატურით ვიღებდით და, ხანდახან, _ წლობითაც. მერე ქვეყანასთან ერთად კინოსფეროც გაიყინა და ამ მცოდნე ადამიანების ძველი თაობა აღარ დარჩა ჩვენში. დღევანდელ თაობას, კი, გასაქანი თითქმის არ აქვს _ არ არის აპარატურა, კინოთეატრები ცოტაა, ტელევიზიაში საშინელ ფილმებს უშვებენ, კინოლიტერატურა არ არსებობს… ლექტორები ახალს ვერაფერს ასწავლიან, არავინ ჩამოდის ლექციების წასაკითხად, არ ხდება ინფორმაციის გაცვლა, ჯერ კიდევ დახურული სივრცეა… ახალი თაობა ვერ ვითარდება, მხოლოდ თვითონ შეუძლიათ თავიანთ თავზე იმუშაონ, ინტერნეტში ეძებონ… იღებენ და აკოწიწებენ კინოს, ახლა იწყებენ…
არადა, თვითგანათლება, მიუხედავად მონდომებისა, ყველას ხომ არ შეუძლია, მაგალითად, მე, უცხო ენას ლექსიკონებით ვერ ვისწავლი, მასწავლებელი მჭირდება.

_ რის მიხედვით აარჩიეთ სცენარები?

_ ამ ხუთ პროექტს რომ ვიწყებდით, სცენარების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო _ არ უნდა ყოფილიყო სპეცეფექტები და სხვა სირთულეები, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდება. უნდა ყოფილიყო უბრალოდ, კარგი ისტორიები. ფილმი დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება გააკეთო. კინოკლასიკის არც ისე მცირე ნაწილი საკმაოდ დაბალბიუჯეტიანია და იქ არის მხოლოდ კინოს სიყვარული. დიდი თანხების დახარჯვას ცოდნაც უნდა, იმდენი პროფესიონალიზმი უნდა გქონდეს, რომ სწორად დახარჯო და დახარჯული თანხით სწორი შედეგი მიიღო. თავიდან პირიქით დავიწყეთ _ ჯერ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვიღებდით… მერე გადავიღეთ `მედიატორი~ _ ყველაზე ძვირადღირებული კინოპროექტი ამ ბოლო წლების განმავლობაში რაც გაკეთებულა. ორი მილიონი ევრო ძალიან, ძალიან დიდი თანხაა საქართველოსთვის და აღმოვაჩინეთ, რომ ეს გათვლა არასწორი იყო. მივხვდით, რომ მთავარია, გქონდეს კარგი სცენარი, ყველაფერი ამით იწყება.
ახლა რაც გვაქვს, ყველა ძალიან მომწონს და ეს მახარებს. დიდ დროს, დიდ გულს და დიდ ფინანსებს ვდებთ ამაში. პრემიერები ოქტომბრიდან დაიწყება. ერთი წლის განმავლობაში იგეგმება ყველა პრემიერის ჩატარება.

_ ”სანგუკომ” უკვე საკმაოდ ბევრი ფილმი გადაიღო.

_ მინდა ჩემი სტუდიის საშუალებით ხალხს, ვისაც უყვარს კინო და მისი გადაღება უნდა, მივცე ამის საშუალება, მინდა, ეს არ იყოს ვიღაცის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და აბსოლუტურად თავისუფალი ზონა შევქმნა.
_ ორი ფილმისთვის უკვე ჩაატარეთ შერჩევა. რას იტყოდით მათზე, ვისთანაც ახლა მუშაობთ?
_ საოცრად მონდომებულები არიან, ცდილობენ, მაქსიმალურად დაკავებული იყვნენ კინოთი. ეს პროექტები რომ დავიწყეთ, უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა, გვთხოვდნენ, ანაზღაურების გარეშე, ინტერნებად მაინც მოსულიყვნენ ჩვენთან. ხუთი წლის წინ, როცა მსგავსი რამ გამოვაცხადეთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა. მოთხოვნილება გაჩნდა და ახალი თაობის ბევრი ნიჭიერი ახალი სახე მუშაობს ამ პროექტებზე.

_ ვინ არიან რეჟისორები?

_ მთლიანი ბიუჯეტი ხუთ ფილმზე გადანაწილდა. მათ გადაიღებენ რეჟისორები თაკო შავგულიძე, ნიკა მაჩაიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, დავით უჯმაჯურიძე და გიორგი ლიფონავა.

_ რა არის ამ ხუთი ფილმის შინაარსი?

