Archive

Posts Tagged ‘fashion week’

ახალი სეზონი, ახალი ტენდენციები

October 20, 2010 Leave a comment

ახალ სეზონზე ახალი თავსატეხი, თავისმოწონების ერთგვარი ჟესტი, თუ ქალური გამოწვევა, – რა ჩავიცვა, რა არის მოდაში? ტენდენციები სწრაფად იცვლება, ტერმინი ”მოდა” კი ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის მომხიბვლელობასა და თანამედროვე სტილთან ასოცირდება. როგორია 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია საქართველოში, ამის გასარკვევად ატელიე 10ა-ს მივმართეთ. დიზაინერებმა თეონა თავართქილაძემ და იკა ბობოხიძემ ახალი სეზონი  გასულ მოდის კვირეულზე წარადგინეს და ახლა უკვე ახალი fashion week-თვის ემზადებიან.

თეონა: fashion week-თვის მზადება უკვე დავიწყეთ, შევარჩიეთ ფერები, ქსოვილები და ფაქტურები, თუმცა ჯერ შეკერილი ნიმუშები არ გვაქვს. ამჟამად კონცეფციაზე ვმუშაობთ, საერთოდ მეტ დროს ფიქრს ვანდომებთ, საქმე კი ერთი ამოსუნთქვით კეთდება ხოლმე. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ კოლექცია იქნება ძალიან ჭრელი, თუმცა სიჭრელე თვალში საცემი არ არის, მკვეთრი ფერი, რომელიც მთელ ჩვენს ჩვენებას ხაზად გაჰყვება, იქნება ერთი.

გასულ ჩვენებაზე თქვენი მოდელები ავანგარდული ვარცხნილობით გამოირჩეოდნენ, (მაღლა აწეული და აჩეჩილი თმა) ახლა როგორ სტილს მიანიჭებთ უპირატესობას?

იკა: ამ შეკითხვას სულ ბოლო ეტაპზე ვუსვამთ ხოლმე საკუთარ თავს.. თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი აქსესუარები, – ეს ის დეტალებია, რითაც სეზონის ხაზს ვკრავთ ხოლმე. ყოველთვის სპონტანურად ვმუშაობთ, არასდროს ვიცით წინასწარ, თუ რა და როგორ გამოვა, ამიტომაც არის, რომ როგორც წესი კოლექციას სახელს არ ვარქმევთ. თბილისში ჩვენებას განსაკუთრებულად უდგებიან, თბილისელებს მხოლოდ დეფილეს ყურება არ აკმაყოფილებთ, აქ სანახაობითობასაც ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ის სათქმელი, რომელსაც ტანსაცმლით გადმოვცემთ, შოუს ელემენტებითაც გავაფორმოთ.

ვინ წარადგენს თქვენს სამოსს?

თეონა: აუცილებლად მოვაწყობთ “ქასთინგს”, სადაც შევარჩევთ გოგონებს. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი, ასევე დამწყები მოდელები. შერჩევა იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ კოსტიუმს როგორი ქალი მოუხდება.იკა: წინა ჩვენებაზე შევეცადეთ და მგონი, პირველად გამოგვივიდა, რომ დეფილე შედგა და მერე არავინ საუბრობდა გოგონებზე. ანუ, მოდელები, უხეშად რომ ვთქვათ, ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას იმდენად კარგად ასრულებდნენ, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება კოსტიუმებზე გადავიდა.

ქართული მოდის კვირეულის ირგვლივ გაჩენილი დადებითი ემოციები დღემდე მოგვყვება. მაინტერესებს, თქვენთვის რა შედეგი გამოიღო fashion week-მა?

თეონა: პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საზრუნავი მოგვაკლდა. როცა ჩვენით ვაკეთებდით ჩვენებას, გარდა ტანსაცმლისა, გვიწევდა ფიქრი, თუ სად ჩაგვეტარებინა, როგორ მოგვეწყო, ვზრუნავდით აპარატურაზე, განათებაზე. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. გარდა ამისა, თბილისი მსოფლიო მოდის რიტმს აყვა, თუდაც ის, რომ სექტემბერში მზად გვაქვს მთელი ზამთრის კოლექცია, ნოემბერში კი უკვე ზაფხულისას წარვადგენთ., ადრე არასდროს ხდებოდა.

საინტერესოა, მსოფლიო მოდის კონტექსტში როგორ გამოიყურება ქართული მოდა?

იკა: უნდა აღინოშნოს, რომ ქართულ მოდას ძალიან კრეატიულს უწოდებენ. იმის ილუზია, რომ ევროპელი აქედან ტანსაცმელს წაიღებს, არავის აქვს, თუმცა მათი შეფასება და კომენტარები აცულებლად მოახდენს გავლენას საქართველოში ამ სფეროს განვითარებაზე. ზოგადად, განვითარებადი ქვეყანა ვართ, ქართული მოდა კი ახლა იხვეწება. ჩვენთან ერთი სეზონით ადრე არავინ ყიდულობს ტანსაცმელს, ამიტომ კომერციულად არამომგებიანია, შემოდგომაზე ზაფხულის კოლექცია აჩვენო, გაზაფხულზე კი ზამთრის.. თუმცა მზად ვართ, გავყვეთ მსოფლიო მოდი პრინციპებს, რათა ჩავჯდეთ მათ სტანდარტებში. პროცესი დაწყებულია, რაც შემდგომში გაყიდვების სტიმულირებაზეც თავისთავად აისახება.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რას სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

თეონა: მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზეა საუბარი, უპირატესობას ღია ფერებს ვანიჭებთ, მინიმალური სიჭრელით გამოყენებული გვაქვს ცისფრისა და მწვანის გრადაცია, წარმოდგენილი გვაქვს კომბინირებული სამოსი. სიგრძე მუხლს ზემოთ არის, წელი თავის ადგილას. აქცენტს ტყავისა და ზამშისგან შეკერილ აქსესუარებზე ვაკეთებთ. ვერცხლის მეტალი გამოყენებულია ქამრებსა და ჩანთებზე, რომელზეც ჩვენი სახელოსნოს სახელი ამოვტვიფრეთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, გთავაზობთ მაღალქუსლიან შუზებს თასმებზე. ამ სეზონზე შემოგვაქვს ე.წ. “მეგობარი კაცის ტანსაცმელი”, მოიაზრება ქალის პალტოები, რომელიც ერთი შეხედვით მამაკაცისას ჰგავს. მეორენაირად ამას  ოთხკუთხედ სამოსს ვუწოდებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლექციას აკლია სინაზე, ან ქალურობა.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ეცვას ქართველ მანდილოსანს, გარშემომყოფების ყურადღება რომ მიიპყროს?

იკა: ინდივიდუალურად…… სირთულე და არაბუნებრიობა არ უნდა ეტყობოდეს, ტანისამოსი ტანთან ახლოს უნდა იყოს. ტენდენცია იმდენია სეზონზე, რომ ქალმა შეუძლებელია მასში თავისი ვერ იპოვოს. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ სტილს ძალიან არასდროს უნდა გადავუხვიოთ და იმაზე ფიქრს, რა ჩავიცვათ დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, ეს თავისთავად უნდა ხდებოდეს.

საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად გემოვნებიანი ხალხი ვართ ქართველები?

თეონა: გემოვნებიანები ვართ, ეს ქართველ ერს შთამომავლობით მოგვსდევს. იკა: მე ვფიქრობ, რომ თბილისში კრეატიულად აცვიათ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მასაზე და კონკრეტულად რომელიმე სოციალურ ფენაზე. იყო დრო, როცა უმრავლესობა შავბნელ ტანისამოსს ანიჭებდა უპირატესობას, დღეს ასე აღარ ხდება, ქუჩაშიც, ყოველდღიურ სამოსშიც კი თითქმის ყველა ფერადი და განსხვავებულია. თუმცა ხშირად ქართველებს გადამეტების მომენტიც გვაქვს ხოლმე, – ძალიან გრძელი აბრეშუმის კაბა და ა.შ.