_ ყველა სხვადასხვა თემაზეა. ერთ ფილმი _ “დაბადებულები საქართველოში” _ არის ოთხი მეგობრის ისტორია 2008 წლის ომის შემდეგ, რომელიც დღევანდელ საქართველოში ვითარდება. ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც ახალგაზრდებზეა და შეულამაზებლად გადმოსცემს ყველაფერს.
მეორე _ რეჟისორ დათო უჯმაჯურიძის “ველური დღეების ქრონიკა” _ “ცისფერი მთების” რი-მეიკია. არ ვიცი რა გამოვა, თუმცა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. გაუგებარი, ბიუროკატიული სიტუაციები, ქაოსი თანამედროვე რეალობაში, ყოფილი ჟურნალის _ “ანაბეჭდის” რედაქციაში ვითარდება. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ორმოცი წლის შემდეგაც კი, ეს ყოფა დიდად არ შეცვლილა.
ირაკლი ჩხიკვაძე სასიყვარულო კომედიას იღებს, ნაწილობრივ მიუზიკლს _ “გული +”. ის ერთ-ერთ სააგენტოზე გვიამბობს, რომელშიც მიდიან ადამიანები, ვინც ცალმხრივადაა შეყვარებული და სააგენტო უგეგმავს როგორ შეაყვაროს თავი. ძალიან გასართობი გამოვა, ასე მგონია.
მეოთხე ფილმი არის “ნონო”, გიორგი ლიფონავას რეჟისორობით. მისი სცენარი მე და ჩემმა მეგობარმა ამერიკაში ყოფნისას დავწერეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაცნობა კომერციული კუთხით, ერთგვარი სავიზიტო ბარათი. რომანტიკული ისტორიაა, რომელშიც გმირები მთელ საქართველოს მოივლიან და ქართველ გოგონა ამერიკელ ბიჭს აცნობს თავის ქვეყანას.

_ ნაცნობ მსახიობებს ვნახავთ?

_ ცნობილი სახეებიდან თამაშობენ გიორგი გიორგანაშვილი – ბახალა, ვანიკო თარხნიშვილი, თამარ სხირტლაძე, თორნიკე ბზიავა, რუსკა მაყაშვილი, მეც… ახალი სახეებიც აღმოვაჩინეთ. ნიკა მაჩაიძე იღებს მეხუთე ფილმს _ ”თამაში”, რომელსაც ”ქართულ ავატარს” ვეძახი, იმიტომ, რომ მთლიანად მწვანე ფონზე მიდის გადაღებები. ნოვატორულია. მოგვითხრობს კომპიუტერულ თამაშზე, სამყაროზე, რომელსაც ადამიანი თვითონ ქმნის. ამ თამაშში ატყობს, რომ რაღაცები მისდა უნებურად ვითარდება. ის გადაწყვეტს, შევიდეს მასში და აღმოაჩენს, რომ მის მიერ შექმნილი რეალობა არც ისე სახარბიელოა.

ნუცა კუხიანიძის რვა როლს ფილმებიდან : “არა, მეგობარო”, ”27 დაკარგული კოცნა”, ”კარგი ქურდი”, ”მატილდა”, ”მოგზაურობა ყარაბაღში – 1”, ”მოგზაურობა ყარაბაღში – 2”, ”ბინძური საქმე” და ”მედიატორი” კიდევ ერთი კინოსახე შეემატა ბოლო ფილმში, რომელსაც ახლა თამარ შავგულიძე იღებს _ ”დაბადებულები საქართველოში”.

ნუცა: ეს არც ისე ბევრია… თუმცა ყველა როლმა დატოვა თავისი კვალი ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, უფრო საინტერესოა ითამაშო შენგან განსხვავებული პერსონაჟი. ამ დროს შენს თავს ერთგვარ გამოცდას, ტესტს უტარებ, შენში ახალ რაღაცებს იკვლევ, აანალიზებ და ახალ მეებს პოულობ. ყველაზე კრიტიკული ჩემი თავის მიმართ მე ვარ. ჩემთვის მთავარია, კინომ დატოვოს განცდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვიტირებ, გავბრაზდები, შემეშინდება თუ შემიყვარდება. მთავარია შემეხოს. თუ ადგები და ფილმი აღარ გახსოვს, ის არ არის კინო. ბევრი ფილმი და მსახიობი მახსენდება, რომელიც შემეხო.

_ როგორ ნაწილდება დრო – ოჯახსა და სამსახურს შორის?

_ ბოლო ხუთი წელი მთლიანად `სანგუკოს~ ეთმობოდა. მერე მივხვდი, მაინც სიცარიელეს ვგრძნობ, ცოტა გამოვიფიტე. მინდა მსახიობობას მეტი დრო დავუთმო. ვაპირებ, ამ მხრივ გავაქტიურდე. მსახიობი კი სულ უნდა მუშაობდეს თავის თავზე. საერთოდ, თუ რაღაცას ვაკეთებ, ბოლომდე უნდა გავითავისო. ორი შვილი მყავს _ სამი წლის კატო და ”სანგუკო”. რომელსაც უფრო ვჭირდები, მას ვუთმობ მეტ ყურადღებას.

თამარ თუთისანი