ამბობენ,  ორი ქალი ერთ სამზარეულოში არ უნდა ტრიალებდესო,  ორი ქალი ერთ ატელიეში…?

თეონა: ბავშვობის მეგობრები ვართ. ალბათ იმის გამო რომ ერთად გავიზარდეთ, გემოვნებაც და შინაგანი კულტურაც ერთნაირი ჩამოგვიყალიბდა.  ამიტომ არის, რომ ერთად მუშაობა სიამოვნებას გვანიჭებს. რა თქმა უნდა, ხანდახან ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს სისწორის მიღწევაში გვეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, სახელოსნოს კი ორივე ვჭირდებით.

თინათინ სამყურაშვილი

Advertisements

ქართული მოდის სამყაროს ორი მხარე

_როგორი იქნება ამ შემოდგომაზე დაგეგმილი მოდის კვირეული და თქვენ რა როლი გაქვთ მასში?

ამ კვირეულს ატარებს კომპანია Geo Fashion, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე გახლავართ. ჩვენი პარტნიორები არიან Georgian Events, ჟურნალი ”ამარტა”, Branding.ge, ”გაბუნია და პარტნიორები” და სასტუმრო Radisson Blue Iveria. თბილისის მოდის კვირეული ჩვენ ერთად ჩავატარეთ. მას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, უცხოეთიდანაც. მოდის კვირეულები, ჩვეულებრივ, წელიწადში ორჯერ ტარდება – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველი საცდელი ორდღიანი ჩვენება შარშან, ოქტომბერში მოვაწყვეთ, შემდეგი სრული კვირეული გაზაფხულზე შედგა. ამაში ბევრი შრომა და ენთუზიაზმი ჩავდეთ.

მთავარი ის არ არის, ჩვენება გაიმართოს, აპლოდისმენტები დავუკრათ და დამთავრდეს, მთავარია, რომ მოდის სფერო განვითარდეს, გამოჩნდნენ ახალი დიზაინერები, ჟურნალები, ფოტოგრაფები, მოდელები… აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები, გაიხსნას ქართული ფაბრიკები, სადაც დიზაინერი მასაზე იმუშავებს და არა – მხოლოდ ერთჯერად ტანსაცმელზე.

ჩვენი მოდის კვირეული მრავალპროფილიანი იყო, გარდა ჩვენებებისა და შოუ-რუმებისა, ყოველდღე ეწყობოდა იმ დიზაინერების საინტერესო გამოფენები რომლებიც აქსესუარებზე – ფეხსაცმელზე, ქუდზე, სამკაულზე მუშაობენ.

პარიზში არსებობს კომპანია ”პრომო-სტილი”, რომელიც წინასწარ ადგენს მოდის ტენდენციებს და ცნობილ მოდის სახლებს აცნობს – თუ რა ფერი, ნაჭერი და სტილია მოდაში. მათ ყველა ითვალისწინებს. ამ კომპანიის ორმა პროფესორმა დიზაინერებს ძალიან საინტერესო მასტერ-კლასები წაუკითხა.
სრულიად ახალი მოვლენა იყო New Comers Day – ანუ ახალბედა დიზაინერების დღე, სადაც თორმეტი მოდელიერი მონაწილეობდა. ისინი მინი _ ხუთ-ათ ნამუშევრიანი კოლექციით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა გამარჯვებული – შაკო ნიკვა, რომელსაც შემდეგი კვირეულისთვის ჩვენი კომპანია Geo Fashion სრული კოლექციის წარდგენას დაუფინანსებს. ასეთი დღე მუდმივად შევა პროგრამაში.
კვირეულში მონაწილე უცნობი ახალგაზრდა დიზაინერები საკმაოდ პოპულარულები გახდნენ და ახალი შეკვეთებიც მიიღეს. ჩვენებების შემდეგ გავხსენით  Tbilisi Fashion Week Shop – პატარა ბუტიკი, სადაც კვირეულში მონაწილე დიზაინერების ტანსაცმელი გაიყიდა. საკუთარი სალონის ფლობის საშუალება საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დიზაინერს აქვს.
მოდელიორების არაჩვეულებრივი ნაკადი იყო და დიდი მადლობა მათ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს : თამუნა ინგოროყვა, ნინო ჩუბინიშვილი _ ჩუბიკა, რომელსაც ბევრი ადამიანი ელოდებოდა და ათი წელია მას კოლექცია არ შეუქმნია, დიდი ტალანტები – სიმონ მაჩაბელი, ჯაბა დიასამიძე, ნუნუ კაჭარავა, ატელიე ”ათია” _ იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე, დათუნა სულიკაშვილი, ბიჭოლა…

ამ ეტაპზე კმაყოფილი ვართ, პირველმა Fashion Week-მა შედეგი უკვე მოიტანა, თუმცა მე თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, შედეგით არასოდეს ვკმაყოფილდები და ეს მეხმარება იმაში, რომ განვვითარდე და უკეთესი გავაკეთო. ახლა მთელი პროფესიონალი გუნდი შემოდგომაზე დაგეგმილი ახალი კვირეულისთვის ვემზადებით _ 2011 გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები, თვე ზუსტად არ ვიცით, საპატიო სტუმრებზე ვართ დამოკიდებული.

_როგორ გაშუქდა კვირეული?

საპატიო სტუმრებს შორის წინა კვირეულზე იყო მნიშვნელოვანი პარიზული კომპანიის ”ლე კლერ”-ის ბაიერი, ჩვენებები გააშუქეს სერიოზულმა ჟურნალებმა, მათ შორის – Book Moda, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, `შანელით~ დაწყებული, ყველა მნიშვნელოვანი ჩვენება შუქდება, რაც ძალიან საამაყოა, სექტემბერში იტალიური ”Vogue”-ს ფურცლებზეც ვიქნებით, სექტემბრის ”ამარტა” ამ კვირეულის თითოეულ დეტალს წარმოგვიდგენს, ხოლო წინა წლის ჩვენება შვეიცარულ, პოპულარულ ჟურნალში ”ედელვაისში” მოხვდა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხური მედიის წარმომადგენლებთან, სტუმრებთან, მეზობელ ქვეყნებთან. ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი არ კეთდება. ასე რომ, მუდმივი მუშაობის პროცესში ვართ.

_ სამი წელია სამოდელო სააგენტო Geomodels დააარსეთ. გვიამბეთ პირველი ნაბიჯების შესახებ.

_ მოდელები ხშირად რჩებიან ამავე სფეროში და აარსებენ სამოდელო სააგენტოს. მე ამაზე არასოდეს მიფიქრია. შვეიცარიაში ცხოვრების მერე, საქართველოში რომ დავბრუნდი, უკვე ბევრი კონტაქტი და საკმაო გამოცდილება მქონდა ამ მხრივ დაგროვებული. მეგობრებმა მირჩიეს _ არ გინდა, სააგენტო დააარსო და ქართველ მოდელებს უცხოეთში მოხვედრაში ხელი შეუწყოო? ძალიან აქტიურობდა ჩემი მეგობარი _ დიზანერი თამუნა ინგოროყვა. ბოლოს მეც დავფიქრდი და _ რატომაც არა-მეთქი. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და ვფიქრობ, გაამართლა. კარგი სახელი გვაქვს სააგენტოებს შორის, მოდელებიც აქტიურად მუშაობენ ქართულ და უცხოურ ბაზარზე. მე ყოველთვის ვუფრთხილდები სახელს და ხარისხს. მსურველი ბევრია, მაგრამ Geomodels-ში ყველა ვერ მოხვდება. მე ჩემი ხედვა მაქვს – ლამაზი გოგონა ბევრია, თუმცა მოდელი ყველა ვერ გახდება.

აქვე გვაქვს სამოდელო სტუდია, სადაც სხვადასხვა საგნები ისწავლება და კარი ყველა გოგონასთვის ღიაა, არის მოდელი თუ არა. ყველამ უნდა იცოდეს თავის მოვლა, ლამაზი სიარული, მაკიაჟის გაკეთება. აქ ვარჯიშობენ, ისწავლება პოდიუმზე სიარული, პოზირება, ფოტოკამერასთან მუშაობა, მაკიაჟის ხელოვნება, ფსიქოლოგია, მოდის ტენდენციები, მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა, გოგონების სურვილის მიხედვით ვიწვევთ სხვადასხვა ადამიანებს და ვატარებთ მასტერ-კლასებს.
გვყავს უკვე მოქმედი მოდელები, ეგრეთ წოდებული _ ფეისები, ცნობილი სახეები და New Face-ები – ახალი სახეები, რომელთა ძიებაშიც მუდმივად ვართ.

_ რითი განსხვავდება ქართული სამოდელო ბაზარი უცხოურისგან

_ ბევრი რამით. ქართველებს აღნაგობაც უფრო აზიური გვაქვს… რამდენიმე მოდელი, რომლებიც უცხოეთში მუშაობდნენ, სრულიად შეცვლილები ჩამოვიდნენ _ იქ შენ იგებ რა არის ნამდვილი მოდელობა. შენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მე ეს ყველაფერი გავლილი მაქვს და ამის წარმატებით გასავლელად ბევრი შრომა დამჭირდა. თუ არ იგრძენი ნამდვილი, ჯანსაღი კონკურენცია, შენს თავზე მუდმივად თუ არ იმუშავე, მარტო სილამაზე ვერ დაგეხმარება. ბევრი რამ გესაჭიროება _ ინტელექტი, უცხო ენების ცოდნა, შრომისმოყვარეობა, მუდმივად ფორმაში ყოფნა, რაც მხოლოდ სიგამხდრეს არ მოიაზრებს. ამ მხრივ ქართველები ხშირად ზარმაცობენ. მოდელი კი სულ უნდა ვარჯიშობდეს რომ კარგ ფორმაში იყოს და აუცილებლად უნდა იცოდეს კარგი სიარული. ამას არა მხოლოდ სწავლა, შინაგანი რიტმის გრძნობაც სჭირდება. სიარულში ”მოვიკოჭლებთ” ხოლმე. თუმცა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა იხვეწება.

ამ კვირეულზე მოდელებს ნამდვილი გადარბენა ჰქონდათ _ ე.წ. ”პრიმერკები”, კასტინგები, რეპეტიციები, მერე ჩვენება, გადაღება, ისევ ჩვენება… როცა ამით იღლები, მაშინ ხვდები, რა არის ნამდვილი სამუშაო და უფრო აფასებ. მაშინ მითხრეს გოგონებმა _ ”თაკო, ახლა ვნახეთ მართლა რა ყოფილაო…

_ უცხოელები თუ ინტერესდებიან ქართველი მოდელებით?

_ რთული თემაა. მე ბევრ სააგენტოსთან მაქვს ურთიერთობა, ცნობილი IMG -ს წარმომადგენლები მყავდა ჩამოყვანილი და ჩავატარეთ კასტინგი, მუდმივად ვუგზავნი ფოტოებს სხვადასხვა სააგენტოებს. სამწუხაროდ, უცხოეთში მოხვედრა საკმაოდ ძნელია. ბევრი მოდელი არ არის მათთვის სასურველი გარეგნობისა და პარამეტრების.

_ გეტყობათ, რომ მოდის სამყარო ძალიან გიყვართ.

_ დიახ, ასეა. ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. ეს ის არის, საიდანაც მოვდივარ და სადაც გავიზარდე, საიდანაც გამიცნო ხალხმა. თხუთმეტი წელია ამ სფეროში ვარ და მინდა ისევ აქ ვიტრიალო, მეტი გავაკეთო საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, თბილისი ყოველთვის იყო ცნობილი ჩაცმის კულტურით. ჩვენებებზე ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა, რომლებსაც არაერთი fashion week უნახავთ და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც გაიგეს, რომ ეს პირველად ჩატარდა _ ასეთი დონის და ასეთი ორგანიზებული. თავი პარიზში გვეგონაო. მოეწონათ ჩვენი საზოგადოების ჩაცმულობაც და თქვეს, რომ ეს აღმოჩენაა ჩვენთვისო. თურმე, ეს ქვეყანა ამითაც ყოფილა გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, არაერთ ქვეყანას და მასმედიის წარმომადგენლებს გავაკვირვებთ ჩვენი დიზაინერებით, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოში ცნობილ მოდელიერებს. ჩვენი სურვილია, ქართველი დიზაინერები უფრო და უფრო მეტად გავიდნენ საზღვრებს გარეთ, ევროპულ ბაზარზე, ვცდილობთ მათ ხელი შეუწყოთ.

_ თქვენ უკვე ორი შვილის დედა ხართ, როგორია ეს შეგრძნება?

_ ამ ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის შვილები _ ადამიანი ამაზე ძვირფასს და ღირებულს ვერაფერს შექმნი. სერგი ათი წლისაა, ალექსანდრე _ ცხრა თვის. მან ძველ დროში დამაბრუნა და თავიდან მომიწია ყველაფრის აღდგენა და გახსენება. სერგი უკვე დიდი ბიჭია და უფროსი ძმის როლი კარგად მოირგო. პასუხისმგებლობა პირველივე შვილზე ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ ვიყავი. მეორე შვილზე მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ძალიან საყვარელია პატარა… ძალიან კეთილია, თბილი და მომღიმარი, ყველას ეკონტაქტება. სერგი განსაკუთრებით უყვარს. შვილებთან ყოფნა ჩემთვის საუკეთესო დროა.

_ გენატრებათ შვეიცარიაში ცხოვრება?

_ ეს პერიოდი ჩემთვის ლამაზი ზღაპარი იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. თუმცა, ახლის დაწყების არასოდეს მეშინია. ამ ეტაპზე ჩემი მეუღლე საქართველოს ელჩია ესტონეთში და ნახევრად იქ გვიწევს ყოფნა, ტალინსა და თბილისს შორის ვარ. ერთ ადგილას არასოდეს ვჩერდები, სულ მიწევს მოგზაურობა და ამასთან ერთად მეც ვიზრდები, ვსწავლობ…

_ როგორ მოვიდა თქვენთან სიყვარული?

_ ჩემი სიყვარული ძალიან ადრე, თავისით მოვიდა. ჩემს მეუღლეს თხუთმეტი წლიდან ვიცნობ, ჩვიდმეტი წლისამ შევქმენი ოჯახი. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. ბევრი კარგი და ლამაზი გოგონა ვიცი, რომელთაც არ გაუმართლათ. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, შენ როგორი ხარ. ყველაფრი ღვთის ნებაა. ჩემი მეუღლე სხვანაირი ადამიანია და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. პირველ რიგში, დიდი მეგობრები ვართ. ამასთან,  ჩემი პროფესიის დიდი გულშემატკივარია. ერთმანეთის პროფესიებს პატივს ვცემთ და ხშირად მივდივართ დათმობებზეც. ეს ყველაფერი გევხმარება რომ კარგი ოჯახი გვქონდეს.

თამარ თუთისანი